მარშრუტი იწყება სოფელი ვლადიმიროვკადან. სოფლიდან დიდი აბულის მისადგომებამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ 4x4 SUV ანუფრო მაღალი გამავლობის ავტომობილით. გზად გაივლით ვრცელ მინდორს, რომელიც განსაკუთრებით ლამაზი ივნისის დასაწყისშია. ყვითელი ყვავილები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.

თუ მოახერხეთ და ავტომობილით მთის ძირამდე მიხვედით, მაშინ მხოლოდ 2 საათის ფეხით სავალი გზა გექნებათ დარჩენილი მწვერვალამდე. გაითვალისწინეთ, რომ წყალი ძნელი მოსაპოვებელია და საკმარისი მარაგი თან იქონიეთ. ადუღების შემთხვევაში შესაძლებელია ტბის წყლის გამოყენებაც.

ბილიკი თავიდანვე სწორად იპოვეთ და შეეცადეთ ბოლომდე არ დაკარგოთ, რაც აღმართზე სიარულს საკმაოდ გაგიადვილებთ. მწვერვალზე ასულებმა შვებით ამოისუნთქეთ და თვალი მოავლეთ არემარეს. არ ელოდით? ხედი დიდი აბულიდან განსაკუთრებულია. თქვენ წინ გადაიშლება აბულ-სამსარის ქედის წარმტაცი ხედები, ასევე ტაბაწყური და სხვა შედარებით მომცრო, თუმცა ულამაზესი ტბები ჯავახეთის ზეგანზე. უკვდავყავით მომენტი გონებაში და „შვილიშვილებისთვისაც“ გადაიღეთ ფოტოები.

გზად კიდევ ბევრი ლამაზი ადგილი გელოდებათ. მწვერვალის შემდეგ გზა შედარებით მარტივია. თქვენ უნდა გაიაროთ პატარა ტბებთან და მიხვიდეთ ლევანის ტბასთან, რომელიც აბულ-სამსარის ქედზე არსებულ ტბებს შორის ყველაზე დიდია.  ლევანის ტბასთან, ისევე როგორც მთელ ქედზე მრავლად შეხვდებით ცხვრის ფარებს. უფრთხილდით ფარის მცველ ქართულ ნაგაზებს, რომლებიც სტუმართმოყვარეობით ნამდვილად არ გამოირჩევიან. ყოველი შემთხვევისთვის, თან იქონიოთ ჯოხი, საჭიროების შემთხვევაში მათ მოსაგერიებლად.