ჰაწვალი მესტიასთან ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მდებარე მწვერვალია. ეს ადგილი საუკეთესოა როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში, რადგან აქედან იშლება ულამაზესი ხედები სვანეთზე. მწვერვალზე მდებარეობს ულამაზესი კაფე ზურულდი, რომელიც ფუნქციონირებს ყველა სეზონზე. თუ აქ მოხვდებით აუცილებლად უნდა მიირთვათ გლინტვეინი ულამაზეს მწვერვალ უშბას ფონზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა სრიალისგან გადაღლილი ხართ.

სათხილამურო კურორტი ჰაწვალი არ გამოირჩევა სასრიალო გზების მრავალფეროვნებით. აქ წარმოდგენილია ორი დიდი საბაგირო და ერთი მცირე ზომის, საბავშვო საბაგირო. აქედან ერთი საბაგირო კურორტ ჰაწვალს აკავშირებს მესტიის ცენტრთან. ეს საბაგირო 2017 წლის 23 დეკემბრიდან ფუნქციონირებს. ამიერიდან აღარ მოგიწევთ ტაქსის დაქირავება მესტიიდან კურორტზე მოსახვედრად. რაც შეეხება მეორე საბაგიროს, ის ჰაწვალის წვერზე აგიყვანთ თუმცა ამას საკმაოდ ნელა გააკეთებს. ეს საბაგირო არის ღია და ის დაახლოებით 12 წთ ში მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე. ცივ დღეებში შეიძლება გაიყინოთ ამ 12 წუთში ამიტომ აუცილებლად ჩაიცვით თბილად. ჰაწვალის ყველაზე გრძელი გზა სულ რაღაც 2.8 კილომეტრია, მაგრამ მას სირთულეების ფართო არჩევანი გააჩნია. შეგიძლიათ შეარჩიოთ მარტივი გზა და რამდენიმე წუთში დაეშვათ, ან მოსინჯოთ ტყეში გაუკვალავ თოვლში სრიალი და მთექლი ენერგია ერთ ჩამოსვლაზე დახარჯოთ. ჰაწვალი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია გაუკვალავ თოვლში სრიალის სასწავლად. აქ შეგიძლიათ მოძებნოთ უამრავი ყველანაირი ზედაპირი - ტყე, ბუნებრივი ტრამპლინები, ძალიან დახრილი ფერდობები, ბუნებრივი დაბრკოლებები და უამრავი სხვა. ჩემთვის ყველაზე რთული გზა საბაგიროს ქვეშ დაშვებაა, ეს არის ფერდობი, რომელიც ძალიან დახრილია და ამავე დროს დაშვებისას არ ჩანს რა ხდება ქვემოთ. საჭიროა დაიზეპიროთ ყველა ბორცვი, ხე, ჯირკი და ტრამპლინი რაც ჩემთვის საკმაოდ რთულია. ასე რომ თუ გაუკვალავ თოვლში სრიალის ექსპერტი ხართ, აუცილებლად იპოვით ჰაწვალზე ისეთ ადგილებს, სადაც საკუთარ თავს გამოცდას მოუწყობთ.

დამსვენებლებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილი ზურულდის კაფეა, რომელიც ჩემი აზრით ძალიან ჰგავს სამოთხეს. როდესაც სრიალით გადაღლილი მიირთმევთ ღვინოს და უცქერთ ულამაზეს უშბას და გრძნობთ რამდენად პატარა და უსუსურია ადამიანი ამ გიგანტური მთების წინაშე და როგორ ვუყვარვართ ამ მთებს, რომ მუდამ ასეთ ლამაზ დღეებს გვჩუქნიან. ჭიქა ღვინის შემდეგ კვლავ მიაშურებთ თოვლიან ტრასებს და ახალი ენერგიით დაეშვებით ამ ულამაზეს ფერდობზე. თუ ზამთარში მოხვდებით მესტიაში, ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ შანსს აუცილებლად სცადეთ სრიალი ჰაწვალზე, თუნდაც სულ რამდენიმე საათით.

კურორტი ჰაწვალი მესტიიდან 6 კილომეტრში მდებარეობს. ადრე აქ მოხვედრა მხოლოდ მანქანით შეიძლებოდა, მაგრამ 2017 წლის 23 დეკემბრიდან უკვე შეგიძლიათ პირდაპირ ქალაქიდან მოხვდეთ კურორტზე საბაგიროს გამოყენებით.

საბაგიროს დღიური აბონემენტი აქ 25 ლარი ღირს და მოქმედებს როგორც ჰაწვალის ისე თეთნულდის სათხილამურო კურორტზე, რომელიც მესტიასთან ასევე ძალიან ახლოს, სულ რაღაც 15 კილომეტრში მდებარეობს. თხილამურების ქირაობა შეგიძლიათ მესტიის ცენტრში, სასტუმრო სვანეთის მოპირდაპირე მხარეს სადაც თქვენ შეხვდებით უკიდურესად გამოცდილ სპეციალისტებს და მიიღებთ უამრავ სასარგებლო რჩევას. აქვე ქირავდება თხილამურები გაუკვალავი თოვლისთვის, თოვლის ფეხსაცმელი და სპეციალური აღჭურვილობა ზვავსაშიში ადგილებისთვის, ასე რომ თუ გაუკვალავ თოვლში სრიალს აპირებთ აუცილებლად შეიარეთ ამ ადგილას.

თუ გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარული ხართ და მეტ თავგადასავალს ეძებთ, აუცილებლად ეწვიეთ თეთნულდის სათხილამურო კურორტს. აქ შეხვდებით უფრო გრძელ სათხილამურო ტრასებს და საოცარ ადგილებს გაუკვალავ თოვლში სასრიალოდ.

იხილეთ სათხილამურო კურორტ ჰაწვალის რუკა:
კურორტ ჰაწვალის რუკა