ერთხელ, მოლაშქრეებთან საუბრისას, როცა ტობა-ვარჩხილის მარშრუტს განვიხილავდით დაჟინებით ვამტკიცებდი, რომ ეს მარშრუტი სრულებითაც არ არის რთული და მისი არასწორი შეფასება გამოწვეულია იმით, რომ ამ მარშრუტზე წამსვლელთა უმეტესობა დამწყებია და მასა ქმნის აზრს, რომ ტობა-ვარჩხილი არის ურთულესი მარშრუტი საქართველოში. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოსაუბრეები დავაჯერე, რომ აღნიშნული მარშრუტი ძალიან მარტივია და მის შესახებ მითები გაზვიადებულია. რამდენიმე წუთის შემდეგ ერთ-ერთი მოლაშქრე მეკითხება:

  -  რამდენი წელია ლაშქრობ?
  -  სამი... მაგრამ ყოველ შაბათ-კვირას მთაში ვარ.
  - და ყველაზე რთული მარშრუტი რომელი იყო ამ სამი წლის მანძილზე?
  -  ... ლაკუმურაშ ტობა ...

ცოტა სასაცილოდ ჟღერდა ჩემი დაჟინებული მტკიცების შემდეგ ტობას მარშრუტების სიმარტივისა. ამან დამაფიქრა და მივხვდი, რომ თავად მარშრუტი არ შეიძლება იყოს სირთულის განმსაზღვრელი. ლაშქრობის სირთულეს განსაზღვრავს უამრავი დეტალი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: მოლაშქრის გამოცდილება და მზადყოფნა, სათანადო აღჭურვილობა, სეზონი, ამინდი, მოლაშქრის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სხვა. გამოცდილი მოლაშქრე დამეთანხმება, რომ ზოგჯერ მყინვარწვერზე უფრო მარტივად შეიძლება ასვლა ვიდრე აბუდელაურის ტბებზე. ეს ძალიან კარგი ამბავია მათთვის, ვისაც სირთულეები უყვარს. გამოდის, რომ რთული მარშრუტის გასავლელად აუცილებელი არაა ძვირადღირებული აღჭურვილობით მყინვარწვერის გზას გავუდგეთ, არამედ საკმარისია ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე ზამთრის ყველაზე ცივ, ქარიან და თოვლიან ამინდში ჩვენი სახლიდან კოჯორში ავიდეთ ტყის ბილიკებით.

ეს ამბავიც სწორედ ასე დაიწყო, ერთ მშვენიერ დღეს მე და ყოვლისშემძლე ნიკამ ლაკუმურაშ-ტობას მონახულება გადავწყვიტეთ ორ დღეში. ჩვენი ბანაკი ნათიფურუდან 4.5 კილომეტრში იყო განთავსებული, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. წინ გველოდა 5 უღელტეხილი თითოეული არანაკლებ 2800 მეტრისა. არსად ვჩქარობდით,  რადგან საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულები ვიყავით. წინა დღის გადაღლილმა ნიკამ 8 საათზე გაიღვიძა, საკვებით ავივსეთ და 9 საათზე დავიწყეთ სიარული. 1.5 საათში უკვე ცაშკიბულის ტობაზე ვიყავით, მაგრამ აქ არ გავჩერებულვართ, შეუჩერებლად გადავიარეთ მეორე უღელტეხილი, გვერდი ავუარეთ ვერცხლის ტბას და კალალიშ ტობაზე შევისვენეთ. ენერგიები შევივსეთ და 13:45 ზე დავიწყეთ სიარული ლაკუმურაშის მიუვალი კლდეებისაკენ. მოკლეზე ვაპირებდით გადასვლას და ბილიკიდან გადავუხვიეთ პირდაპირ კლდეებისკენ ავიღეთ გეზი იმ იმედით, რომ სადმე გასაძრომს ვნახავდით, მაგრამ ნურას უკაცრავად. კალალიშ ტობადან ხობისწყლის ხეობაში უსაფრთხოდ დაშვების ერთადერთი შანსი არის ბილიკი, რომელიც წაქაწყარიშ ტობასკენ მიემართება და შემდეგ მკვეთრად უხვევს მარცხნივ, მდინარე ხობისწყლის ხეობისკენ. დაახლოებით ერთსაათიანი ცოცვის შემდეგ დავყარეთ ფარ-ხმალი და ჩავყევით ბილიკს ხობისწყლის ხეობაში საიდანაც არჩევანი არ გვქონდა ან ისევ უნდა მიგვეტოვებინა ბილიკი და მოკლე გზით გვეცადა ლაკუმურაშზე ასვლა ან ხაიშში ჩავსულიყავით და 2 დღით დაგვეგრძელებინა მარშრუტი. რათქმაუნდა მოკლე გზით წასვლა ვამჯობინეთ, ერთ უცნაურ ადგილას გადავკვეთეთ მდინარე უცნაური ტექნიკით და ავყევით რიგით მეოთხე უღელტეხილს. მივდიოდით წელამდე ბალახში, საშინელ სიცხეში ურთულეს აღმართზე სისხლისმწოველი ბუზების გარემოცვაში. ეს იყო აღმართი, რომელიც უსიტყვოდ ავიარეთ. ორივეს ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია მანამ სანამ მწვერვალს არ მივაღწიეთ. აღმოჩნდა, რომ ამ საშინელი დაღლილობის შემდეგ რიგით მეოთხე უღელტეხილი რომელიც 3 კმ სიგრძის იყო და 800 მეტრი სიმაღლის საათ-ნახევარში ამოვიარეთ და მაშინ ვთქვით, რომ თვით ჩაკ ნორისსაც კი გაუჭირდებოდა ასეთ პირობებში ამ რეკორდის გამეორება.

სვანეთი-სამეგრელოს გამყოფი უღელტეხილი

საღამოს ექვსზე დავეშვით უღელტეხილიდან უკვე სვანეთის ხეობებში, მივყვებოდით ქედს, რომელზეც ჩვენსიმაღლე დეკა იყო ამოსული და მისი წყალობით ვიმაგრებდით თავს ვერტიკალურ კლდეებზე. ერთ საათიანი დაშვების შემდეგ გადავწყვიტეთ მოკლეზე გადავსულიყავით და მდინარე გადავკვეთეთ. აქ პირველად გაგვიმართლა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ზუსტად იქ გადავკვეთეთ მდინარე სადაც საჭირო იყო, რადგან ოდნავ ქვემოთ ან ოდნავ ზემოთ გაუვალი კლდეები შეუძლებელს ხდიდნენ თავის დაღწევას. მდინარის შემდეგ შევუერთდით 2 მეტრიან ბალახს, სადაც არაფერი არ ჩანდა სად მივდიოდით და რაზე ვადგამდით ფეხს. ყველაფერთან ერთად მწერები მზეს ეჯიბრებოდნენ ჩვენი სისხლის შრობაში. აქ ერთ მომენტში ჯოხმა წამაქცია ქვებში, რადგან თოვლის რეზინები მოხსნილი არ მქონდა და ქვაში გაიჭედა. მუხლი დავარტყი საკმაოდ ძლიერად, ისე რომ მომდევნო 1 საათის განმავლობაში ფეხი მიკანკალებდა. დღემდე შემომრჩა ლაკუმურაშისგან სამახსოვროდ ეს ტრავმა და ყოველთვის მახსენებს იმას, რომ ახლა დახარჯული 1 ზედმეტი წუთი შეიძლება მომავალში დაზოგილ თვეებს უდრიდეს. ეს ჯოხებზე დარჩენილ თოვლის დამცავ რეზინებს ეხება.

ამ ხეობიდან ადის გზა ლაკუმურაშზე

ჩავედით ბოლომდე მდინარის ხეობაში და ჩვენს წინ გადაიშალა ულამაზესი და მიუვალი კლდეები ლაკუმურაშისა. წარმოდგენა არ გვქონდა საიდან შეიძლებოდა ამ ერთი შეხედვით მიუდგომელ ტბასთან მოხვედრა და აი უკვე მეორედ გაგვიმართლა, როცა ყოვლისშემძლე ნიკას ინტუიციამ უკარნახა, რომ მოკლეზე ასვლას შორიდან მოვლა სჯობდა. ასე გავცდით ტყეს და მივადექით ლაკუმურაშიდან დაშვებული ხეობის უკიდურეს მარჯვენა კიდეს საიდანაც უკვე ლაკუმურაშიდან გამომავალი მდინარის კალაპოტს ავყევით. უკვე რვის ნახევარი იყო, მაგრამ მწერები და მზე მაინც არ გვანებებდნენ თავს. ნელ-ნელა მივიწევდით წინ, ეს უკვე მეხუთე უღელტეხილზე ავდიოდით. იყო შანსი, რომ ვერ მიგვეღწია ტბამდე ამიტომ ვჩქარობდით მაგრამ სიჩქარის თავიც აღარ გვქონდა. აქ ყოვლისშემძლე ნიკამ თავბრუსხვევა და გულისრევა იგრძნო. არც მე ვგრძნობდი თავს ჩიტივით და ცოტა შევისვენეთ, შედედებული რძე გავაზავეთ წყალში და კუჭის ნაცვლად პირდაპირ ტვინში გადავუშვით. ცოტა რომ გამოვფხიზლდით გზა გავაგრძელეთ.

გადაღლილი ნიკა

უკვე ცხრის წუთები იყო და ჯერ კიდევ არ გვქონდა წარმოდგენა სწორად მივდიოდით თუ არა. აი აქ კი მთელი დღის გადაღლილობამ, სიცხემ, ბუზებმა, დარჩენილმა ცოტა დრომ და დანიშნულების ადგილის ადგილმდებარეობის უცოდინრობამ ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა და უკვე უიმედოდ, ყურებჩამოყრილები ვეძებდით ტბაზე ასასვლელ გზას.

ლაკუმურაშ-ტობის ძირში

და აი მოხდა სასწაული, მივადექით კლდეს, საიდანაც ნათლად ჩანდა, რომ ზემოთ ასვლის ერთადერთი საშუალება კლდეზე აცოცება იყო. ანუ ყველაზე რთული გზა თურმე წინ გველოდა. ბევრი ალბათ ასეთ დაღლილზე არ წავიდოდა რისკზე და დასვენებას ამჯობინებდა მაგრამ ყოვლისშემძლე ნიკას თვალებში ნაპერწკლები შევნიშნე. მივხვდი, ახლა ისე უნდოდა კლდეზე ცოცვა როგორც არასდროს და მეც ამ ჟინმა ამიტანა, ყველაფერი დაგვავიწყდა, დაღლა, სიცხე, შიმშილი, მწერები.... ყველაფერი უკან დავტოვეთ და დავიწყეთ ჩვენი გიგანტური ჩანთებით ცოცვა, მივცოცავდით შეუჩერებლად და უკანმოუხედავად. რამდენიმე წუთში კლდეს ზემოდან მოვექეცით და გული დაგვწყდა, რომ ასე მალე დასრულდა ეს საოცარი მონაკვეთი. და აი ზუსტად საღამოს 8:36 ზე უკვე ტბის პირას ვიდექით გაოგნებულები... ის რაც იქ ვნახეთ შეუძლებელია ადამიანმა სიტყვით გადმოსცეს, ეს უნდა ნახოთ საკუთარი თვალებით. ეს არის ადგილი, სადაც ყველა შენი პრობლემა გავიწყდება, ადგილი რომელიც სრულიად განსხვავებულია როგორც ვიზუალურად ისე ბუნებრივი პირობებით ყველა იქ მდებარე ადგილებისგან, ადგილი სადაც ტელეფონიც კი იჭერს... 

ლაკუმურაშ-ტობა

ლაკუმურაშ-ტობას გარს ერტყმის უზარმაზარი კლდეები, რომლებსაც უარყოფითი დახრილობა აქვთ და საოცარ სურათს ქმნიან. ტბის უკან მდებარეობს გიგანტური მყინვარი, სადაც დაახლოებით 50 მეტრი თოვლი დევს მუდმივად. აქედან იშლება საოცარი ხედები სვანეთის ულამაზეს მთებზე და მათ შორის იალბუზსაც კი დაინახავთ კარგ ამინდში.

იმ ღამეს მშვიდად დავიძინეთ, ვფიქრობდით რომ მეორე დღე გაცილებით მარტივი იქნებოდა რადგან გზა ვიცოდით და იღბლის აღარ უნდა გვევლო. თუმცა ვცდებოდით, იმ ღამეს ძლიერი წვიმა მოვიდა, მეორე დილით ამაოდ ველოდით წვიმის გადაღებას. კარავში ვისაუზმეთ, საწვიმრები ჩავიცვით და 10:45 ზე დავიწყეთ სიარული. წვიმდა... გადაუღებლად წვიმდა... ალბათ იცით, რომ კლდეზე ჩასვლა გაცილებით უფრო რთულია ვიდრე ასვლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზურგზე წვიმით დამძიმებული ჩანთა გაქვს და სველ კლდეზე ჩადიხარ. ფეხის ასრიალების შანსი ძალიან დიდი იყო, მაგრამ გამოცდილებამ თავისი ქნა და ეს ურთულესი მონაკვეთი უსაფრთხოდ გავიარეთ, დავეშვით მდინარის ხეობაში სველ ბალახებში და მდინარეებში ვიარეთ. აღმოჩნდა, რომ მზე გაცილებით ნაკლები პრობლემაა ვიდრე წვიმა როცა შენზე მაღალ ბალახში მიდიხარ. სველი ბალახი თავით-ფეხებამდე გასველებს და გამძიმებს, ამას ემატება სიცივე. ასეთ პირობებში ავიარეთ პირველი უღელტეხილი და ამოვედით სვანეთისა და სამეგრელოს გამყოფ ქედზე. გზად გადავლახეთ უამრავი დაბრკოლება, ვერტიკალური კლდეები სველი დეკით დაფარული, სისველე, სიცივე, ქარი და საშინელი ნისლი. წარმოიდგინეთ, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე, ბოლომდე სველები მივდიოდით ნისლში და ქარში. ვაბიჯებდით ყინულად ქცეულ თოვლზე, სადაც ფეხი ძალიან ცურავდა და არ ვიცი როგორ, მაგრამ ვიმაგრებდით თავს. ქვემოთ იყო ნისლში დაფარული უფსკრულები, არც კი ჩანდა საით გვიბიძგებდა ყინულის საფეხურები. ნისლმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ GPS მოწყობილობის გარეშე მთაში წასვლა ძალიან სახიფათოა. ძლიერ ნისლში გზის გაგნება ძალიან რთულია, წარმოდგენა არ გვქონდა სად ვიყავით მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 12 საათის წინ ზუსტად ის ადგილები გამოვიარეთ.

ნისლები უღელტეხილზე

ამ საშინელ ყოფაში მხოლოდ იმის იმედი გვაცოცხლებდა, რომ უღელტეხილის მეორე მხარეს უკეთესი ამინდი დაგვხვდებოდა. ასეც მოხდა, უღელტეხილის მეორე მხარეს ქარი ჩადგა და ცოტა გავთბით, თუმცა დაშვება იყო ურთულესი, მოვდიოდით სველ ბალახზე თითქმის ვერტიკალურ კლდეზე და რომ არ გადავჩეხილიყავით პატარა მდინარის კალაპოტს მოვუყვებოდით. ზოგჯერ ქვებზე ვწვებოდით, ვეცემოდით, ვსრიალებდით და ასე ჩამოვაღწიეთ ხობისწყლის ხეობაში. აქ ვჭამეთ, ძალა მოვიკრიბეთ და ტანჯვაც დასრულდა. მზემ გამოანათა და გვაგრძნობინა, რომ ისევ მცხუნვარე მზე სჯობს სიცივეს. აქედან უკვე ნაცნობ ბილიკებს მოვყვებოდით ბანაკისაკენ, თავი სახლში გვეგონა. წაქაწყარიშ ტობას დავხედეთ და გავეშურეთ ბანაკისაკენ. საღამოს 6 საათი სრულდებოდა როცა მეხუთე ტბიდან (წაქაწყარიშ ტობა) დავეშვით, ცაშკიბულის უღელტეხილი დღის შუქზე გადავიარეთ და ჩავედით ნისლში და უკუნით სიბნელეში. ბოლო 2 კილომეტრი სრულ სიბნელეში ვიარეთ. ღამით ნისლში ფანრების გარეშე მივიკვლევდით გზას, მხოლოდ ხანდახან თუ დავხედავდით ხოლმე GPS -ს რომელიც ფინიშის მოახლოებას იუწყებოდა. ზუსტად 10 საათსა და 12 წუთზე  დასრულდა ჩვენი მოგზაურობა, დასრულდა კოცონით განათებულ, სტუდენტების ჟრიამულით ახმაურებულ ბანაკში.

სულ გამოგვივიდა 4755 მეტრი ასვლა სიმაღლეში, 22 საათი და 55 წუთი სიარული, 42 გავლილი კილომეტრი, 1.8 კმ/სთ საშუალო სიჩქარე. და ეს ყველაფერი 37 საათში.


დავბრუნდით ბოლომდე დაცლილები ენერგიისგან და ემოციებისგან თუმცა ეს ამად ღირდა. ვნახეთ ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი დედამიწაზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერები ვართ ვიდრე გვგონია.

მადლობა ყოვლისშემძლე ნიკას, ამ ადამიანთან ერთად არსად წასვლის შემეშინდება, რადგან მჯერა, რომ მას ყველაფერი შეუძლია.

თუ გსურთ ლაკუმურაშ ტობას მონახულება ამ მარშრუტს გადაავლეთ თვალი:
https://georgiantravelguide.com/ka/routes/-toba-tbebi-egrisis-qedze/