გოდერძის უღელტეხილი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2027 მეტრ სიმაღლეზე. იგი ერთმანეთთან აკავშირებს სამცხე ჯავახეთსა და აჭარას. შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ეს ადგილი უხვი ნალექით გამოირჩევა, ზამთარში ეს ადგილი რამდენიმე მეტრი თოვლით იფარება. აქ სათხილამურო კურორტი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე წარმოდგენილია ორი საბაგირო, გონდოლა და ბაბლი. სათხილამურო ტრასების ჯამური სიგრძე შეადგენს 8 კილომეტრს, ხოლო ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე 2366 მეტრს აღწევს.

სათხილამურო კურორტი გოდერძი

კურორტი გოდერძი მდებარეობს ბათუმიდან 109 კილომეტრის მოშორებით, თუმცა გზის ბოლო რამდენიმე კილომეტრი ცუდ მდგომარეობაშია და ბათუმიდან გოდერძიზე მოსახვედრად დაახლოებით 3 სთ დაგჭირდებათ. ზამთარში საჭიროა ორხიდიანი ავტომობილი, რადგან გზის ბოლო მონაკვეთი მთლიანად თოვლით არის დაფარული. თბილისიდან გოდერძიმდე უმოკლესი გზა ახალციხეზე გაივლის, თუმცა ახალციხე - გოდერძის მონაკვეთი ზამთარში დაკეტილია დიდთოვლობისა და ნამქერის გამო ამიტომ თბილისიდან წასული დამსვენებელი იძულებულია ბათუმის გავლით მოხვდეს გოდერძის უღელტეხილზე რასაც ჯამში დაახლოებით 10 საათი სჭირდება. გზის სიგრძე ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი მხარეა ამ კურორტის, ამის გამო გოდერძიზე თბილისიდან ჩასული დამსვენებლების ნაკლებობაა. თუმცა ეს შეიძლება დადებით მხარედაც ჩაითვალოს, რადგან გუდაურისა და ბაკურიანისაგან განსხვავებით, გოდერძის უღელტეხილზე ვერ შეხვდებით მოსრიალეებისაგან გადაჭედილ ტრასებს, თოვლისაგან გაფხეკილ ადგილებს და საბაგიროს უსასრულო რიგებს. ხალხის სიმცირის გამო სასრიალო ტრასების ხარისხიც დღის ბოლომდე კარგ მდგომარეობაში რჩება.

სათხილამურო ტრასა გოდერძიზე

ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის, რადგან უხვი ნალექის გამო აქ მუდმივად შეხვდებით ფაფუკ, ახალ თოვლს. ასევე გოდერძი გამოირჩევა მრავალფეროვანი ლანდშაფტით. აქ შეგიძლიათ ისრიალოთ ალპურ ზონაში, ხშირ წიწვოვან ტყეში და თვით სოფლებშიც კი. საოცარი შეგრძნებაა, როცა თოვლით ნახევრად დაფარულ სახლებს შორის მისრიალებ. ექსტრემალებს შეუძლიათ შეიგრძნონ ხშირ ტყეში სრიალის სიამოვნება, ზუსტად ისეთი როგორიც ბევრს მხოლოდ ფილმებში უნახავს. კურორტი გოდერძი არც დამწყებ და საშუალო დონის მოსრიალეებს დატოვებს უკმაყოფილოს, რადგან აქ შეხვდებით როგორც რთულ ისე საშუალო სირთულის ტრასებს. ხალხის სიმცირე უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს დამწყებ მოსრიალეებს და ისინი ახერხებენ უსაფრთხოდ და მშვიდად დაეუფლონ სრიალის ტექნიკას.

სრიალი გოდერძიზე

საბაგიროს ფასი აქ გაცილებით ნაკლებია სხვა კურორტებთან შედარებით, დღიური აბონემენტი მხოლოდ 20 ლარი ღირს. საბაგიროები მუშაობს 10 დან 5 საათამდე. აქვე წარმოდგენილია სათხილამურო აღჭურვილობის გაქირავების სერვისი, თუმცა თუ თბილისიდან მიდიხართ უმჯობესია აქედან წაიღოთ, რადგან იქ შეიძლება მცირე არჩევანი დაგხვდეთ.

რაც შეეხება განთავსებას, აქ წარმოდგენილია მხოლოდ სასტუმროები და კოტეჯები საკმაოდ რეალურ ფასად. გუდაურისგან განსხვავებით ფასები არ იცვლება სეზონის განმავლობაში და ახალი წლის ღამეს ათმაგ ფასს არავინ გადაგახდევინებთ. კოტეჯები საბაგიროდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს, ორადგილიანი ნომერი - 100 ხოლო 4 ადგილიანი 150 ლარი ღირს ერთი ღამით. თითოეულ ნომერს გააჩნია ინდივიდუალური აბაზანა. ერთ კოტეჯში მოთავსებულია ორი ორადგილიანი და ორი ოთხადგილიანი ნომერი. კოტეჯის აქვს საერთო სამზარეულო, ტელევიზორი, ბუხარი, რამდენიმე მოზრდილი მაგიდა, უფასო WiFi, ცენტრალური გათბობა, თხილამურების შესანახი ოთახი, სამზარეულოს აქსესუარები: მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, ელექტრო ჩაიდანი, მრავალჯერადი მოხმარების ჭურჭელი. ერთი სიტყვით აქ ყველაფერია კომფორტული ცხოვრებისთვის. თქვენ მხოლოდ პროდუქტების ყიდვა და მანქანით წაღება მოგიწევთ. რაც შეეხება სასტუმროს, აქ ორადგილიანი ნომერი - 80 ხოლო 4 ადგილიანი 120 ლარი ღირს. ფასში არ შედის კვება. სასტუმრო ასევე საბაგიროსთან ახლოს მდებარეობს. ამჟამად მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა კურორტზე და უახლოეს მომავალში უფრო მეტი დამსვენებლის მიღებას შეძლებს საქართველოს ეს უნიკალური ადგილი. გოდერძის უღელტეხილზე ასევე მდებარეობს სასტუმრო მეტეო, რომელიც საბაგიროებიდან მოშორებით, უშუალოდ უღელტეხილის პიკში, სამანქანო გზასთან მდებარეობს. აქ ნომრის ფასები 40 ლარიდან იწყება. თუმცა სასტუმროში მოსახვედრად დაგჭირდებათ სპეციალური თოვლის სატკეპნი მანქანის დაქირავება, რადგან ზამთარში სამანქანო გზა დიდთოვლობის გამო არ ფუნქციონირებს. კურორტზე ახალი წლის დღეებში დიდი მოთხოვნაა და დაახლოებით ორი თვით ადრე ყველა ადგილი დაჯავშნილია, ამიტომ თადარიგი დროულად უნდა დაიჭიროთ.

კოტეჯები გოდერძიზე


გამომდინარე იქიდან, რომ კურორტი გოდერძი ახალი გახსნილია და ინფრასტრუქტურის ნაკლებობაა რაც კურორტის კიდევ ერთ უარყოფით თვისებად ითვლება. აქ ვერ შეხვდებით მრავალფეროვან კვების ობიექტებსა და გასართობ ცენტრებს. კურორტზე ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი რესტორანი და სწრაფი კვების ობიექტები დღის განმავლობაში. აქვე შეხვდებით საოჯახო მაღაზიებს სადაც მხოლოდ ყოველდღიური მოხმარების ნივთებს, შაქარს, პურს, მარილს, ჩაის და მსგავს პროდუქტს შეიძენთ, ამიტომ კურორტზე გამგზავრებამდე აუცილებლად შეიძინეთ ყველა ის ნივთი თუ პროდუქტი რაც იქ დაგჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმში დაბრუნება მოგიწევთ მარაგის შესავსებად. 

სათხილამურო კურორტ გოდერძიზე მოხვედრა ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარი ავტომობილით ან ტაქსით შეიძლება. თუ არ გყავთ მაღალი გამავლობის, ორხიდიანი ავტომობილი შეგიძლიათ ბათუმში ან ხულოში იქირავოთ დელიკას ტიპის ტაქსი, რომელიც მარტივად აგიყვანთ კურორტ გოდერძიზე. ბათუმში მოხვედრა კი შეგიძლიათ როგორც საკუთარი ავტომობილით ისე სამარშრუტო ტაქსით, ავტობუსით, მატარებლით და თვითმფრინავითაც კი.

გთავაზობთ სათხილამურო კურორტ გოდერძის რუკას:

სათხილამურო კურორტ გოდერძის რუკა