სამცხე ჯავახეთის რეგიონი არის ნაწილი დღევანდელი ძველი მესხეთის და მოიცავს სამ ისტორიულ პროვინციას- სამცხეს, ჯავახეთსა და თორს. რეგიონს აქვს გამორჩეული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რაც ხელს უწყობდა საუკუნეების განმავლობაში მის ეკონომიკურ, კომერციულ და კულტურულ ურთიერთობებს მოსაზღვრე სახელმწიფოებთან. სამცხე -ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია ისტორიულ- კულტურული თვალსაზრისით. მდიდარია კულტურული მემკვიდრეობებით- უძველესი, ანტიკური დასახლებებიდან დაწყებული, აკლდამებითა და ციხესიმაგრეებით დამთავრებული. არც ბუნების გულუხვობა დაკლებია: გამოირჩევა ნამარხებით- მაგალითად, გოდერძის უღელტეხილის მიდამოებში მდებარეობს ყველასათვის კარგად ცნობილი გოდერძის ნამარხი ტყე, რომლიც ბუნების ძეგლს წარმოადგენს, დათარიღებულია ე.წ. “მესამეული სისტემის პერიოდით". აქვეა ჯავახეთის ეროვნული პარკი, რომელიც დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული და წარმოადგენს ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უმთავრეს მარშრუტს. სამცხე -ჯავახეთში აღმოჩენილია ღვინის ქვევრი, ისევე როგორც ღვინის მარანი, იმ ადგილებში, სადაც ყურძენი საერთოდ არ მოდის… დამეთანხმებით, მეტად უცნაური და საინტერესოა… არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ სამცხე -ჯავახეთს დანამდვილებით შეიძლება ეწოდოს საქართველოს რეკრეაციული კურორტების ცენტრი. მართლაც, თუ თვალს გადავავლებთ, ისეთი სამკურნალო კურორტები, როგორიცაა ბორჯომი, ბაკურიანი, ლიკანი, მიტარბი, ცემი, აბასთუმანი- სწორედ სამცხე- ჯავახეთში მდებარეობს.


ბორჯომი

ბორჯომი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი  და პოპულარული კურორტია, რომელიც მდებარეობს 155 კმ-ში თბილისიდან, მესხეთისა და თრიალეთის თვალწარმტაც ქედებს შორის, რომლებიც დაფარულია ხშირი, წიწვოვანი ტყეებით. მდინარე მტკვარი ბორჯომს ორ ნაწილად ჰყოფს. ბორჯომის მიდამოებში ხეობას აქვს კანიონის ფორმა, რაც გამოწვეულია ბაკურიანის ლავას ამოფრქვევის შედეგად. ბორჯომის სამკურნალო “ღირსებები” ოდითგანვე გამოიყენებოდა მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნის მიერ, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიერ. მისი თვისებები მეტწილად განპირობებულია მისი გირჩოვანი, უიშვიათესი სიხშირის, ე.წ. “ბნელი” ტყეების მიერ.ზამთარი აქ ზომიერად ცივი, მყარი თოვლითაა დაფარული დეკემბრიდან მარტის პირველ ნახევრამდე. ბორჯომის მინერალური წყლები თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებებით სახელგანთქმულია, როგორც მინერალური წყლების “დედოფალი”.  XIX საუკუნიდან ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა, მას შემდეგ, რაც რუსი იმპერატორის -რომანოვთა ოჯახმა აქ აიშენა რეზიდენცია, სადაც დასასვენებლად ჩამოდიოდნენ. დღეისათვის ბორჯომის მინერალური წყლები გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის არის: ქრონიკული გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, დიაბეტი, ღვიძლის დაავადებები და მეტაბოლიზმთან დაკავშირებული პრობლემები.

ბორჯომის ხეობას აქვს უნიკალური სილამაზე, სადაც არნახული რაოდენობის სხვადასხვა ჯიშის მცენარეს წააწყდებით, ისევე როგორც თავად ბუნების მრავალფეროვნებას. აქ ბევრი კურორტია, სადაც შეგიძლიათ სასიამოვნო დღეები გაატარო და ჯანმრთელობაც გაიუმჯობესოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ბორჯომში დასვენება წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, ნებისმიერ სეზონზე. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არის ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტი. ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანის წყლის მიმდებარე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1,700 მეტრზე. ბაკურიანი შეუდარებელი კურორტია მათთვის, ვისაც უყვარს თოვლი და თხილამურები. საშუალოდ აქ თოვლი 64 სანტიმეტრს აღწევს. სწორედ ამან განაპირობა მისი სათხილამურო კურორტად ქცევა. აქვეა რამდენიმე მოქმედი საბაგირო. ბაკურიანის საზღვართან ბოტანიკური ბაღია, რომელიც ამ საუკუნის დასაწყისში გაშენდა. აქ 1,500 სახეობის ალპური და კავკასიური ეგზოტიკური მცენარეა. საბჭოთა კავშირის დროს, ბაკურიანმა უმასპინძლა არაერთ ზამთრის შეჯიბრს. საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ გუნდთა წევრები ხშირად იკრიბებოდნენ აქ, წვრთნების მიზნით. ბაკურიანის ბუნებითა და ჰაერით განცვიფრებულებმა ბაკურიანს უწოდეს “საბჭოეთის სამთო კურორტთა დედაქალაქი”. ბორჯომის ტერიტორიაზეა აგრეთვე ნამდვილი დედამიწის სამოთხის სადარი “მწვანე მონასტერი”, დასაც ვერ იპოვით ერთი და იმავე ფერის ხეს, ან ფოთოლს, ყოველივე სხვადასხვა ტონალობის სიმწვანით გამოირჩევა.

mwvane monasteri

მდინარე მტკვრის მახლობლად, მთებს შორის მოქცეულია ლიკანი, პარკი,რომელიც დახუნძლულია ასწლოვანი მუხისა და ნაძვის ხეებით. პარკის შუაგულში რომანოვთა დინასტიის სასახლეა აგებული, დეკორატიული მცენარეებითა და ბაღებით. სასახლე 7 შენობისგან შედგება. მთავარი სასახლე მავრიტანული სტილითაა აგებული.

romanovebi palace likani

 უნდა აღვნიშნო, რომ ამ სასახლის მყუდროებას მხოლოდ რომანოვები როდი არღვევდნენ. საბჭოთა კავშირის დროს, ეს სასახლე სტალინის საყვარელ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა. დღეისათვის, პარკში დარგულია არაერთი ეგზოტიკური ხე. რომანოვთა სასახლიდან კი შეგიძლიათ გადახედოთ ავალიშვილთა ფეოდალური საგვარეულოს ციხესიმაგრეს, რომელიც დღეს  პეტრეს ციხის სახელითაა ცნობილი.


აბასთუმანი

აბასთუმანმა მსოფლიო ყურადღება მიიპყრო 1932 წელს, როდესაც აქ პირველი ასტროფიზიკური ობსერვატორია დაარსდა. ზღვის დონიდან 1650 მ. ეს იყო მთელს საბჭოთა კავშირში პირველი ასტროფიზიკური ობსერვატორია. თავად აბასთუმანი აგრეთვე ცნობილია ტყეებით.

abastumani observatory


ახალციხე

ახალციხე საქართველოს ქალაქებს შორის ერთ-ერთი უძველესია. იყო დრო, როდესაც ის ოტომანთა იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, საქართველოს სხვა ქალაქებისგან ის რადიკალურად განსხვავებულია, და ეს განსხვავება თვალშისაცემია.  თავდაპირველად ახალციხე ის მონათა და დამნაშავეთა საპყრობილეს წარმოადგენდა. მისი ისტორიული ცენტრია რაბათი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

rabat castle

 თავად სახელი მოგვითხრობს მისსავე დანიშნულებასა და წარსულზე, რაბათი ნიშნავს ვაჭართა და ხელოსანთა დასახლებას. აქვეა სარგის ჯაყელის ციხესიმაგრე, წმ. მარინას ეკლესია, ფაშას სასახლე ახალციხეში, ქარავან -სარაი, აბანოები და სხვა… რაბათის ტერიტორიაზე დღეს ადგილობრივი ისტორიული მუზეუმია.
სამცხე-ჯავახეთის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ვანის ქვაბები. ვანის სამონასტრო კომპლექსი კლდეშია ნაკვეთი და მდებარეობს ჯავახეთში, ასპინძიდან 27 კილომეტრში. მონასტრის ცენტრში დგას წმ.გიორგის ეკლესია. ვანის ქვაბები მოიცავს 200 კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულს, სადაც სხვადასხვა ოთახებთან ერთად 6 ეკლესია, აკლდამები და გვირაბებია განლაგებული - 16 სართულზე. ეს სანახაობა ნამდვილად შთამბეჭდავია, განსაკუთრებით მაშინ, თუ წარმოიდგენთ, როგორ იმალებოდნენ გარეშე მტრისგან აქ.

 და ბოლოს, ლეგენდარული ვარძია. ვარძიის მონასტერი 13 სართულზეა განლაგებული. ის ორი ნაწილისგან შედგება: კლდეში ნაკვეთი ანანური, და თავად მონასტერი- რომელიც 5 სართულიანია. ჯამში ვარძია მოიცავს 420 გამოყენებად ოთახს. მათ შორის 25 ღვინის სარდაფია, 185 ღვინის კასრით. დღეს დამთვალიერებლებს შეუძლიათ აქ ნახონ 12 სამლოცველო. ვარძია მდიდარია უძველესი ფრესკებითაც.