სამეგრელო- ზემო სვანეთში მდებარეობს პატარა სოფელი ჰეშკილი, მესტიიდან 6 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, სამთო- სათხილამურო კურორტ ჰაწვალისკენ მიმავალ გზაზე. სოფელში უძველესი ძეგლები და რელიგიური ნაგებობებია, თუმცა ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ მე სტატიას ვწერ. ეს “ჰეშკილის ქოხების” დამსახურებაა. ეს მეტად საინტერესო ადგილია, რომელიც დამსვენებელს იზიდავს თავისი პატარა, საოჯახო სასტუმროებით. შეიძლება ითქვას, რომ “ჰობიტის სამყარო” მკითხველმა პირდაპირ წიგნიდან სვანეთში გადმოიტანა. იქნებ სწორედ ტოლკინის წიგნმა შთააგონა მეპატრონე აქ ეს ქოხები აეშენებინა? ვინ იცის…

Heshkili Huts, svaneti

მინდა გითხრათ, რომ ამ სასტუმროში ერთი ქოხი პირდაპირ ხეზე მდებარეობს, როგორც ზღაპრებში. სტუმრებში ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ ეს გამოირჩევა. ზოგადად ჰეშკილის ქოხებიდან საოცარი ხედები იშლება, წვიმის შემდგომ ცისარტყელა არნახულად ახლოს გადაკრავს სარტყელს ცაზე, სვანეთის ბუმბერაზი მთები და საოცარი სიწყნარე მხოლოდ თქვენ გელოდებათ. ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდა ეს მივიწყებული სოფელი თავისი პაწაწინა ქოხებით დამსვენებელთათვის საყვარელი ადგილად. დღეისათვის აქ 6 ქოხია, 7 ოთახით, დაახლოებით 23 სტუმარს მასპინძლობს, ქოხებს გარედან ლამაზი ღობე აქვს შემოვლებული, სადაც ბაღებია გაშენებული, აქვეა ტერასა და ბარიც. საღამოს გასართობებიც და საერთო სამზარეულოც თქვენს ხელთაა.


Heshkili Huts, Svaneti mestia


საინტერესო ფაქტები:

  • “ჰეშკილის ქოხები” მდებარეობს მთებში, მესტიიდან 7 კილომეტრში
  • ზღვის დონიდან 1900 მეტრზეა
  • სამანქანო გზას პირდაპირ ქოხებთან მიყავხართ
  • ეს სიამოვნება ღამეში 25-30 ლარი ჯდება (არ შედის კვების საფასური), ფასი დამოკიდებულია იმ ქოხზე, რომელსაც აირჩევთ.
  • დღეში საკვების ერთხელ მიღება 5 ლარიდან-15 ლარამდე ჯდება (აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი, ტრადიციული კერძები)
  • ჯერჯერობით აქ არის 3 სველი წერტილი
  • მსოფლიოში ცნობილი იალბუზი აქედან 28 კილომეტრშია.