საქართველოში მრავალი ტბაა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბატეთის ტბა. თუ თქვენ გაქვთ თავისუფალი მხოლოდ ერთი დღე და გსურთ მოაწყოთ მცირე ლაშქრობა, განიტვირთოთ ბუნებაში ტბის პირას, ან უბრალოდ მოაწყოთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად, ეს ადგილი გაამართლებს თქვენს სურვილებს. ხეობა და ტბა სილამაზით ნამდვილად გამორჩეულია. იშვიათად თუ შეხვდებით ასეთ მწვანე წალკოტში ჩაფლულ ტბას, ტყის შუაგულში და მისასვლელად საკმაოდ მარტივიც რომ იყოს. ალბათ ეს არის მიზეზი თუ რატომ დაიმსახურა ასეთი დიდი მოწონება და ინტერესი ტბამ.

ბატეთი მეწყრული წარმოშობის ტბაა, რომელიც მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე. ტბა გარშემორტყმულია შერეული ტყით დაფარული გორებით, ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. წყალში წითელ წიგნში შემავალი, უიშვიათესი ჯიშის, მცირეაზიური ტრიტონი ბინადრობს. ტბიდან გამოედინება ნაკადული.  ტბის სამხრეთ ნაწილი დაჭაობებულია, სადაც კარგად ხარობს მცენარეები და ულამაზეს პეიზაჟს გვთავაზობს.

ბატეთის ტბის მოსანახულებლად სასურველი სეზონებია გვიანი გაზაფხული, ზაფხული ან ადრეული შემოდგომა. ზამთარში კი ტბა გაყინულია.

შემოდგომა აქ განსაკუთრებით ლამაზია, მზიან ამინდებში, როცა ტბის გარშემო ტყე წითელ-ყვითელი ფერებით იფარება.

ძამის ხეობაში, ყველაზე მწვანე ხეობაში, ბატეთის ტბის გარდა არის ათეულობით ისტორიული ძეგლი, ეკლესია მონასტრები, ციხე კოშკები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ტბისკენ მიმავალ გზაზე.

მარშრუტი ერთ დღიანია, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოაწყოთ ორ დღიანი გასვლა. ტბასთან არის საბანაკე ადგილი, წყალი შეგიძლიათ აიღოთ მდინარიდან ან გზად მონასტრის ტერიტორიაზე შეგხვდებათ წყარო.

დედაქალაქიდან ქარელამდე მანძილი 105 კმ-ია. ქარელიდან ძამის ხეობა 23 კმ-შია. სამანქანო გზის დასრულების შემდეგ, ტბისკენ ფეხით მოგიწევთ სიარული, დაახლოებით 3კმ. ქარელიდან ძამის ხეობისკენ მიდის გრუნტიანი გზა, გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით, თუმცა გზის ბოლო მონაკვეთი დაზიანებულია და სასურველია მაღალი გამავლობის ავტომობილით გადაადგილება. რაც შეეხება ბოლო საფეხმავლო 3 კმ-ს, ბილიკი მიუყვება სატყეო გზას, რომელზეც შესაძლებელია 4x4 ზე მანქანით და კარგი მძღოლით გადაადგილება, თუმცა ნაწვიმარ ამინდში არის ტალახი და ამ უკანასკნელითაც ჭირს მოძრაობა.

ტბაში ბანაობა არ შეიძლება, ნაპირები არ არის მოსახერხებელი, ტბაც დაჭაობებულია და ყავს ბინადრები, როგორიც არის ტრიტონი.

რაც შეეხება თევზაობას, არც ამ მიზნით ღირს ტბის მონახულება, რადგან ამ ტბაში თევზები არ არიან.

ეს მარშუტი სირთულით წარმოადგენს მარტივ მარშრუტს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ სილამაზის ნახვა.

შეგიძლიათ იხილოთ და გაგვიზიაროთ შთაბეჭდილელები.