სტეფანწმინდა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია თავისი სილამაზით საქართველოში. ეს არის პატარა ქალაქი, გარშემორტყმული ბუმბერაზი მთებით. მისი გასხვავებული ლანდშაფტი სამუდამოდ აღიბეჭდება თქვენს გონებაში. სტეფანწმინდა- როგორც სახელი, მას ახალი მინიჭებული აქვს, როდესაც 21-ე საუკუნეში შეუცვალეს. მისი თავდაპირველი სახელი “ყაზბეგი” იყო, დაკავშირებული გამორჩეულ ქართველ მწერალთან, ალექსანდრე ყაზბეგთან, რომელიც 1848 წელს სწორედ სტეფანწმინდაში დაიბადა.

სტეფანწმინდა იდეალურია მათთვის, ვისაც მთები უყვარს. შეგიძლიათ აქ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროც კი იხილოთ, დარჩეთ და დილით, ახალგაღვიძებული, დატკბეთ მომხიბლავი და გასაოცარი ხედებით. თუ ბუნებისა და ლაშქრობების მოყვარული ადამიანი ხართ, მაშინ შეგიძლიათ ამაზე მეტის გაკეთება, მაგალითად, კლდეზე ცოცვა. ყაზბეგის წვერზე ასვლა ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ გამოცდილებად იქცევა თქვენს ცხოვრებაში. ყაზბეგის მწვერვალი ხომ სწორედ ყველაზე მაღალ მწვერვალებს შორისაა, არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, აგრეთვე- ევროპის. ის ზღვის დონიდან 5047 მეტრზეა. სტეფანწმინდაში არაერთი გასართობი და კულტურული ღირსშესანიშნაობებია: შეგიძლიათ ნახოთ გერგეტის სამება, რომელიც პირდაპირ გადმოჰყურებს სტეფანწმინდას. აქ ასვლა შესაძლებელია მანქანით, ან თუნდაც, ფეხით, რახან საკმაოდ ახლოსაა სტეფანწმინდის ცენტრთან. თუ ამაზე ცოტათი უფრო შორს წახვალთ, შეგიძლიათ იხილოთ გველეთის ჩანჩქერი, რომელიც გასაოცარი სილამაზის ბუნებაშია. აგრეთვე, დარიალის ხეობა, უმშვენიერესი ადგილი, სადაც დარიალის მონასტერიც მოქმედებს. სტეფანწმინდა ახლოსაა ისეთ ცნობილ ტურისტულ ადგილებთან, როგორიცაა ჯუთასა და თრუსოს ხეობები.

სტეფანწმინდა თბილისთან ახლოსაა, სულ რაღაც 150 კილომეტრში, თუმცა აქ მისასვლელად 2 საათი და ნახევარი მაინც არის საჭირო, რახან გზად ჯვრის უღელტეხილზე გიწევთ გადასვლა, გუდაურის მახლობლად, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე. თუმცა ეს დრო სასიამოვნო იქნება თქვენთვის, რახან ირგვლივ ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ თვალწინ. სტეფანწმინდაში ასვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც შესაძლებელია. ისინი გადიან დაახლოებით ყოველ საათში ერთხელ, დიდუბიდან, მგზავრობის საფასური კი 10 ლარია.

მდებარეობა: მდინარე თერგის ხეობაში, მარცხენა სანაპიროზე, კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში.
მანძილი: თბილისიდან 150 კილომეტრი,
ზღვის დონე: 180 მეტრი
ლანდშაფტი: მთიანი
კლიმატი: ნახევრად სამთო, ცივი ზამთარი, მშრალი, მუდმივი თოვლის საფარით, საშუალო ტემპერატურა- იანვარში -5,2 გრადუს ცელსიუსი, ზაფხული- გრილი, საშუალო ტემპერატურა - აგვისტოში 14,4 გრადუს ცელსიუსი.
საშუალო წლიური ნალექი: 786 მმ.
საშუალო წლიური ტენიანობა (შედარებითი): 72%
ბუნებრივი ფაქტორები: კალციუმ -სოდიუმის შემცველობის მინერალური წყლები, მდინარე თერგის მარცხენა სანაპიროზე, სტეფანწმინდიდან 2 კილომეტრში, პანშეტის დასახლებაში. 
სამკურნალო თვისებები: პასიური კლიმატის თერაპია, მინერალური წყლები.
სასარგებლოა დაავადებათა სამკურნალოდ: გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნერვული სისტემების დაავადებათა სამკურნალოდ, აგრეთვე- ანემიისთვის.