აგვისტოში რაღაც მემართება, „აკრძალული“ ხილის გასინჯვის სურვილი მიჩნდება, რომელიც მთელი წელი არ მასვენებს,  ბოლომდე მწიფდება და საკუთარ თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებ. წინა წელს ამ სურვილმა ყელის ტბაზე წამიყვანა, ახლა  უკვე აფხაზეთისკენ მიმიწევდა გული.

მთელი წლის მეცადინეობამ და რუკასთან ჩხირკედელაობამ შედეგი გამოიღო, შევარჩიე ადგილი, რომლის მონახულებაც, ჩემი შეფასებით, ყველაზე უსაფრთხო უნდა ყოფილიყო. უსაფრთხოება ხო კაი მარა ადგილიც მსურდა ლამაზი ყოფილიყო. აქამდე აფხაზეთი საკუთარი თვალით არ მენახა და მინდოდა უფროსი თაობის აფხაზეთით აღფრთოვანების შეგრძნება მეც განმეცადა. მარშრუტი შედგენილია. მივდივარ სვანეთში, ჭუბერში, უნდა შევუყვე მდინარე მემულის ხეობას და ავიდე მემულის ტბაზე, მეორე დღეს გადავიდე აფხაზეთში, მოვინახულო ტბა, რომელიც საკენის ხეობის მარცხენა მხარე მდებარეობს, უყურებს მწვერვალ გვანდრას და უკან დავბრუნდე მემულის ტბაზე.

თბილისიდან ჭუბერის ხეობის ბოლო სოფელში მოხვედრა არც ისე მარტივია, თუმცა ჩემდა საბედნიეროდ „ყუჯი“ მიდიოდა ცხვანდირის ტბების მოსანახულებლად და ვთხოვე მეც გამოგყვებითმეთქი, რადგან ტრანსპორტით გასავლელი გზა ორივეს ერთი და იგივე გვქონდა. 24 აგვისტოს საღამოს გასულები 25-ში გამთენიისას უკვე ჭუბერის ხეობის ბოლოში ვიყავით, სადამდეც შესაძლებელი იყო მიკროავტობუსით მისვლა.  ადიდებულ ნენსკრას გზა ჰქონდა წაღებული და ფეხით სიარული სოფელი ტიტას მისადგომებიდან დავიწყეთ. მემულის საზაფხულო ფერმებამდე „ყუჯ“-თან ერთად ვიარე, სადაც ჩვენი გზები უნდა გაყრილიყო. ერთად ვისადილეთ და მარტო შევუდექი მემულის ხეობის ბილიკს. თან გამყვა ჯგუფის მოლაშქრეთა კითხვები: სად მივდიოდი? რატო მივდიოდი მარტო? რა უნდა მენახა? არ მეშინოდა მარტო სიარულის?  რისი გამხელა და რაც დარწმუნებით ვიცოდი ყველაფერი ვუთხარი და ეხლა უკვე მარტო გავაგრძელე სიარული. მემულის ტბაზე აუცილებლად ავიდოდი, თუმცა გავბედავდი და შევძლებდი თუ არა აფხაზეთში გადასვლას დარწმუნებული არ ვიყავი. ჩემდა გასაოცრად თავიდან ბილიკი საკმაოდ განიერი იყო. მკვეთრი აღმართი და სიცხე ხასიათს მიფუჭებდა, თუმცა მსგავსი სირთულისთვის მზად ვიყავი. რუკიდან ვიცოდი, რომ პირველივე დღეს ზღვის დონიდან 1100 მეტრიდან 2750  მეტრზე უნდა ავსულიყავი. ბილიკი ჩემს გაოცებას  აგრძელებდა.

ჩანჩქეტი მემულის გზაზე

ნაკადული ტყეში

აღმართს თუ არ ჩავთვლით მშვენიერი სასეირნო გამოდგა. იმდენად მოწესრიგებული იყო ბილიკი თავში ათასი აზრი მიტრიალებდა, თუ რისი დამსახურება შეიძლება ყოფილიყო ეს. ამ ფიქრებში გართულმა პასუხიც მალე ვიპოვე. ხეობის შუაგულში გაშლილ მდელოზე მწყემსის ბინას მივადექი. მასპინძელი ადგილზე დამიხვდა და გემრიელი მაწვნითაც გამიმასპინძლდა, ისეთით მისმა გემომ მთელი ბავშვობა რომ გამახსენა; მერე ამიხსნა ბილიკი საით გრძელდებოდა და გზა გავაგრძელე. ბილიკის არსებობით გაკვირვებული და მწყემსთან შეხვედრით გახარებული კიდევ ერთხელ ავივსე მადლიერების გრძნობით ამ ხალხისადმი. მწყემსების დამსახურებაა, რომ მთაში მოხეტიალე ხალხს ჯერ კიდე გვხვდება გაკვალული ბილიკები.  

მდინარე მემული

ნელ-ნელა პირველი დღეც გავლიე და დღის ბოლოს მემულის ტბაზე თითქმის მისული პატარა არჩვებს გადავეყარე. წლებია ვმოგზაურობ და ასე ახლოს პირველად შევეჩეხე ცხოველს. სანამ აპარატი მოვიმარჯვე და სურათი გადავუღე, არჩვებმა თავს „უშველეს“. შორიდან ძლივს მოვახერხე სურათების გადაღება, როცა უფროსი არჩვები მამოწმებდნენ ხომ არ ვემუქრებოდი მათ ნაშიერებს.

არჩვები მემულის ტბის მახლობლად

ბოლო მონაკვეთი განსაკუთრებით რთული გამოდგა და გვარიანად დაღლილმა ძილს მალევე მივეცი თავი. დაძინებამდე უღელტეხილს შევავლე თვალი საიდანაც უნდა გადავპარულიყავი აფხაზეთში.

კარგად გამოძინებულმა მეორე დღეს გარემო კარგად შევათვალიერე. ტბიდან ლამაზი ხედი იშლებოდა ჭუბერის ხეობასა და სვანეთის მწვერვალებზე. თავად ტბამ ცოტა იმედი გამიცრუა. საერო ფოტოებში ცისფერი ჩანდა და დახვედრით კი ხედავთ როგორიც დამხვდა.



მემულის ტბა და ხედი სვანეთის მთებზე

დიდად გული არ გამტეხვია, ჩემი ძირითადი დანიშნულების პუნქტი აფხაზეთში იყო და დავიწყე მზადება. დღის სინათლეზე კარგად გამოჩნდა უღელტეხილს მარტივად დავძლევდი და ამით შეგულიანებულმა უკვე ცალსახად გადავწყვიტე, რომ უკან დახევას რელიეფის სირთულის გამო არ ვაპირებდი.

ჩანთიდან ყველაფერი ამოვყარე, მხოლოდ აუცილებელი ნივთები და ცოტა საჭმელი დავტოვე. მსუბუქად უნდა ვყოფილიყავი გამოქცევა რომ დამჭირვებოდა სიმძიმეს არ უნდა შეეშალა ხელი. უღელტეხილზე მშვიდად ავედი, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიყავი და თავს „შედარებით“ დაცულად ვგრძნობდი. უღელტეხილზე ასულმა უკვე აფხაზეთის დეტალური დაზვერვა დავიწყე აპარატით. 300-იანმა ლინზამ აქაც მიშველა და ხეობის ბოლომდე სულიერი არ ჩანდა. 

მწვერვალი ჭუბერის ხეობაში

მთა მირდი

ჩანჩქერი მთა მირდის სამხრეთით

გახარებული დავეშვი, თუმცა მაინც ფრთხილად ვმოძრაობ, ყოველთვის შეიძლება გადაეყარო კარავს/პოსტს, რომელიც ბორცვს ან ლოდს არის მოფარებული. ხეობა ნელ-ნელა ჩავიარე, ეხლა უკვე მარცხნივ უნდა შევუყვე და საფრთხეც მატულობს. ორი საათია უკვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ვმოძრაობ. რაც უფრო სიღრმეში შევდივარ ბუნება მით უფრო და უფრო მაოცებს. მობილურზე ვამოწმებ და აპლიკაცია მამცნობს, ტბას ბოლო აღმართი მაშორებს. უკვე აღმართის ბოლოს ვარ, მელასავით ვეპარები ტბას, არ მინდა ამხელა გზა გამოვლილს ტბაზე ვინმე დამიხვდეს და უკან გაბრუნება მომიწიოს. ტბას ფრთხილად გადავადექი, არავინ ჩანს ერთი შეხედვით, გარშემო მოვათვალიერე კიდევ არავინ ჩანს, ბოლოს ხეობაში გადავიხედე, რომელსაც ტბა გადაჰყურებს და იქაც რომ ვერავინ დავინახე ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ტბა აფხაზეტში

მარტოობით განებივრებულმა და დამშვიდებულმა ტბის სილამაზის ტკბობას მივეცი თავი. ტბა იყო საოცარი, ზღვასავით ლურჯი და ნაკადულივით კამკამა. ყველა მხრიდან მივუდექი და ყველა მხრიდან დავტკბი ტბის ცქერით.

ტბა აფხაზეთში

ტბა აფხაზეთში

ხედი მთა გვანდრაზე

ისეთი ადგილია კაცი ბანაკსაც დიდი ხნით რომ დასცემდა, მაგრამ ამდენი ვერც გავბედე და არც მქონდა წამოღებული აღჭურვილობა. იმედია მალე  კარავს დავცემ და ჟრიამულით ავიკლებ ხეობას, აღარ მომიწევს შიშის გამო ემოციების გულში ჩაკვლა და სიჩუმის შენარჩუნება. ადგილით მონუსხულსა და მარტოობით გათამამებულს არ მეთმობოდა ეს სილამაზე. 16:00-ზე რომ ვაპირებდი უკან წამოსვლას 17:00-ზე ძლივს ვაიძულე თავი უკან წამოვსულიყავი.
დაღამებამდე უღელტეხილი უნდა გადმომევლო. შთაბეჭდილებებით აღსავსე დავადექი უკანა გზას. ნელ-ნელა მზე ჰორიზონტისკენ მიიწევდა და ხეობაში ჩაღვრილი მზის სხივები გარემოს განსაკუთრებულ სილამაზეს სძენდა. გზადაგზა უკან ვიხედები და ვემშვიდობები ხეობას, რომლის ნახვის სურვილი ყოველთვის მექნება. იმედია მალე დავბრუნდები და ამჯერად ცენტრალური შემოსასვლელით ვესტუმრები აქაურობას.