მარშრუტი იწყება აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიიდან (ზღ. დონიდან 1500 მ). ობსერვატორიის ტერიტორიიდან გასვლისთანავე ვდგებით სამანქანო გრუნტის გზაზე, რომელიც გადის წიწვოვან ტყეში. მისი ზოგადი მიმართულება ჩრდილო-დასავლეთისკენაა. გავივლით ტყეში აშენებულ ფერმას (ამ ადგილს, ახლომდეგარე მთის მსგავსად, ნასაბაჯვარი ჰქვია), ნება-ნება აღმართით გავალთ ალპურ (უტყეო) ზონაში, მარცხნიდან ჩავუვლით მწყემსების საზაფხულო სადგომს და ფართო სერპანტინით ავალთ უნაგირზე (ზღ. დ. 2370 მ) (სერპანტინის მოჭრა შესაძლებელია საცალფეხო ბილიკით). აქედან მცირედ დაშვების შემდეგ გვხვდება მარშრუტის პირველი წყარო. კვლავ სამანქანო გრუნტის გზით ავალთ მეორე უნაგირზე და მალევე დავდგებით საცალფეხო ბილიკზე, რომელიც გეზს მარჯვნივ, კლდოვანი ქედისკენ იღებს, გადადის მასზე, მარშრუტის უმაღლესი წერტილის (ზღ.დ. 2800 მ) გავლით მიემართება მარცხნივ ფერდობზე და მიადგება ჯაჯის ტბას (ზღ. დ. 2650 მ). ამის მერე კარგად გამოკვეთილი ბილიკით ვეშვებით იაილებისკენ, რომელიც ტბიდან მოჩანს. გზად შეხვედრილი პირველი იაილა (ჯაჯი გიოლი) ასევე მომცრო ტბის პირასაა გაშენებული. აქედან კვლავ ვდგებით სამანქანო გრუნტის გზაზე (რომლის მოჭრაც დროდადრო ბილიკითაა შესაძლებელი) და ჩავდივართ ტყიან ზონაში, მდ. ღაღვის ხეობაში. გზა მრავალჯერ კვეთს მდინარეს და მის შენაკადებს, რომლებზეც ხიდები არ შეგხვდებათ. მარშრუტი დასრულდება სოფ. დერცელის სამანქანო ხიდთან (ზღ. დ. 1520 მ).