ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით. ის მთელს ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი პარკია. თუ მის მონახულებას დააპირებთ, დამიჯერეთ წინ ნამდვილად საოცარი თავგადასავალი გელით, დახუნძლული ემოციებით, აღფრთოვანებით, ველური ბუნების შეცნობით, ვერ გაძღებით თვალუწვდენელი ხედების ცქერით. სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ის მწვანე სამოთხეა. მისი დაარსების ისტორია კი მეტად საინტერესოა. ნათქვამია, რომ ზოგი ჭირი მარგებელია, სწორედ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდგომ მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს ეს ადგილი ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა აქ საზაფხულო რეზიდენცია გაეშენებინა. აქედან იწყება სწორედ ბორჯომ-ხარაგაულის პარკის დაბადების ისტორია. მიხეილ რომანოვის ინიციატივით აიკრძალა ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობა და ხეების მოჭრა. ასე დაარსდა ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი. მთელი საუკუნე გავიდა, მანამ, სანამ მას ოფიციალურად დაასახელებდნენ, როგორც ეროვნულ პარკს- ზუსტად 1995 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით  ის დაცულ ტერიტორიად გამოაცხადა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი არის პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეროვნული პარკი მთელს კავკასიაში, ევროპაში კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა.

ბორჯომ-ხარაგაულის პარკი

აქ არის 11 ბილიკი:

1. ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი- აქ შეგიძლიათ იხეტიალოთ წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ნახოთ ლომის მთა, ლომის მთის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია. ეს არის კოლხური სუბტროპიკული ტყე. მარშრუტის მთელი სიგრძე 43 კილომეტრია, სადაც თითოეული ნაბიჯი ახალი თავგადასავლისკენ წაგიყვანთ, იხილავთ დაუვიწყარ ხედებს. აქ წააწყდებით აგრეთვე საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ უიშვიათეს ხეებს. კარგ ამინდში შეგეძლებათ ევროპის უმაღლესი მწევერვალის- იალბუზის დანახვა. აქაურობას განსაკუთრებულ ელფერს სძენს აყვავებული დეკა მაისში და როდოდენდრონი ივნისში. 

ლომის მთა

2. წმ.ანდრეა პირველწოდებულის ბილიკი- მას მიყავხართ ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალ- სამეცხვარეოსთან,ასევე ნახავთ მთა რკინის ჯვარს და უმშვენიერეს სუბტროპიკულ ტყეებს. შეგიძლიათ მთელი დღის უბრალოდ იდგეთ და უყუროთ ბუნების საოცარ ქმნილებებს, და განიტვირთოთ ფართოფოთლოვანი ტყეების სიღრმეში, მსგავს სილამაზეს ვერსად ნახავთ.

წმ.ანდრია პირველწოდებულის ბილიკი

3. პანორამების ბილიკი -ეს არის წრიული ბილიკი, აქ არის ნიამორების ვოლიერი, რისი მთავარი მიზანიც გახლავთ ველურ გარემოში გადაშენებული ცხოველების ხელახალი გამრავლება და მათი კვლავ გაშვება ეროვნული პარკის მიდამოებში. ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ველური ბუნების ამსახველი კადრები. ბილიკი განსაკუთრებულია არა მხოლოდ იმით, რომ აქ გასაოცარ ხედებს ნახავთ, არამედ იმითაც, რომ წააწყდებით აქ გავრცელებული ცხოველების ნაფეხურებს, მათი დათვალიერება კი მოგზაურთათვის ერთ-ერთი უსაყვარლესი პროცესია. ასეთი ნაკვალევებია, მაგალითად : კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), დათვი (Urus actors), მგელი (Canis lupus). აქვე შეგიძლია იხილოთ მწყემსთა პატარა ქოხები, გაეცნოთ მათი ცხოვრების სტილს…

4. ხელუხლებელი ტყის ბილიკი- ერთ-ერთი ყველაზე რთულად სალაშქრო ბილიკია.
5. ზეკარის უღელტეხილის ბილიკი- მარშრუტი იწყება აბასთუმანში
6. ნაკვალევის ბილიკი- აქ ნახავთ საქართველოს წითელ წიგნში შესულ ხის უიშვიათეს სახეობას - უთხოვარას, (Táxusbaccáta), რომელიც ევროპაში არსებულ ხეებს შორის ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა.
7. ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი- აქ ნახავთ წმ.ნინოს სახელობის ეკლესიას, ქალაქ ბორჯომის ულამაზეს ხედებს. ბილიკის გასწვრივ შესაძლებელია სასიამოვნო პიკნიკის მოწყობა.
8. მეღრუკის ხეობა- ეს არის საფეხმავალო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის ბილიკი.
9. მწყემსების ბილიკი- გზად თქვენ შეხვდებით მწყემსების საზაფხულო ქოხებს, სადაც ისინი ზაფხულობით შინაურ პირუტყვს ინახავენ. 
10. თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი- ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბილიკია მოლაშქრეებს შორის.
და ბოლოს, 11. ლიკანის ხეობის ბილიკი- ეს ბილიკი ეროვნული პარკის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს მათთვის, ვისაც არ აქვს ხანგრძლივი დრო და სურს იხილოს აქ არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნება და პანორამული ხედები.


ბორჯომ-ხარაგაულის პარკი შეიძლება ითქვას, ამოუწურავი ფენომენია, ყოველ ჯერზე უფრო მეტ სილამაზეს აღმოაჩენთ, უფრო მეტად განცვიფრდებით, არასდროს მოგბეზრდებათ იქ ხეტიალი, მეტიც, რაც არ უნდა დიდი ხნით წახვიდეთ, დრო ვერასოდეს იქნება სამყოფი იმისთვის, რომ ბოლომდე შეისწავლოთ ის. გირჩევთ რომ აუცილებლად წახვიდეთ ბორჯომ-ხარაგაულის პარკში და სულ მცირე ერთი ბილიკი ინახულოთ. ეს ემოციები სამუდამოდ დაგრჩებათ.