აჭარა გადაჭიმულია საქართველოს სამხრეთით, შავი ზღვის სანაპიროზე. სამხრეთიდან მას ესაზღვრება თურქეთი. აჭარა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა. ბუნება განსაცვიფრებლად მრავალფეროვანია- ქობულეთის სანაპირო მდიდარია პარკებით, დაცული ტერიტორიებით, ქედა მდიდარია სამკურნალო წყლებით, აქ მოყვანილი თამბაქო დიდი პოპულარობით სარგებლობს კუბაში, სადაც მაღალ ფასად ხდება მისი ექსპორტი. შუახევის სოფლები, სადაც ალპური ზონებია, ქმნიან შესანიშნავ გარემოსა და შესაძლებლობას იმისთვის, რომ აქ განვითარდეს სამთო- სათხილამურო კურორტი. რეგიონი აგრეთვე გამოირჩევა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითიც: ანტიკური ციხესიმაგრეების ნანგრევები, უძველესი ეკლესიები, მონასტრები, სამლოცველოები და გასაოცარი ბუნება- ეს ყველაფერი ერთად ქმნის აჭარას. აქ შეგიძლიათ იხილოთ ლეგენდარული თამარ მეფის ეპოქის თაღოვანი ხიდები, რომლებიც დღესაც შემორჩნენ ისტორიას. სხვადასხვა ტიპის რეკრეაციული თუ გასართობი საშუალებანი ხელს უწყობენ აჭარის პოპულარიზებას არა მხოლოდ ქვეყნის  შიგნით, არამედ მსოფლიოში.

დავიწყოთ ბათუმით, რომელიც სიდიდით მეორე ადგილზეა საქართველოში. ბათუმს მეორე ნაირად “შავი ზღვის ლას ვეგასად” მოიხსენიებენ. ამის მიზეზი აქ არსებული კაზინოების სიმრავლეა, არ ვიცი ეს რამდენადაა კარგი, თუმცა ფაქტია, რომ ტურიზმის თვალსაზრისით მეტად მომგებიანია. ბათუმი აჭარის დედაქალაქია, ეს არის ქალაქი, რომელსაც უძველესი ისტორია აქვს: ანტიკურ ეპოქაში, ბათუმი, როგორც საპორტო ქალაქი, მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციის შემსრულებელი იყო. სწორედ ბათუმიდან ხდებოდა ძირითადად სავაჭრო გაცვლა -გამოცვლები საქართველოს მოსაზღვრე თუ შორეულ ქვეყნებს შორის. დღეს თქვენ აქ შეგიძლიათ ესტუმროთ ბაღს, რომელიც “6 მაისის პარკის” სახელითაა ცნობილი. თუმცა, ყოველთვის ასე როდი იყო. 1881 წელს ეს პარკი გაშენდა რუსი იმპერატორის, ალექსანდრეს პატივსაცემად, და მისსავე სახლს ატარებდა. 1975 წელს ამ პარკის ტერიტორიაზე დაამატეს გასართობი ატრაქციონები და მოაწყვეს დელფინარიუმი, რომელიც მთელს საბჭოთა კავშირში პირველი დელფინარიუმი იყო.

batumi dolphinarium 

ის მოიცავს 165,000 კვ.მ.-ს. დელფინარიუმი არის შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. აქ ტარდება ჩვენები 7,000-ზე მეტი მაყურებლისთვის, ხოლო მსურველებს სთავაზობს შეეხონ დელფინებს. ეს ყველაფერი არ არის. თუ თქვენ გაბედავთ, შეგიძლიათ დელფინებთან ერთად იცურაოთ კიდეც. ეს სიამოვნება კი 60 ლარი ჯდება- 3-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, 100 ლარი- 12-18 წწ; ხოლო 150 ლარი- სრულწლოვანთათვის. ფასში ბარის მომსახურებაც შედის. მხოლოდ შოუზე დასწრება ულ რაღაც 12 ლარი ღირს (დილის ჩვენება), ხოლო 16 ლარი- ღამის ჩვენება. შოუ სამ ენაზე მიმდინარეობს: ქართულ, ინლისურ და რუსულ. ყოველდღიურად აქ 3 ჩვენება იმართება : 14:00; 17:00 და 21:00.


ბათუმი მიიჩნევა საზღვაო კარიბჭედ საქართველოსთვის. პირველ რიგში, აქ კლიმატი არის ტენიანი და სუბტროპიკული. ის საქართველოს ყველაზე თბილი ადგილია, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა 24 ºC -ზე მეტს აღწევს. ევროპული სტილის ნაგებობები დამახასიათებელია ბათუმისთვის, რომლსაც ერწყმის აგრეთვე XIX საუკუნის შენობები. 

batumi architecture

ბათუმი სავსეა ისტორიული და არქიტექტურული სანახაობებით, როგორიცაა, მაგალითად: ქალწულ მარიამის ეკლესია, ბათუმის ბულვარი,შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი, ნურიგელის ტბა, მეჩეთი და ა.შ. ასე რომ ბათუმი მხოლოდ საზაფხულო ტურისტული ქალაქი არ გახლავთ. აქ შეგიძლიათ ისტორია აღმოაჩინოთ.  ბათუმი განსაკუთრებით საყვარელი ქალაქი ველოსიპედის მოყვარულთათვის. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით გასაქირავებელ  ველოსიპედებს. ტელეფონში გადმოწერთ აპლიკაციას, დარეგისტრირდებით ძალიან მცირე საფასურის სანაცვლოდ და ველოსიპედი თქვენს განკარგულებაში იქნება მთელი დღის განმავლობაში. მეტი რა უნდა გინდოდეთ? 

cycling

მაგრამ ეს ყველაფერი როდია. ქალაქის ჩრდილოეთით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ბათუმის  ბოტანიკური ბაღი, საყოველთაოდ ცნობილ მწვანე კონცხთან. ის მოიცავს 111 ჰექტარს და არის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ადგილი. ცნობილმა მებაღემ- ალფონსმა აქ არაერთი კულტურის მცენარე ჩამოიტანა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. მოგვიანებით, 1912 წელს აქ განვითარდა იაპონური, მექსიკური, ავსტრალიური, ჩილეს, ამერიკული და სხვა ეგზოტიკური ფლორა.

მწვანე კონცხი ბათუმი აჭარა

 ამ ყველაფრის ფონზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი გახდა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წევრი. აქ არის 3 განსხვავებული, ეგზოტიკური მცენარეების მიწა, კოლხეთის დაცული ტერიტორიების ტყე და 9 ფლორის “დანაყოფი”. ბათუმის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ერთ-ერთ შეუდარებელ ბოტანიკურ ბაღად ითვლება.


კურორტი ქობულეთი

ქობულეთი არის ქალაქი, რომელსაც ყოველ ზაფხულს უამრავი დამსვენებელი აწყდება. ეს არის პატარა ქალაქი, მყუდრო და ლამაზი სახლებით მოკაზმული. კურორტი ცნობილია თავისი კლიმატითა და კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით. 12 კილომეტრიანი ნაძვნარი, ზღვის წყალი, მზის მცხუნვარება, ყველაფერი ეს ქმნის არაჩვეულებრივ პირობებს არა მხოლოდ კარგი დროის გასატარებლად, აგრეთვე, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ქობულეთის ზღვის წყალი განსაკუთრებით კარგია კანისთვის. აქვეა მინერალური წყლებიც, რომელთა სამკურნალო თვისებები აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის დროს.

kobuleti

ჩაქვი

ქობულეთიდან 12 კილომეტრში მდებარეობს კურორტი ჩაქვი. ის მყუდრო სანაპირო ზოლით გამოირჩევა, სადაც ერთმანეთის მიყოლებით არის ჩაწიკწიკებული სასტუმროები და პატარა კოტეჯები. სანაპირო ზოლს სახლებისგან ყოფს მხოლოდ ლამაზი ხეხილის ბაღები და რკინიგზა. საბჭოთა კავშირში აქ რამდენიმე სარეკრეაციო სახლი ფუნქციონირებდა. დღეისათვის, ჩაქვი ცნობილია სასტუმრო Dreamland Oasis- ით. იყო დრო, როდესაც ჩაქვში სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებდა, რომელიც დაკავებული იყო ჩაის და სუბტროპიკული კულტურების შესწავლითა და გავრცელებით. ინტენსიურად იკვლევდნენ ქართული ჩაის სახეობებს. დღეისათვის, 20-ზე მეტი ცნობილი ქართული ჩაი მოჰყავდათ სწორედ აქ. 

chakvi oasis

ჩაის კულტურა საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება, როდესაც რუსეთის იმპერატორმა, ეკატერინე მეორემ, ქართლის მერე ერეკლე II- ის საპატივცემულოდ ჩინური ჩაის ბუჩქის ფოთლები გამოგზავნა. მეორე ისტორიაც არსებობს, საკმაოდ სახალისო, რომლის მიხედვით, XIX საუკუნის მიწურულს, მიხეილ ერისთავი, დიდებული გურიიდან მოგზაურობდა ჩინეთში. აქ მან დააგემოვნა ჩინური ჩაი და იმდენად მოეწონა, რომ აკრძალვის მიუხედავად გადაწყვიტა მისი წამოღება. რახან ჩინეთის საზღვარს იქით სასტიკად აკრძალული იყო ნებისმიერი სახის ნერგის ან თესლის გატანა, მიხეილმა ჩაის ნერგები ხელჯოხის შიგნით ჩამალა და ასე, მალულად წამოიღო სამშობლოში. მოგიანებით, გურიელის ამ ოინის წყალობით, დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის წამყვან საქმიანობად სწორედ  ჩაის მოყვანა იქცა- სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში