ლეჩხუმის რეგიონი მდიდარია ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. მათ შორის ერთ-ერთი ბუნების ძეგლი არის კლდოვანი მასივი - საირმის სვეტები.

საირმის უდაბნო სოფელ ალპანასა და ჭრებალოს შორის სოფელ საირმესთან მდებარეობს. მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს უღელტეხილიდან, სადაც გზა აღმართსა და დაღმართს შორის იკეცება, აღმოსავლეთით მოსჩანს საირმის კლდოვანი სვეტები.

საირმის უდაბნოს ტერიტორიაზე მოწყობილია საფეხმავლო მარშრუტი „საირმის სვეტები“, რომლის სიგრძე 3 კმ-ია. უღელტეხილიდან გზა უხვევს ტყეში, სადაც 1კმ დაფარვა შესაძლებელია მაღალი გამავლობის მანქანით.  შემდეგ გზა გრძელდება ვიწრო ბილიკზე, რომელიც სერპანტინებით ადის ტყეში აღმართზე. აღმართის გავლის შემდეგ გზა მიუყვება მთის თავზე, სადაც შეხვდებით შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევებს. ნანგრევებიდან რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ბილიკი მთვარდება მთის წვერზე ზღვის დონიდან 680 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება საირმის სვეტებზე.

მანძილი თბილისიდან 243კმ, ქუთაისიდან 48კმ, ამბროლაურიდან 35კმ.

უღელტეხილზე, საიდანაც იწყება საფეხმავლო ბილიკი შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებით მისვლა. მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

თბილისის ავტოსადგურ „ოკრიბადან“ დილის საათებში გადიან სამარშუტო ტაქსები სოფელ ჭრებალოს მიმართულებით. მგზავრობის საფასური შეადგენს 20 ლარს. ასევე ქუთაისის ავტოსადგურიდან გადიან ლენტეხის მიმართულებით, მგზავრობის საფასური შეადგენს 8 ლარს.