მარშრუტი იწყება კურორტ აბასთუმნიდან (1290 ზღ. დ.) სამ კილომეტრში მდებარე ავტომაგისტრალის იმ ადგილიდან, სადაც მდინარე კურცხანა უერთდება მდინარე ოცხეს. შევუხვევთ მარჯვენა მხარეს, გადავალთ ხიდზე, გვერდს ავუვლით შლაგბაუმს და შევალთ მდინარე კურცხანას ხეობაში. ამ ხეობაში მდინარის კალაპოტი ალაგ-ალაგ ემთხვევა სამანქანე გრუნტის გზას, ასე, რომ მოგვიწევს ადგილ-ადგილ მდინარეში გატოპვა. შლაგბაუმიდან 5.5 კმ-ის გავლის შემდეგ, შევუხვევთ მარცხენა მხარეს, გადავკვეთავთ მდინარეს და აღმოვჩნდებით მინდორში, სადაც დგას მეტყევეთა ქოხი. აქ შესაძლებელია დაბანაკება. ამ მინდვრის სამხრეთით მთის ფერდობზე ადის სამხიდიანი მანქანების მიერ გაყვანილი გზა, რომელსაც ჩვენ ავუყვებით. გზად შეგხვდება რამდენიმე გზაგასაყარი. საბოლოოდ ეს გზა აგვიყვანს ალპურ ზონაში, სადაც დავინახავთ მწყემსთა ბინებს. ყველაზე მარცხენა მხარეს მდებარე ბინის სიახლოვეს არის წყარო. წყაროდან გავემართებით სამხრეთი მიმართულებით, გადავკვეთავთ მინდვრებს, ღელეებს, სამანქანე გზებს და მივუახლოვდებით წიწვოვან ტყეს. შევალთ ტყეში და დავიწყებთ დაშვებას სამხრეთი მიმართულებით. ცოტა ხანში დავდგებით ბილიკზე, რომელიც ჩაგვიყვანს ოქროს ციხესთან (ზღვის დონიდან 1740 მ). ციხეზე ასვლა შესაძლებელია ჩრდილოეთის მხრიდან. ოქროს ციხიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიდის ბილიკები, რომელიც წყაროსთან მიგვიყვანს, ხოლო შემდეგ დავდგებით სამანქანო გრუნტის გზაზე. ეს გზა შეგვიყვანს სოფელ გომაროში (ზღვის დონიდან 1560 მ), გავივლით მის ცენტრს და შემდეგ მოვიტოვებთ მას აღმოსავლეთით, გეზს ავიღებთ დასავლეთისკენ, გადავკვეთავთ წიწვოვან ტყეს, გავალთ მინდორში, ავივლით პატარა აღმართს და დავინახავთ ზანავის ციხეს (ზღვის დონიდან 1545 მ). ციხეზე ასვლა ახლა შეუძლებელია, ვინაიდან ასასვლელი კიბე ჩამომტვრეულია. ციხის სამხრეთით მდებარე გრუნტის გზით შევალთ სოფელ პატარა ზანავში (ზღვის დონიდან 1460 მ). სოფლიდან გამოსვლისას, ავირჩევთ მარჯვენა გზას, რომელიც ჭულეს მონასტრამდე (ზღვის დონიდან 1436 მ) მიგვიყვანს. ადიგენში ჩასასვლელად, ჭულედან უკან უნდა დავბრუნდეთ ნახევარ კილომეტრში მდებარე პირველ ღელეს კვეთამდე, სადაც მარჯვნივ შევამჩნევთ ბილიკს. უნდა ავუყვეთ ამ ბილიკს, რომელიც მიგვიყვანს ხელოვნურ არხთან, გავუყვებით მას, გადავკვეთავთ და გავალთ მინდორში, სადაც დავინახავთ შემოღობილ ყანებს. გეზს ავიღებთ სამხრეთი მიმართულებით, ავუვლით გვერდს ამ ყანებს და საბოლოოდ დავდგებით სამანქანო გრუნტის გზაზე, რომელიც ჩაგვიყვანს სოფელ ადიგენში (ზღვის დონიდან 1260 მ), ხოლო იქიდან კი მოვხდებით ქალაქ ადიგენის (ზღვის დონიდან 1150 მ) ავტოსადგურში. აქ დასრულდება ჩვენი მარშრუტი.