სამეგრელო-ზემო სვანეთი მდებარეობს ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში. რეგიონი მოიცავს ორ ისტორიულ და გეოგრაფიულ პროვინციას- სამეგრელოსა და სვანეთის ნაწილს. ეს ორი პროვინცია რეალურად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. საკურორტო თვალსაზრისით რეგიონი უნიკალურია, რადგან მოიცავს როგორც ზღვას, ქვიშიან სამკურნალო სანაპიროებს, მინერალურ წყლებს, აგრეთვე მთიან დასახლებასაც. განსაკუთრებით პოპულარულია სამთო-სათხილამურო კურორტებით, შავი ზღვის სანაპიროთი, უმაღლესი მწვერვალებითა და მყინვარებით. ამას გარდა, რეგიონი გამოირჩევა კულტურული მემკვიდრეობითიც.

დავიწყოთ სვანეთით. უშგული არის სასაზღვრო ტერიტორია ზემო სვანეთისა, სადაც რამოდენიმე პატარა სასოფლო დასახლებაა. ზღვის დონიდან 1,600-2,00 მეტრზე მდებარეობს და თავისი მაჩვენებლით ევროპაში უმაღლეს დასახლებას წარმოადგენს. უშგული მღვიმოვან, კარგად დაცულ ხეობაზეა განლაგებული. ჩრდილოეთით ნაძვნარით ხასიათდება, ხოლო სამხრეთით- ალპური მდელოებით.

ushguli

ზემო სვანეთში ბევრი მწვერვალია, რომელიც მარადიული თოვლითაა დაფარული. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამი მათგანი: შხარა, თეთნულდი და უშბა. აქვეა XII საუკუნის ციხესიმაგრეების ფრაგმენტები, რამოდენიმე ეკლესია, 30-ზე მეტი უძველესი კოშკი, რომელიც ამავე დროს საცხოვრებელიცაა. ეს ყველაფერი ერთად კი ქმნის უშგულს. არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ უშგული იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის ქვეშაა და იწოდება, როგორც “მუზეუმი ღია ცის ქვეშ”.

museum under the sky

 უშგულის სამხრეთით მდებარეობს XI-XII საუკუნეებით დათარიღებული ციხესიმაგრე, რომელიც გადმოყურებს უშგულის ოთხივე სოფელს. უფრო მაღლა კი, ჩრდილოეთით წმ. მარიამის ეკლესიაა, რომელსაც ადგილობრივები “ლამარიას” სახელით მოიხსენიებენ. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყოველთაოდ ცნობილია სვანეთის კოშკი, რომელიც 4-6 სართულიანია. სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია ხის საფეხურებისგან. ბოლო სართულზე განთავსებულია ტყვია სასროლი მოწყობილობები. აქვეა აგრეთვე ე.წ. სიყვარულის კოშკი. 

tower of love

ლეგენდის თანახმად, სვანი დიდებულის ქალიშვილი დანიშნული იყო ვაჟზე, რომელიც ომში წავიდა. ქალწულმა ფიცი დადო, რომ მხოლოდ მასთან შეუღლდებოდა და მარადიულად დაელოდებოდა. ვაჟი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. თუმცა, ქალიშვილმა მისი სიკვდილის ამბავი არ დაიჯერა. მაშინ მამამ ააგო სვანეთის შესასვლელში კოშკი, საიდანაც შეძლებდა მას გზისთვის ეყურებინა. და ისიც, სიცოცხლის ბოლომდე, ამ კოშკიდან გაჰყურებდა გზას, და ელოდა მარადიულად. ამ ლეგენდის დამსახურებით, ეს კოშკი განსაკუთრებით პოპულარულია შეყვარებულ წყვილებში.


რაც შეეხება მესტიას, ის ზემო სვანეთის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტია. მდებარეობს ზღვის დონიდან 1,500 მეტრზე, გამოირჩევა თვალწარმტაცი ფერდობებითა და თვალუწვდენელი ხედებით. ცივი და თოვლიანი ზამთარი დამახასიათებელია აქაურობისთვის. ზემო სვანეთში ასვლა მეტად რთულია. სწორედ ამიტომ, საუკუნეების განმავლობაში ის წარმოადგენდა ეროვნული საგანძურის ერთგვარ საცავს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ აქ შეგიძლიათ იხილოთ უნიკალური ხატები, უძველესი ხელნაწერები. დღეს აქ არის მესტიის ეთნოლოგიური და ისტორიული მუზეუმი. თუ მესტიას ესტუმრებით თებერვლის დასაწყისში, დაინახავთ, თუ როგორაა გაბრწყინებული სოფელი პატარ-პატარა კოცონებით. ამ ტრადიციას ლამპრობა ჰქვია, და ერთ-ერთ უძველეს ტრადიციას წარმოადგენს. ამ დღეს ადგილობრივები ხის ნაფოტებისგან კოცონს ანთებენ, იმდენს, რამდენი კაციცაა თითო ოჯახში და ლოცულობენ, ევედრებიან წმ. გიორგის, რომ კარგი წელი ჰქონდეთ.  

lamparoba festival

ანაკლია

შავი ზღვის სანაპიროს აგვირგვინებს ანაკლია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, სწრაფადგანვითარებადი კურორტი საქართველოში. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში აქ იყო ბერძნების დასახლება, რომელთაც ამ ადგილს უწოდეს ჰერაკლია, ბერძნული მითოლოგიიდან გამომდინარე. დროთა განმავლობაში კი ეს სახელი გარდაიქმნა “ანაკლიად”. ამ დროიდან მოყოლებული, ანაკლია მეთევზეთა სოფელს წარმოადგენდა, აქვე იყო ნავსადგურიც. დღეისათვის, ანაკლია ახალგაზრდული, პოპულარული დასასვენებელი ადგილია, სადაც ყოველწლიურად იმართება Gem Fest- ი - საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი. 

gem fest anaklia

ანაკლია ზუგდიდიდან 3 კილომეტრში მდებარეობს, კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილში. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა მის განსავითარებლად : გაჩნდა ახალი სასტუმროები, რესტორნები, აკვაპარკი, ამფითეატრი, კაზინო და სხვა გასართობი საშუალებები. აღსანიშნავია აგრეთვე ქვეითთა ხიდი, რომელიც ორ სოფელს შორისაა მოქცეული- ანაკლია და განმუხური, და გადებულია მდინარე ენგურზე. ეს ხიდი მთელს ევროპაში ყველაზე გრძელი ქვეითთა ხიდია-360 მეტრი. მას მშვიდობის ხიდსაც უწოდებდნენ, რადგან მისი საწყისი წერტილი მიუძღვება მოსიარულეთ აფხაზეთისკენ.

peace bridge


ზუგდიდიდან 70 კილომეტრში, კოლხეთის დაბლობის დასავლეთით მდებარეობს ცნობილი პალიასტომის ტბა, რომელსაც მნიშვნელოვანი სარეკრეაციო ფუნქცია აქვს რეგიონისთვის. ტბას ახასიათებს უიშვიათესი ქართული თევზების სახეობები და  ზოგადად- ფაუნა. თუმცა, ყველაზე მეტად ტბა ყურადღებას იპყრობს მის ზედაპირზე მოლივლივე ფრინველებით. ეს ტერიტორია არის ბუნებრივი არეალი ფრინველებისთვის. გარეული გედები, ყავისფერი და სხვადასხვა სახეობა გარეული იხვებისა. ისინი ტბის ზედაპირზე ჟივჟივებენ და ჟღურტულებენ და გარემოს საოცარ ელფერს სძენენ.

paliastomi lake

განსაკუთრებით ეს მიგრაციის დროსაა შესანიშნავი, რადგან მათი ფრენის მარშრუტი სწორედ ტბის თავზე გადაივლის. წარმოიდგნეთ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ტბის შემოგარენი სავსეა ფრინველთა გუნდებით, და შეუნიღბავი თვალითაც არ გაგიჭირდებათ მათი ყურება. აგრეთვე, ტბაზე თევზაობაც მეტად პოპულარულ გასართობს წარმოადგენს. ყველას, ვისაც ექნება ნებართვა კოლხეთის ეროვნული პარკისა, შეუძლია ნებისმიერ დროს მივიდეს აქ და ითევზაოს.

არ უნდა დაგვავიწყდეს მარტვილი- რამეთუ არ არის ორი გასაოცარი სანახაობა: მარტვილის ეკლესია და მარტვილის კანიონი. მარტვილის ეკლესია მდებარეობს ქალაქ მარტვილში. დაარსდა VII საუკუნის პირველ ნახევარში და მისი ძირითადი ფუნქცია, რელიგიურ რიტუალებთან ერთად, გახლდათ ეროვნული ძვირფასეულობის, განძის დაცვა. ძირითადად გარეშე მტრის შემოსევის დროს მარტვილის ეკლესია ერთგვარ განძის საცავს წარმოადგენდა. აქვე იყო უძვირფასეს ხელნაწერთა საცავიც. დღეისათვის ხელნაწერთა კოლექციამ, რომელიც აქ ინახებოდა, გადაინაცვლა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 2007 წლიდან აღორძინდა მარტვილის ეკლესიაში სამონასტრო ცხოვრება, დაარსდა წმ. ანდრია პირველწოდებულისა ბერთა მონასტერი, ისევე როგორც დედათა წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი.

რაც შეეხება მარტვილის კანიონს, ისიც, რა თქმა უნდა მდებარეობს სამეგრელოს რეგიონში და დღეისათვის აღიარებულია, როგორც ბუნების საოცრება საქართველოში. იყო დრო, როდესაც ეს კანიონი შედიოდა ქართველი დიდგვაროვნების- დადიანების ოჯახის კუთვნილებაში. ისინი აქ, როგოც წესი, საბანაოდ და დასასვენებლად დადიოდნენ. მოგვიანებით ეს ადგილი ადგილობრივებს შორისაც კი მივიწყებას მიეცა.

martvili canyon

დღეისათვის, მილიონობით ტურისტი ჩამოდის საქართველოში მხოლოდ იმიტომ, რომ მარტვილის კანიონი იხილოს- ადგილი, რომელიც ახლოსაა ამქვეყნიურ სამოთხესთან. აქ გასაოცარი ხედებია, უმშვენიერესი ჩანჩქერები, დაუვიწყარი მოგზაურობა ნავით- 300 მეტრზე.შესვლა 15 ლარი ღირს, (სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის- 5 ლარი), ნავით გასეირნება- 13 ლარი, ხოლო დაივინგი, ანუ მოგზაურობა გასაოცარი ფერის წყლის ქვეშ- 50 ლარი. აქ აგრეთვე შეგიძლიათ აიღოთ სასიარულო ტურებიც, რომელიც, დამერწმუნეთ, ნავით ექსკურსიაზე ნაკლებ შთამბეჭდავი და აღმაფრთოვანებელი არ არის. მარტვილის კანიონზე ტურისტული სეზონი მთელი წლის განმავლობაში არ წყდება. განსაკუთრებით კარგი პერიოდი აპრილიდან ოქტომბრამდეა.

და ბოლოს, კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა სამეგრელოში არის დადიანების სასახლე, რომელიც მდებარეობს ზუგდიდში. ეს ისტორიული სასახლე და ახლა უკვე მუზეუმი იყო საცხოვრებელი დადიანების ოჯახისა, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს გამორჩეულ დიდგვაროვანთ მიეკუთვნებოდნენ. დადიანების მუზეუმი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში.