მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელი ზემო ომალო, კესელოს ციხე, ეთნოგრაფიული მუზეუმი, შთამბეჭდავი ლანდშაფტები, ფრინველთა მრავალფეროვნება, ნიამორების ნახვისა და მათზე დაკვირვების შესაძლებლობა.

მარშრუტი იწყება თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრიდან და სოფელ ზემო ომალოს გავლით მიემართება კესელოს ციხისაკენ, სადაც ვიზიტორი დაათვალიერებს ციხესა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ქუეს მინდვრიდან (სოფელ ომალოსთან ფიჭვნარი ტყით გარშემორტყმული ტერიტორია) შესაძლებელია ნიამორებზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება. კესელოს ციხეში ფუნქციონირებს კულტურულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (შესვლა უფასოა, თუმცა იქვე დგას შესაწირი ყუთი), რომელიც თუშეთის შესახებ მეტად საინტერესო ექსპონატებს სთავაზობს დამთვალიერებელს.

მოგზაურობა სასურველია დღის მეორე ნახევარში, რადგან ქუეს გადასახედიდან ნიამორების დანახვის ალბათობა უფრო მეტად მაღალია საღამოს საათებში (17:00 – 19:00 სთ). ამ დროს ნიამორები საკვებად გამოდიან ღია ადგილებში და ადვილად შეიძლება დურბინდით მათზე დაკვირვება. ნიამორების გარდა, შესაძლებელია იშვიათი მტაცებელი და ლეშიჭამია ფრინველების დანახვა. მარშრუტზე სასმელი წყალი ხელმისაწვდომია სოფელ ქვემო ომალოს სათავეზე და სოფელ ზემო ომალოში.