გომისმთა წარმოადგენს საზაფხულო მაღალმთიან კურორტს გურიაში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და აქვს ბუნებრივი სამკურნალო თვისებები. სიმაღლე ზღვის დონიდან 2100 - 2755 მეტრამდეა.

კურორტი გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის ტყეებით, მდიდარია მინერალური წყლებით, სამკურნალო კლიმატითდა სხვა ბუნებრივი რესურსებით.საკურორტო სეზონი, ისევე როგორც ბახმაროში,  მხოლოდ ზაფხულის, სამი თვის განმავლობაში გრძელდება. კურორტზე არ არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა, არ არის ელექტრომომარაგება და წყალგაყვანილობის სისტება. ადგილობრივები წყალს მთის წყაროებიდან იღებენ. ეს არის მიზეზი გომის მთის კოტეჯებში, ხშირ შემთხვევაში, სველი წერტილების არ არსებობისა. გომის მთაზე, ისევე როგორც ბახმაროში, პოპულარულია ტიპური ხის სააგარაკო სახლები. რომლის ქირაობაც შესაძლებელია.

გომისმთას, ამ ეტაპზე, არ გააჩნია სასტუმრო, კურორტზე არ არის მაღაზიები, აფთიაქი, გასართობი პარკი პატარებისთვის, კაფე ან სხვა რაიმე გართობის საშუალება. იმ შემთხვევაში თუ გომის მთაზე დასვენებას გადაწყვეტთ, საჭიროა ყველაფერი თან წაიღოთ, ცივილიზაციისგან მოწყვეტილი სიმშვიდეში, სუფთა ჰაერზე, ბუნებაში გაატაროთ დრო.

გომისმთა წარმოადგენს ასევე საზაფხულო სოფელს, სადაც უმეტეს წილად ამოდიან აჭარიდან ადგილობრივები, ამოჰყავთ ნახირი საზაფხულო საძოვრებზე და ამზადებენ ნატურალურ რძის პროდუქტებს. შეგიძლიათ შეიძინოთ და დააგემოვნოთ ადგილობრივი რძის პროდუქტები. მათ შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს „კაიმაღი“, რომელიც თუ ერთხელ დააგემოვნეთ, მის მირთმევაზე უარს ვეღარ იტყვით. კაიმაღი რძისგან გამოცალკავებული  ნაღებია და არის ძალიან მსუყე.

აგვისტოში (რიცხვი ყოველწლიურად ცვალებადია) კურორტზე იმართება დღესასწაული „გომისმთობა“. ეწყობა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი და იმართება დოღი.

კურორტის ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს ასევე საღამოობით კოცონი და მის გარშემო შეკრება, სიმღერა და მხიარულება.

გომისმთა ცნობილია, როგორც ღრუბლებისა და ნისლების სამეფო, რაც გამოწვეული ტენიანი ჰავისგან. დამსვენებლები და მოგზაურები კურორტს ხშირად ამ მიზეზით სტუმრობენ, ადიან შემაღლებულ გორაზე საიდანაც თვალწარმტაცი ხედი იშლება, იქნება  ეს „ღრუბლების ზღვაში ჩამავალი მზე“ თუ „ნისლებში მზის ამოსვლა“. ასეთი სილამაზის გადმოცემა არც სიტყვებით და არც ფოტოკამერითაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ნახო.

გომისმთასთან ახლოსაა ჭინჭაოს ტბა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2500 მეტრზე. კურორტიდან ტბამდე მანძილი 11 კმ-ია. ტბამდე მიდის სამანქანო გზა, რომელზეც გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი.

ზამთარი გომისმთაზე უხვთოვლიანია და ცივი, ზაფხული ზომიერად გრილი.

მანძილი დედაქალაქიდან 340 კმ-ია, რაიონულ ცენტრ ოზურგეთიდან 33 კმ.

გომისმთის გზა არ არის მოასფალტებული, თუმცა ნებისმიერი ტიპის მანქანითაა შესაძლებელი მისვლა.

ტრანსპორტი დედაქალაქიდან გადის ყოველ დღე ოზურგეთის მიმართულებით, როგორც ავტობუსი ისე მიკროავტობუსი და მატარებელი.

ოზურგეთიდან გომის მთის მიმართულებით ხშირად არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიზეზი მცირე მოთხოვნაა. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ ტაქსის დაქირავება ან „ავტოსტოპი“.