შავი კლდეების ტბა მდებარეობს კახეთში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე. მას ასევე ეწოდება გრძელი ტბა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ამის გამო შავი კლდეების ტბის მონახულება მხოლოდ ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისშია შესაძლებელი. აქ მოხვედრა ზოგჯერ გამოცდილ მოლაშქრეებსაც უჭირთ, რადგან საფეხმავლო ბილიკი იწყება ზღვის დონიდან 500 მეტრზე (ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია) და ადის 3000 მეტრამდე. სიმაღლეთა სხვაობა არის 2500 მეტრი. საქართველოში მსგავსი სიმაღლეთა სხვაობა თითქმის არსად არ გვხვდება. შავი კლდეების ტბაზე მოხვედრა ასევე შესაძლებელია ცხენებით, რომელიც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში შეგიძლიათ იქირავოთ.

შავი კლდეების ტბის მარშრუტი სირთულესთან ერთად მრავალფეროვანი სანახაობითაც გამოირჩევა, აქ შეხვდებით ულამაზეს ხედებს და გზად გაივლით თითქმის ყველა ტიპის ზონას: ფართოფოთლოვანი ტყე, სუბალპური ზონა, ალპური ზონა, სუბნივალური ზონა, აქვე შეხვდებით უამრავ მცენარეს, ფრინველსა და ცხოველს. თუ გაგიმართლათ შესაძლოა ტყეში შველი ან ირემიც გადაგეყაროთ.

შავი კლდეების ტბის მარშრუტზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: შავი კლდეების ტბა - წრიული