18 აგვისტოს დილის 6 საათზე შევიკრიბეთ დედაენის ბაღში, ჩავლაგდით და ღიღინ-ღიღინით ჩავედით სოფელ ოქროყანამდე, საიდანაც იწყებოდა ჩვენი დაუვიწყარი თავგადასავალი.

ნელი ნაბიჯით მივუყვებით აღმართს, ნელ - ნელა ვუახლოვდებით ცას, ვგრძნობთ სწრაფ გულისცემას, სწრაფად იზრდებიან უკნიდან ჩამომდგარი უუუზარმაზარი მთები, ერთმანეთში ირევა ფერები, მზე გვეთამაშება, მაგრამ არ გვიმეტებს დასაწვავად და ღრუბელს გვაფარებს თავზე.

თრუსოსო ხეობის შესასვლელი

თითქმის ნახევარი გავიარეთ, კიდევ რამდენიმე მოსახვევი დაგვრჩა ბილიკის დაწყებამდე. სადღაც შორიდან ისმის ფეხის ხმა, რამდენიმე მეტრით რომ მივუახლოვდით ასახვევს, შეგვხვდა მწყემსი, რომელიც მოდიოდა ხორისარის პლატოდან წყლის და თოფის ასატანად. რომ ვკითხეთ, რაში ჭირდებოდა იარაღი, გვიპასუხა: დათვმა წუხელ 2 ცხვარი გამიფუჭა, ამაღამ ცხვარში უნდა დავწვე და მოვკლაო.. დაგვპირდა, წყალს ამოგიტანთო. ძალიან მაგარი სიცხეების გამო წყარო დამშრალიაო. მწყემსის ნაამბობმა ექვსივეს თვალები შუბლზე აგვიკრა, ყველა მივხვდით, რომ წინ უდიდესი ექსტრემალური თავგადასავალი გველოდებოდა. უკან დახევაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იყო.

შეხვედრა მწყემსთან

მწყემსთან შეხვედრის შემდეგ თითქოს ყველა თავის ფიქრებში წავიდა.. რაღაც მომენტში, გავიფიქრთ, რა მინდოდა, სად მოვდიოდიო. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა სულ რამდენიმე წამით, მაგრამ როგორც კი გზიდან გადავუხვიეთ და ბილიკი დაიწყო, აი, მაშინ გაცოცხლდა ყველა კუნთი, ყველა უჯრედი, ყველა ნერვი და ღრმად ჩავისუნთქე, რომ ფილტვები კარგად გაშლილიყო, გულს და ტვინს კარგად მიეღო ჟანგბადი, რომ ემოციებისთვის გამეძლო.

პირველი ბილიკი 

ავდივართ ზემოთ, სულ ზემოთ, მხოლოდ ცა ჩანს, უღელტეხილის ბოლო კი არა.. გგონია მიაღწიე სიმაღლეს, მაგრამ არა, ისევ იგივეს ხედავ, რასაც ნახევარი საათის წინ. მთა დაუსრულებლად მაღალია.. რაც უფრო ზევით ვარ, მით უფრო მიჩნდება ჟინი ბოლოში გავიდე, ვნახო რა არის ამის უკან, რატომ არის ასეთი უკარება და რატომ გვირთულებს ყველა ნაბიჯს.

წასვლამდე გზის სირთულეზე ბევრი მსმენოდა, ყველა მაფრთხილებდა, რომ თუ კარგად არ ვარ ფიზიკურად მომზადებული, მძიმე ზურგჩანთით ამას ვერ შევძლებდი. ეს, რა თქმა უნდა, მოტივაცია იყო იმისა, რომ სულ მცირე საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა - მე ეს შემიძლია, მე ეს უნდა მოვინდომო და აუცილებლად გამომივა! ბევრი შეგონება არც დამჭირვებია, ისედაც მოტივაცია იმხელა იყო, მეგონა ამ ყველაფერს ფეხებით და მძიმე ზურგჩანთით კიარა, ხელებით გავივლიდი, თან ეს გზა, ეს უღელტეხილი, რომელიც ასე რთულად მიშვებს თავისთან ახლოს, მეტ სტიმულს მაძლევს და უფრო მიძლიერებს ზემოთ ასვლის სურვილს.

როგორც იქნა, დასრულდა და ავედით ცის კიდეზე. აი, მაშინ ვიგრძენი პირველად სად იწყება ჩემს ორგანიზმში საყლაპავი მილი და სად მთავრდება. რამდენიმე წამის შემდეგ მივხვდი, რომ პირი მაქვს ღია და თვალები გაფართოვებული. კიდევ უფრო მეტად მომაწვა შუბლთან სისხლი და ასმაგი ენერგია მომეცა, ვიცოდი, რომ ,,ჯერ სად ვარ”.

ხორისარი
ხორისარი

ცოტა შესვენების შემდეგ ისევ გავაგრძელეთ გზა.. გადავიარეთ ათასწლეული ვუკლანური ვეებერთელა ქვები, აღმართები, დაღმართები და მივადექით ულამაზეს ხორისარის ვულკანურ პლატოს.

წარმოიდგინეთ, უზარმაზარი მთები.. მთების ძირში გაშლილი მინდორი მოლივლივე მწვანე ბალახით, იდეალურად სწორი და საოცრად მშვიდი. როცა ხედავ თავზე დაგცქერის ამხელა მწვერვალი, ბატონი ხორისარი, რომელიც ხანდახან იბღვირება და ღრუბელს გადაიცვამს თავზე, ხვდები, რომ ბუნება ერთადერთია, რაც აუცილებლად ჭკუიდან გადაგიყვანს თავის საოცრებებით, ბუნება ერთადერთია, სადაც გრძნობ შენი ყველა უჯრედის სიახლოვეს მასთან და ხვდები, რა ძალიან უხილავი და პატარა ხარ მისი სიდიადის ფონზე. ყველა ნერვს, ყველა ძარღვს და კაპილარს, ყველა იმ ატომს გრძნობ, რითაც შენი სხეული შედგება. ნესტოებს ფართოდ შლი, რომ უფრო მეტად შეისუნთქო მისი საოცარი სურნელი, არ მოძრაობ იმიტომ, რომ მის ხმას უსმინო, თვალებს არ ახამხამებ, რომ რამე არ გამოგრჩეს და ასე დამუნჯებული დგახარ მის წინაშე. ვეღარც დაღლას გრძნობ, ვეღარც ჩანთის სიმძიმეს, ვერც შიმშილს და ვერც წყურვილს, ფეხაკრეფით დადიხარ, შემთხვევით რომ არ დაარღვიო ირგვლივ გამეფებული სიმშვიდე.

სამოთხე


როგორღაც გამოვფხიზლდი და დავაღწიე თავი დროებით ამ ემოციას. კარავი უნდა გაგვეშალა სანამ იწვიმებდა, უნდა გვეჭამა და გამოგვეძინა, წინ დიდი გზა გვქონდა. ჩვენს წინ კარგად მოშორებით ცხვრის ფარა იყო, აქეთ - იქეთ დადიოდნენ მსუქნები. ეს ფარა იმ მწყემსის იყო, რომელიც გზაზე შეგვხვდა და რომელსაც ველოდებოდით, თუმცა არ ვიცოდით, რომ იყვნენ ძაღლები, ძალიან ავი და ძალიან დიდები. გავშალეთ კარვები, ცოტა წავიხმესეთ, ერთმანეთს ემოციები გავუზიარეთ და ამ დროს წვიმაც წამოვიდა. შევედით კარვებში. კოკისპირულად წვიმდა რამდენიმე წუთი, გვეგონა არასოდეს გადაიღებდა, მაგრამ ბუნება რის ბუნებაა კიდევ არ გაგაოცოს - მომენტალურად ყველაფერი შეწყდა და თაკარა მზე გამოვიდა. როგორც კი დავაპირეთ კარვებიდან გამოსვლა და მზეზე მიფიცხება, ვხედავთ, ჩვენკენ მოდის ხუთი უარმაზარი მეცხვარე გააფთრებული, ყეფით და სირბილით. მოვასწარით ისევ კარვებში დაბრუნება, გარეთ დარჩენა აუცილებლად ძალიან ცუდად დამთავრდებოდა. ალყა შემოგვარტყეს. ჩვენ კარვიდან კარავში ველაპარაკებოდით ერთმანეთს, ისინი ჩვენ ხმაზე უფრო ღიზიანდებოდნენ და უარესად გვიტევდნენ. სხვა გზა არ იყო, გარეთ ვერ გავიდოდით, სანამ მწყესი არ დაბრუნდებოდა, მაგრამ როდის, აი, ეგ უკვე კაცმა არ იცოდა. ეს იყო შიშის პირველი შეგრძნება, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ გვქონდა და ყველა მაინც დათვს ველოდებოდით..

ფარის მცხელები
რა გინდა, რომ ქნა :დ

ვწუწუნებთ და გული გვწყდება, რომ მზე არ შეგვარგეს ძაღლებმა და ერთმანეთს ვამხნევებთ კარვებიდან გადაძახილით. გავიდა დრო.. მყემსის მოსვლის იმედი სრულიად გადაგვეწურა და შევეგუეთ დილამდე კარავში ყოფნას. ცოტა ხანში გავიგეთ სტვენა, აშკარა იყო, რომ ადამიანი უსტვენდა და იმედი გაგვიჩნდა, იქნებ მწყემსი თუ არა, ვინმე იყოს და ძაღლებმა იქეთ გადაიტანონ ყურადღებაო. მწყემსი დაბრუნდა. ერთხმად ტაში შემოვკარით, ყიჟინა დავეცით, თუ როგორც არის. მოკლედ, ჩვენზე ბედნიერი იმ მომენტში არავინ იყო. ძაღლები ერთიანად დაიძრნენ და პატრონისკენ გაიქცნენ, ჩვენც გამოვედით კარვებიდან. პატარა ბავშვებივით გვიხაროდა, ჰაერს ღრმად ვისუნთქავდით, ერთმანეთს ვულოცავდით.

მწყემსი მოგვიახლოვდა და დაპირებული წყალიც მოგვიტანა. მოგვიყვა მთის ცხოვრების ამბებს. მე არ მგონია და, ალბათ, დამეთანხმებით იმაში, რომ სამყაროში ყველაზე გულწრფელი ადამიანები მწყემსები არიან. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ცხოვრება მთაში, ველურ პირობებში, უყურებენ მხოლოდ ცხვარს და ყოველ დაღამებას ნადირთან გამკლავების დიდი ალბათობა მოაქვს, ისინი მაინც ყველაზე ადამიანურები და ყველაზე თბილები არიან. მათ უამრავი დრო აქვთ, იფიქრონ. ისინი შორს არიან ღალატის, პირფერობის და ყველანაირი სიყალბისგან. ბუნებასთან შესისხლხორცებულან და მთის კანონით ცხოვრობენ.

მწყემსი

მოკლე დროში ყველაფერი გვიამბო. ყავა, ჩაი და საჭმელი შემოგვთავაზა, უდიდესი ყურადღება გამოიჩინა, თან გვამხნევებდა, ყოჩაღები ხართ, დილით ადრე დაიძარით და ყველაფერი გაგიმარტივდებათ, არ შეუშინდეთო. თუ რამე დაგჭირდეთ, აქვე ვარ და თქვენ გვერდით მიგულეთო. ჩვენც რაც შეგვეძლო ყველაფერი ვუწილადეთ, თუმცა ეს არ იყო საკმარისი იმ დიდი სულგრძელობისა, რაც მისგან ვიგრძენით.

მწყემსი წავიდა ფარასთან, ცხვრები ყიჟინით მიეგებნენ, მეე, მეეს ძახილით, დიდი ხნის წასული მშობელი რომ დაბრუნდება სახლში და უხარიათ ბავშვებს, ზუსტად ასეთი სცენა იყო. ჩვენ ნელ-ნელა გამოვედით შთაბეჭდილებებიდან. შეგვცივდა, შევძვერით კარავში თბილი თანსაცმლის ასაღებად. გამოსულებს უკან დაგვხვდა გრანდიოზული დაისი.

დაისი


გავიქეცით გიჟებივით, მილიონი ფოტო გადავიღეთ ნისლებთან, გვიხაროდა, გვიყვარდა, ბედნიერები ვიყავით. ამასობაში დაღამდა, დავუბრუნდით კარვებს, ყველას დათვის შიში გვაქვს, მაგრამ ერთმანეთს არ ვუმხელთ. პრინციპში, არც საკუთარ თავს ვუტყდებით, თუმცა ზუსტად ვიცით ერთმანეთის ფიქრები.

დაღლილებს მალევე ჩაგვეძინა. წინ დიდი გზა გვქონდა გასავლელი და დასვენება აუცილებლად გვჭირდებოდა ძალების აღსადგენად, მაგრამ მაინც ყველა დათვს ველოდებოდით და მწყემსს ვგულშემატკივრობდით, რომელიც ცხვრის ფარაში დაძინებას აპირებდა.

შუაღამეა.. ყველა გაფაჩუნებაზე ყურები მაქვს დაცქვეტილი, ვატყობ შუბლში როგორ ამოდის სისხლი და საკუთარი გულისცემა ძალიან დიდ ვიბრაციას მაძლევს, საძილე ბოლომდე მაქვს წამოფარებული, რომ როგორმე შევძლო ხმაურის ჩახშობა. თან თავს ვიმშვიდებ, თუ რამეა, მარტო არ ვარ და ვინმეს გავაღვიძებ, ან რაღა ჩემ კარავთან მოვა და ათასი სისულელე..

როგორც იქნა ჩამეძინა... უცებ ძაღლები აყეფდნენ, ფარა ახმაურდა, აშკარად ჩოჩქოლია,ყველა გასროლის ხმას ველოდებით, დანამდვილებით ვიცით, რომ დათვი ისევ ესტუმრა მწყემსს. ვგრძნობ, რომ მთელ სხეულში ყველა უჯრედი მიდუღს, გული ლამისაა გადმოვარდეს, სახეზე სიმხურვალეს ვგრძნობ, პირი სულ მშრალი მაქვს და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, რომ რამე ვთქვა, ან საერთოდ, ხმა ამოვიღო.

როგორ ერთბაშადაც ატყდა ხმაური, ისე მომენტალურად სრულიად მიწყნარდა.. ხმა აღარ ისმოდა, თითქოს ყველა ერთად მიწამ შთანთქა. ჩემი სუნთქვა მწვავს, გული ისე მიცემს, ძვალი მტკივა. სიმხურვალეს ისევ ვგრძნობ სახეზე და მთელ სხეულზე. ნელ - ნელა დავწყნარდი, ემოციებმა დამღალა, გულიც დამეღალა, ძილი მომინდა. მიუხედავად ამ საშინელი მომენტისა, საერთოდ არ მიფიქრია, რომ მორჩა და ეს ჩემთვის ბოლო ღამეა, ან რომ შეიძლებოდა რაღაც ცუდად დამთავრებულიყო. პირიქით, მინდოდა მალე გათენებულიყო, წინ ყელიწადის ტბა მელოდებოდა.

ჩაძინებულს მზის სითბო მაღვიძებს, საოცარი დილა გათენდა, თბილი და ნათელი, თითქოს წუხელ არაფერი მომხდარა, თითქოს არც არასდროს არაფერი მომხდარა. ალბათ, ასეა მთაში - დღე ძალიან ბედნიერი, ღამე - ძალიან საშიში. ოღონდ, ეს ყველაფერი ისე კონტრასტულად ცვლის ერთმანეთს, რომ დღისით ვერ წარმოიდგენ უკუნეთი ღამის სივერაგეს და ღამით ვერც იფიქრებ, მზე თუ ასე გაგინელებს შიშისგან ადუღებულ სისხლს.

კარვიდან გამოვედით, ჰაერი კარგად ჩავისუნთქეთ, ერთმანეთს ახალი დღის დაწყება მივულოცეთ. დილის მადლი ჩემთვის ყოველთვის ყავასთან ასოცირდება, ჰოდა მთაში ყავას სულ სხვა გემო აქვს. სრული ნეტარებისთვის ყავას დაემატა ხევის დედოფლის, ქალბატონი მყინვარწვერის სრულიად სხვა ხედი. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ოდნავ შემოხვეული ღრუბლებით გვედგა თავზე და მშვიდობიანი დილა გვისურვა.

ხევის დედოფალი
ხევის დედოფალი

ვისაუზმეთ, ავშალეთ კარვები, მოვწესრიგდით. გავუდექით გზას... გზას, რომელსაც მივყავდით ყელიწადის ტბისკენ. ვულკან ხორისარს მარცხნიდან შემოვუარეთ. გავიარეთ ფერდობი. ნელ-ნელა სიმაღლეზე ასვლას ვიწყებდით.
როგორც კი პლატოდამთავრდა, ეგრევე დაიწყო უამრავი, უზარმაზარი, ერთმანეთში მჭიდროდ ჩასმული ქვების აღმართი. ეს ვულკანური ქვები იყო, რომლებიც რამდენიმე ათეული მილიონი წლის წინ წარმოიქმნა და მას შემდეგ აქ არიან ერთმანეთზე ჩახუტებულები.

ავტორი

რელიეფი იმაზე რთული აღმოცნდა, ვიდრე ვფიქრობდით. მძიმე ჩანთით ლოდებზე ხტომა არ იყო მარტივი, წონასწორობას კარგად ვერ ვინარჩუნებდით.

ავიარეთ 1 აღმართი. გვგონია დამთავრდა და ახლა დაშვებას დავიწყებთ, მაგრამ არა, ბოლოში ასულს კიდევ ორი უზარმაზარი ქვის ლოდების აღმართი გველოდებოდა. ვატყობ, რომ ძალა მეცლება და ჩანთა წონასწორობას მაკარგვინებს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ეს უნდა გავიარო. გადავედით როგორც იქნა. ახლა ჩვენს წინ დგას ნაცრისფერი ნაშალი ქვის კლდე. სანახავად ძალიან საზარელი იყო. რომ გავიფიქრე, ამაზე გადასვლა მოგვიწევდა, გული შემეკუმშა. გზა მარჯვნივ მიდიოდა, ისევ ლოდებით სავსე და უსასრულოდ გრძელდებოდა.. გამიხარდა სალ კლდეს რომ ავცდით, მაგრამ ქვებზე სიარულმა ხელ-ფეხთან ერთად, ნერვებიც მატკინა. ავდივართ დაუსრულებლად, ზევით და ზევით... ალბათ, ძალიან მაღლა ვიყავით უცებ ნისლი ჩამოწვა და საერთოდ არაფერი ჩანდა, ცოტა ხანში წვიმაც წამოვიდა. ვსველდებოდით, უფრო ართულებდა სისველე რელიეფს, სახიფათო იყო სველ ქვაზე სიარული. გუნდს ჩამოვრჩით. მივდივართ შეუჩერებლად. უცებ, რომელიღაც დიდ ლოდზე ვხედავთ, სხედან ირმა და შოთა და გადაფარებული აქვთ დიდი პარკი. ჩვენც შევეფარეთ და ველოდებოდით, როდის გადაიღებდა.დაახლოებით 40 წუთი ვისხედით ასე - პარკის ქვეშ. წვიმა რამდენიმე წამით შეჩერდებოდა, გვეგონა გადაიღო, მაგრამ უცებნისლთან ერთად კოკისპირულად დაუშვებდა. ასე გააკეთა დაახლოებით ექვსჯერ, რაც დავთვალე. თან ვნერვიულობდით გოჩაზე და კოტეზე, ისინი ჩვენზე გაცილებით წინ იყვნენ, მაგრამ არ ვიცოდით საით. წვიმამ ძალიან შეგვაფერხა და დიდი დრო წაგვართვა.

წვიმა შეწყდა. ნისლი წასვლასარ აპირებს, მხედველობა გვიჭირს, ძალიან ნელა დავდივართ სველ ქვებზე. ცოტა მანძილის გავლის შემდეგ დაიწყო შედარებით წვრილი, მოწითალო ფერის ქვები, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არ იყო და ფეხის დაგმასთან ერთად უსასრულობაში იკარგებოდა. სველები ვართ, გვცივა, ჩანთის სიმძიმე გვაწუხებს, თუმცა ეს უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის. მთავარია ცოტა სწრაფად ვიაროთ, რომ დაბლა ჩავიდეთ და გზა დავინახოთ, კოტე და გოჩაცმოვძებნოთ.

ავედით კიდევ ერთ აღმართზე. ნისლიოდნავ გაიფანტა და გზაც შედარებით გაგვიმარტივდა. ავუყევით ბოლომდე გზას. მივადექით კიდეს, საიდანაც დაღმართი იწყებოდა. პირველი სასტიკი ემოცია ყელიწადისა - არც ისე შორს მთებში ჩაწოლილი, თავზე ღრუბელგადაფარებული გველოდება. ეს იყო სანახაობა, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ, ეს იყო ემოცია, რომელსაც ვერაფერი გაგრძნობინებთ. ძალიან დაღლილებს, სველებს, გაყინულებს ყველაფერი დაგვავიწყდა. პატარა ბავშვებივით ვყაყანებდით და ხელს ვიშვერდით ტბისკენ.

ნისლშ გახვეული ყელიწადი

ღამდებოდა... ყველა ვარიანტში უნდა მივსულიყავით ტბამდე, სანამ ბოლომდე დაბნელდებოდა. გვციოდა, ფეხებში ძალა აღარ გვქონდა. კოტეს და გოჩას ისევ ვერ ვხედავდით. დავიწყეთ დაშვება.

აღმართი რთულია, მაგრამ დაღმართი არის სიკვდილის ტოლფასი. ქვები, ქვები და კიდევ ქვები.აქ უკვე შერეულად - ზოგან ნაშალი,ზოგან წვრილი, ზოგან მჭიდროდ ჩამჯდარი. მცივა. ჩანთა მამძიმებს, მუხლი მტკივა, ვატყობ, რომ ჩემი ფეხები ვერ რეაგირებენ დროზე, რეფლექსი მომეშალა, მოძრაობა შემინელდა. ხელები დასერილი ფორთხვისგან, გაყინული. ყოველ ნაბიჯზე ვფიქრობდი, მეტი აღარ შემიძლია, ვერ ჩავალ ბოლომდე, ძალა არ მაქვს, მუხლებს ვეღარ ვგრძნობ... ბოლო არ ჩანს, არ ვიცი სად უნდა ჩავიდე, ნისლია, მაგრამ ვერავის ვხედავ ირგვლივ, მარტო ვარ. ჩემი ხმა არავის ესმის, არც მაქვს ძალა მამაღლა დავუძახო ვინმეს.

მაქსიმალურად ვეცადე თავი ხელში ამეყვანა. გავხედე ტბას...ღრუბელი აღარ ქონდა თავზე და ულამაზესი იყო, ფირუზისფერი, წყნარი, უდარდელი. მე მაინც მოვალ შენთან - მეთქი, ვუთხარი და ძალები სრულიად მოვიკრიბე. დავეშვი, ფეხს ავუჩქარე, მაგრამ რეფლექსები ისევ არ მიმუშავებს კარგად, თუმცა მხნედ ვარ. გავხედავ ტბას - ავივსები, ვეშვები. ვფიქრობდი, აქ ვერ გავჩერდები, არ ვიცი ვინ სად არის, ვერავის ვხედავ, არავის ხმა მესმის, მხოლოდ ყელიწადია, რომელიც ღრუბლებიდან მეპრანჭება და მაძლევს მოტივაციას.

როგორციქნა ცოტა ჩამოვედი, ნისლი აღარ არის და ვხედავ ქვემოთ ჩასულებს კოტეს და გოჩას, საძილეები აქვთ გაშლილი და გველოდებიან.დანარჩენები ალაგ-ალაგ მიმოფანტულები ქვემოთ ეშვებიან, მე ბოლო ვარ და დიდი მანძილი გვაშორებს. მათმა დანახვამ კიდევ ბოლო ძალა მომცა და როგორც იქნა ჩავედი. ჩავედი ძალიან სწრაფად, ჩანთაგზაში მოვიხსენი, როგორც კი გავსწორდი, არავისთვის ხმა არ გამიცია და ეგრევე ძირს დავწექი. არ ვიცი ტკივილისგან, ბედნიერებისგან თუ რატო, ჩემდაუნებურად ცრემლები წამომივიდა. ბიჭებმა ანაკომის სუპი დამახვედრეს. ასე გემრიელად, დამიჯერეთ, მაღალი კლასის ვერც ერთ რესტორანში ვერ შევჭამდი. სრულ ნეტარებაში ვიყავი, აღარ მციოდა, მხოლოდ მუხლები მტკიოდა, პირდაპირ გულზე მირტყამდა.წინ კიდე დიდი გზა გვქონდა ტბაბმდე...

ცოტა დასვენების შემდეგ ისევ ავეწყვეთ და მოვემზადეთ წასასვლელად... ისევ კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ისევ შოთას პარკი გადავიფარეთ და ისევ უზარმაზარიდრო დავკარგეთ გადაღების ლოდინში. მზე არ იყო ჯერ გადასული. ფანრები მოვამზადეთ, გვეგონა ღამე სიარული მოგვიწევდა, მაგრამ გაგვიმართლა, დაგვინდო ელიამ და დღის შუქზე გვანახა ქალბატონი ყელიწადი.

დაისი ყელიწადზე

არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, როგორ და რა სიტყვებით გადმოვცე ის, რაც მისი დანახვის შემდეგ ვიგრძენი. პირველ რიგში, არ მჯეროდა, რომ ზღვის დონიდან 3068 მეტრზე ვიყავი დაა ამ დაუნდობელ სილამაზეს ვუყურებდი. არ მჯეროდა, რომ შემეძლო ხელით შევხებოდი; არ მჯეროდა, რომ მის სუნს ვგრძნობდი და მისი ხმა მესმოდა...არვიცი, ვერ აღგიწერთ ჩემს განცდებს, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ.

სრულიად სხვა სამყაროში ვართ. ჩვენს წინ არის ყელიწადის ტბა,უზარმაზარი, ფირუზისფერი და მშვიდი. თავზე ადგას მწვერვალი შერხოტა. ფეხაკრეფით მივუახლოვდით, მორიდებით. ყველა ერთიანად დავმუნჯდით, საკუთარი სუნთქვა მესმის...

გავშალეთ კარვები. ციოდა. ვივახშმეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ ყველა ის ემოცია, რასაც გზაში ვგრძნობდით, რაც ტბასთან მოსულებმა განვიცადეთ და ტკბილად ჩაგვეძინა.

ღამე მშვიდი იყო, არ ციოდათითქოს, მაგრამ წვიმდა. დილით მზემ დაგვანათა ცოტა ხნით, წუხანდელი სველი ტანსაცმლის გაშრობა გვაცადა და ღრუბლებს ამოეფარა. შერხოტაც ნელ-ნელა გვიხსნიდა შუბლს, თითქოს მოულოდნელი სტუმრები არ მოეწონა. ავდექით... დილის მადლი ანუ ყავა მივირთვით, ვისაუზმეთ, ვინებივრეთ ტბასთან, ყველანაირი რაკურსით გადავუღეთ ფოტოები, ავშალეთ კარვები და ბედნიერები გამოვეშურეთ სახლისკენ.

ჩვენი გუნდი ყელიწადზე

ავუყევით გზას. გადავიარეთ უღელტეხილი. უღელტეხილს იქეთ სულ სხვა სამყარო დაგვხვდა. ჩემი წარმოდგენით სწორედ ასეთია პლანეტა მარსი. ხელშეუხებელი და ფეხდაუდგამი ველური ბუნება, ბუმბერაზი მთები, ვულკანური ქვები, ტბები... შერხოტაც გვაცილებს, ჯერ თვალს არ მოფარებია. მოვდივარ და უკან-უკან ვიყურები, თვალს ვერ ვწყვეტ და ვერც ვიჯერებ, სად ვარ.

მარსი

თითქმის ყოველ ნახევარ საათში ჯიპიესს ვუყურებდით, სადმე გზა არ აგვრეოდა ან ზედმეტიარ გაგვევლო. რატომღაც ტბიდან წამოსულებს არც გაგვხსენებია ჯიპიესი. ხოდა, სწორედ აქ დავუშვით შეცდომა, რომელზეც მწარედ ვაგეთ პასუხი.

გადმოვიარეთ უღელტეხილი, პატარ-პატარა ვუკლანური გორაკები. როგორც იქნა რელიეფი გასწორდა და აბიბინებულ მინდორზე გადავედით.გზად შეგვხვდა მდინარე, ცივი და კამკამა. რადგან დრო დიდი გვქონდა (მაშინ ასე გვეგონა), გავჩერდით და დავისვენეთ, დავეწაფეთ, სახეზე შევისხით, გახურებული ფეხებით ჩავდექით. სრული რელაქსაციისთვის ყველაფერი გვქონდა.

დასვენება

ახლა უკვე დრო იყო ჯიპიესისთვის ჩაგვეხედა და დრო გაგვესაზღვრა, უნდა ვიჩქაროთ თუ არა... ჩავხედეთ ჯიპიესს და ვხედავთ, რომ ჩიხში ვართ, ვხედავთ, რომ ჯავაში ვართ, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიაა. წინ მდინარის ხეობაა. ამგზით წასვლა სამაჩაბლოს რომელიღაც სოფელში ჩაგვიყვანდა, რაც ნამდვილად არ იქნებოდა კარგი. მეორე გზა, რასაც ჯიპიესი გვიჩვენებს არის დიდი, ძალიან მკაცრი და ნაცრისფერი კლდოვანი მასივი, თვალუწვდენელი... იქ გადასვლა შეუძლებელი იყო, რელიეფი ძალიან ცუდი, ნაშალი ქვა და ციცაბო აღმართი. დავსხედით კლდის ძირში და ვფიქრობთ, რა ვქნათ, საით წავიდეთ. ორი უკიდურესიბა იყო. აზრი ორად გაიყო, გოჩა და შოთა ამბობდნენ, რომ ტბაზე უნდა დავბრუნებულიყავით და ისევ იმ გზით წავსულიყავით, საიდანაც მოვედით... მე სასტიკი უარი ვთქვი ამ გზაზე და მზად ვიყავი სამაჩაბლოში ჩავსულიყავი ან სულაც აქ დავრჩენილიყავი. იმ გზას ფიზიკურად ვერ გავივლიდი, ვერაფრით შევძლებდი ისევ იმ ქვებზე და ისევ იმ აღმართებზე მევლო. ყველამერთხმად გადავწყვიტეთ 112 ში დარეკვა, თუმცა ამაოდ. ზარი გადიოდა და რუსულად გვპასუხობდა ოპერატორი, რომ არასწორად ვკრეფდით ნომერს. აბათ, იმიტომ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიყავით.

მოკლედ, სხვა გზა არ იყო, კოტემ თქვა, თავები უნდა დავიხოცოთ და ამ მასივს ავუყვეთ, სადმე ჩასასვლელი აუცილებლად იქნებაო. ეს იყო ყველაზე მძიმე მოსასმენი და შემდეგ წარმოსადგენი ჩემთვის. სხვა გზა არ მქონდა, მართლა იქ ვერ დავრჩებოდი და ვერც უკან მივბრუნდებოდი. ყველანაირი ძალა მოვიკრიბეთ დააადავადექით გზას, სიმაღლე ნელ-ნელა გვერდული სვლით ავწიეთ. დაიწყო ციცაბოაღმართი, ქვები ცვიოდა, შეუძლებელი იყო იქ 2 ფეხით ასვლა, აუცილებლად ოთხზემდგარს უნდა აგევლო. არავითარი გვერდული სვლა. ყველა ფეხის ადგმაზე ქვა მოცურავდა, ძალიან საშიში იყო. ოდნავი უკან გადმოხრა და ჩანთა წონასწორობას მაკარგვინებდა. ისეთ უფკრულში ჩავვარდებოდი, ალბათ, ვერავინ მიპოვიდა, ან თუ მიპოვიდა ქვებისგან დასერილს.

უღელტეხილი

აზრი არ ქონდა წუწუნს, ყველა უსტყვოდ შევუდექით აღმართს. უდიდესი ძალისხმევა იყო საჭირო, რომ ჩანთა და სხეული ერთად გეთრია აღმართზე. ხელები მტკიოდა, ქვებმა გამიჭრა, ფეხებიცდამეჭრადა ძალიან მეწვოდა, სისხლი მომდიოდა, ვერაფრით ვუშველიდი, ჩანთას ვერ მოვიხსნიდი. მზე აჭერდა, წყალი მინდოდა, ვერც წყალს ამოვიღებდი, ვერ გავსწორდებოდი. წინ უზარმაზარი მანძილია, რომელიც კუს ნაბიჯებით იფარებოდა. ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა იმისა, რომ ბოლოში უნდა გავსულიყავი. გზადაგზა დათვის ნაკვალევი მხვდებოდა, თან ახალი ნაკვალევი. ეს კიდევ უფრო მსტრესავდა. დანებების დრო არ იყო, არც წუწუნის. ყოველ წამს უდიდესი მნიშვნელობა ქონდა. არ უნდა დაგვღამებოდა ზემოთ, გზას ვერ გავაგნებდით და ვერც იქ დავრჩებოდით.

ზურა წინ მიდიოდა. შუაზე ასულმა ჩანთა დატოვა, რომ ენახა მწვერვალის იქეთრახდება, არის თუ არაჩასასვლელი, აქვს თუ არააზრი ჩვენს ფორთხიალს. ძლივს ავიდა და იქედან დაგვიძახა, რომ ჩასვლა შეიზლება. რთულია, მაგრამ ჩაისვლებაო. მის ჩანთას შუა კლდეზე ვერ დავტოვებდით. კოტემ თავის 18კგ იან ჩანთასთან ერთად ზურას ჩანთაც მოიკიდაა დააა ისე აუყვა საშინელ გზას. ვერაფრით ვეხმარებოდი. არაფრის ძალა აღარ მქონდაა. მხოლოდ სიტყვებით ვამხნევებდით ერთმანეთს. როგორც იქნა ავაღწიეთ მწვერვალზე. გადავიხედეთ და რას ვხედავთ - სრულიადდდ ციცაბო დაღმართი ქვიშანარევი ნაშალი ქვების რელიეფით. ადგილი, სადაც ფეხის მოჭიდება აფსურდული იყო. წარმოიდგინეთ, კლდის კალთა, რომელსაც დროდადრო ხვდებოდა მზე და თოვლი იყო გამდნარი. გვერდით სულ ყინულით იყო დაფარული. ყინულზე ჩამოსრიალება სხეულის ნაკუწებად დაშლას უდრიდა. წინ დამშრალი მდინარის ხეობა იყო, სადაც უზარმაზარი და ალესილი ლოდები ეყარა.

ალესილი მთები

ზურა აქაც პირველი იყო. დააგდო ჩანთა და დაგვაგინა, ვინც არ ჩამოვიდესო... თვითონ რაღაც არაამქვეყნიური ძალით სირბილით დასვა და რამდენიმე წუთში დაბლა იყო. ჩვენ დავიწყეთ ხოხვა, ჩასვლისას ქვები ძალიან სწრაფად და სახიფათო ცვივა. ყველა ერთად ვერ ჩავიდოდით, ცალ-ცალკე უნდა დავშვებულიყავით, რომ ქვას არ დაეზიანებინა ვინმე. ეს კიდევ დროს უაზროდ გვართმევდა.
როგორც უკვე აღვნიშნე, დაღმართი ჩემთვის სიკვდილს უდრის. მაგრამ ეს მაინც სასწაული იყო. ფეხს ვერაფერზე ვდებდი, რომ სწორი ტრაექტორია ამერჩია, ან ბილიკს გავყოლოდი, ან ვინმეს ნაფეხურში ფეხი დამედგა. ყველაფერი იშლებოდა და ქვემოთმიდიოდა. ხელები მქონდა შერჭობილი მიწაში დაწონასწორობას ისე ვიცავდი. ფეხს ვერ ვდგამდი. კოტე თავის ჩანთას და ზურას ჩანთას ერთად მოათრევდა. არ დააგორა, დაიხევა ქვები ბრიტვასავითააო. ძალიან ცოტა მანძილი გვაქვს გამოვლილი მე და კოტეს, სხვები თითქმის ჩავიდნენ. მე ძალა აღარ მაქ, არც ხელებში და, მითუმეტეს, არც ფეხებში. ჩანთის სიმძიმე დამავიწყდა, მხრები დამიბუჟდა. მთლიანად ორიენტირებული ვიყავი წონასწორობა შემენარჩუნებინა. როცა ფეხს ვერ ვდგამდი, კოტე 2 ჩანთასთან ერთად მოდიოდა ძლივს ჩემამდე და ხელით მიწა გამოქონდა, მუშტს მიდებდა, აქ დადეო...

პანორამა
დაღმართის არასრული ხედი და ხეობის სრული ხედი მწვერვალიდან

დაღამდა... აცივდა... როგორც იქნა ჩამოვედით. ზემოდან ჩანდა, რომ მდინარის ხეობა ახლოს იყო. ავიღეთ გეზი მდინარის ხეობისკენ. უკუნეთ სიბნელეს დაემატა ისევ კოკისპირული წვიმა. ვიპოვეთ ისევ დიდი ქვა და გადავიფარეთ პარკი. რა თქმა უნდა, ამანაც უდიდესი დრო წაგვართვა, ალბათ 1 საათი მაინც გადაუღებლად წვიმდა. წვიმაში ლოდებზე და კლდოვან რელიეფზე ვერ ვივლიდით, მხედველობა თითქმის ნული იყო. ფანარსაც რომ ვანათებდით ნისლის გამო არაფერი ჩანდა. ყველა სათითაოდ ვცდილობთ დავრეკოთ 112 ში, მაგრამ არ იჭერს ტელეფონი, არ გადის. უკვე 9 საათია. კალია გვყავს დაბარებული კეტრისში, ამ დროს ჩასულები უნდა ვყოფილიყავით გზა რომ არ აგვრეოდა. ამ მდგომარეობაში შეუზლებელი იყო განძრევაც კი, თავსხმა წვიმა და ჭექა-ქუხილი...

როგორც იქნა გადაიღო წვიმამ. ჩავუყევით მდინარის ხეობას. ქვა-ღორღი, არავითარი ხელისმოსაჭიდი, უდიდესი ლოდები. ერთი პატარა შეცდომა და სადღაც სიბნელე ისე მშთანთქავდა. ყველა ორ-ორად, ხელჩაკიდებულები დავდიოდით, ერთმანეთს წონასწორობას ვუნარჩუნებდით. ყოველ 5 წუთში - კოტე, აბაჩახედე, რას ამბობს ჯიპიესი, მალე მივალთ?

აღმართები და დაღმართები ახლა ყოფილა, ვერც დავთვალე, ბოლოს ამერია. არ დამთავრდა გზა... ყოველი დაღმართის მერე მდინარის ხმა ძლიერდებოდა და ვხვდებოდით, ახლოს ვიყავით. ისევ - კოტე, აბა ჩახედე ჯიპიესს, მალე მივალთ?
უკვე გამწვანდა რელიეფი, ბალახზე გადავედით, მაგრამ გორაკები იყო. მაღალი ბალახის გამო ფეხი ბევრჯერ გადამიბრუნდა და ჩემი მუხლის ტკივილსკოჭის ტკივილი დაემატა. ძალა აღარავის გვაქ. რაც დილით ვჭამეთ, მხოლოდ ეგ არის, საერთოდ არაფერი გვიჭამია და სტრესმა სრულიად გამოგვაცალა ენერგია. არ ვტყდებით. აუცილებლად უნდა გავსულიყავით საბანაკე ადგილას. თუნდაც 1 კარვის ადგილი ყოფილიყო.

მდინარის ხმა ძლიერდება, ქარიც უბერავს ნესტიანი და სუნიც იგრძნობა, ვხვდებით, რომ ახლოს ვართ. ერთი პატარა აღმართი... ზურა ავიდა და დაიყვირა საბანაკეა, აქ ვშლით კარავსო. უკვე 00:30 ია. ისე აღარ ცივა. ყველაფერი სველია... უცებ გავშალეთ კარავი, ერთმანეთს მივულოცეთ გადარჩენა. არ მახსოვს, როგორ ჩამეძინა.

დილით კარგი ამინდი იყო. ადრე არ ავდექით, არავის გაგვეღვიძა, დაღლილები ვიყავით. ვისაუზმეთ, დილის მადლი - ყავა მივირთვით, რაც დაგვრჩა საწმელი ბოლომდე ამოვწურეთ, ავიშალეთ და გზას გავუდექით.

ისეთი შეგრზნება მქონდა, თითქოს ახლა ვიწყებ ლაშქრობას, ენერგიულად ვარ. ფეხები მტკივა, ნელა დავდივარ. კოჭი მაწუხებს, მუხლი გამისივდა, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდეთ. არც მითქვამს არავისთვის, რომ სიარული არ შემეძლო. გზადაგზა ვიხსენებდით გუშინდელ ამბებს, გვიკვირდა, როგორ გავრისკეთ, როგორ გავბედეთ ამის გაკეთება ყოველგვარი აღჭურვლობის გარეშე. ვინ რაზე ფიქრობდა გზაში.

მიუხედავად წუხანდელი არანორმალური ღამისა, მიუხედავად მწვერვალზე ასვლის უდიდესი ხიფათისა და ჯავაში დაკარგვის დიდი ალბათობისა, წამითაც არ მიფიქრია, რომ ვერ დავბრუნდები. წამითაც არ მიფიქრია, რომ ამას ვერ შევძლებდით და გულში, გონებაში არავის გამოვმშვიდობებივარ. ზუსტად ვიცოდი, ერთად ყველაფერს შევძლებდით. ერთმანეთს ვამხნევებდით, ერთ გუნდად შევიკარით. ბოლო ლუკმებსაც ვუზიარებდით, რაც საწმელი დაგვრჩა. გაყინულები რომ დავბანაკდით და ყველაფერი სველი იყო, ერთმანეთის კარავში შევდიოდით, მოდი ვისუნთქოთ, რომ გათბეს და კარგად დაგვეძინოსო.

ასეთ დროს საკუთარ თავს ცდი, რა შეგიძლია, რას მოითმენ. რა არის შენში სუსტი ან ძლიერი. ბევრ რამეს სწავლობ, ბევრს ფიქრობ, მთელი გზა ფიქრობ. ბუნებასთან დიალოგში ხარ, სხვა ინტერესები, სხვა ღირებულებები გიჩნდება. დამოუკიდებელი ხდები. ასეთ დროს დამოკიდებული მხოლოდ ჩანთაა, მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი შენი გასაკეთებელია. ან შეგიძლია, ან არა. ან ძლიერი არ, ან არა. გაჩერდები? გაიყინები. რაც უნდა მოხდეს, არასოდეს გაჩერდე. სულ წინ, წინ და წინ. გზას მხოლოდ წინ მიყავხარ და უნდა გჯეროდეს, რომ აუცილებლად გამოიდარებს, აუცილებლად გახვალ სწორ რელიეფზე და დაბრუნდები სახლში გადატენილი ემოციებით. ემოციებით, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვება, რომელიც თუ არ გამოხატე, დაგახრჩობს. ასეთ განცდებს სხვაგან ვერ მიიღებ. ასვლისას ვფიქრობდი, არასოდეს წამოვალ აქ!!! თუმცა მზად ვარ კიდევ გავიარო იგივე გზა, კიდევ დავიკარგო ჯავაში და კიდევ ვიფორთხიალო დათვის ნაკვალებიან კლდეზე.

როგორც იქნა ჩამოვედით და ვხედავთ ცხვარს. სიხარულისგან ყვირილი დავიწყეთ, თუ ცხვარია, ადამიანიც იქნებაო. უკვე სამშვიდობოს ვიყავით გამოსული. ტელეფონი ისევ არ იჭერდა. ჩვენები ნერვიულობდნენ, რომ არ გამოვჩნდით. ყველა კალიაზე ვფიქრობთ, ნეტავ რას შვრება, რომ არ ჩამოვედით სად წავიდა...


ცხვრის ფარა

ზაქაგორის ციხესთან ვხედავთ, ვიღაც კაცი მოდის ჩვენკენ. ცოლმა მითხრა ადამიანები დავინახე, მიდი გახედე ვინ არიანო. არ დაუჯერებია ცოლისთვის, აქ ადამიანებს რა უნდათო, სანამ არ დაგვინახა. ვუთხარით, რომ დავიკარგეთ, გზა აგვერია და კეტრისიკენ გასვლა გვინდა. წამოდით პური ჭამეთ, მშივრები იქნებითო. ჩვენთვის მთავარი მხოლოდ სოფლამდე მისვლა იყო და ამიტომ უარი ვთქვით ჭამაზე. გადაგვიყვანა მანქანასთან, ჩაალაგა ჩანთები და მიგვიყვანა სასაზღვრო პოლიციასთან. იქ იჭერდა ტელეფონი, ეგრევე კალიასთან დავრეკეთ.

ხოდა ყველაზე სულგრძელი ადამიანი არის კალია და იცით რატომ? გუშინ 9 საათიდან დღეს 3 საათამდე გველოდებოდა, მთელი ღამე სიგნალებით დადიოდა იმ ხეობასთან საიდანაც უნდა ჩამოვსულიყავით და ფარებს ანათებდა. მერე უკვე სამაშველო სამსახურს მიმართა. ამის მოსმენა ჩემთვის ძალიან ემოციური იყო.ახლაც, როცა ვწერ, ჟრუანტელი მივლის და ისევ სიხარულის ცრემლებიტ მევსება თვალები.

სასწრაფოდ დავიძარით კეტრისისკენ. სოფელში ჩასულებს დაგვხვდა პოლიცია, სამაშველო, ახლობლები... ყველა გადარცენას გვილოცავდნენ, ყველას უკვირდა, რომ მხოლოდ კოჭი მქონდა გაჭრილი, სხვებს მზისგან დამწვრობის მეტი არაფერი.

სამშვიდობოზე ვართ

იმას უკვე აღარმოვყვები, სასაზღვრო პოლიციაში რა პროცედურები გავიარეტ და შემდეგ ყაზბეგის პოლიციაშიც რატომ ვიყავით, ძალიან უმნიშვნელოა.

რა მინდოდა მეთქვა, გჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი 2 ხელის და 2 ფეხის. მოინდომეთ, ეცადეთ, არ დანებდეთ და მხოლოდ პატარა ნაკაწრები გექნებათ.

აუცილებლად წავალ კიდევ და ისევ დავიკარგები, ისევ ვიფორთხიალებ და ისევ განვიცდი იმ ყველაფერს, რამაც სული ამომივსო ემოციებით.