სამანქანო - ინტეგრირებული საფეხმავლოსთან, საშუალო სირთულის

მარშრუტი იწყება ქ. დედოფლისწყაროდან და მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით ვაშლოვანის დაცვის სადგურისკენ. ვაშლოვანის სამცველოსთან მისული ვიზიტორების თვალწინ მოულოდნელად იშლება შირაქის ველის ერთფეროვანი რელიეფისგან მკვეთრად განსხვავებული, ველური სიცოცხლით სავსე ვაშლოვანის ქვაბული, რომელიც მორთულია რელიქტური ხე-მცენარეებით – დიდრონი საკმლის ხეებითა (საღსაღაჯები) და მარადმწვანე ღვიებით. ამ ადგილას მოწყობილია საპიკნიკე, სადაც შესაძლებელია წახემსება და ადგილობრივი ხედებით ტკბობა.

დაცვის სადგურიდან მარშრუტი მიემართება პანტიშარას ხეობისკენ. ხეობისკენ მიმავალი გზა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ ორი ლანდშაფტის მიჯნას წარმოადგენს: გზის მარჯვენა მხარეს მოჩანს ქსეროფიტული ბალახეულობით დაფარული, ნაზი კონტურების მქონე ნაგომრების ქედი, ხოლო მარცხენა მხარეს – გზიდან 50-70 მეტრის ქვემოთ, ციცაბო ფერდობებით გამოყოფილი, არიდული ტყით დაფარული და ღრმა ხეობებით დაქსელილი ვაშლოვანის ნაკრძალი. ქედის თხემზე მიმავალი გზა თანდათანობით ქვემოთ ეშვება და ჩადის პანტიშარას ვიწრო ხეობაში, რომლის ორივე მხარეს აღმართულია ციხესიმაგრეების მსგავსი შვეული კლდეები, რომლებზეც მერცხლებს უამრავი ბუდე აუშენებიათ და სწორედ ამიტომ, ამ ადგილს „მერცხლების ქალაქი“ეწოდება

სამხრეთისაკენ ხეობა თანდათან ფართოვდება და „ალესილების“ ვრცელი პანორამა იშლება, ეს ადგილები მტაცებელი ფრინველების დათვალიერების საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა. აქედან მარშრუტი ისევ ხეობაში ბრუნდება და მისი შენაკადისკენ - “დათვის ხევისკენ” იღებს გეზს. „დათვის ხევი“-ს დასაწყისში მოწყობილია საპიკნიკე და ავტოსადგომი, სწორედ აქედან იწყება საფეხმავლო მარშრუტი, რომელიც ღრმად შედის ხევში და მის ფერდობებში გაშიშვლებულია განამარებული ზღვის მოლუსკები, რაც ამ ადგილზე ოდესღაც ზღვის არსებობას ადასტურებს. მარშრუტის მთავარი სანახაობა სამხრეთული სპილოს გაქვავებული ძვლებია, მათ შორის ყველაზე დიდი 87 სმ-ს აღწევს და კარგად წარმოაჩენს მილიონი წლის წინ მცხოვრები ძუძუმწოვრის გიგანტურ ზომას. აქვე შესაძლებელია დათვის, მგლის, გარეული ღორის, ფოცხვერის ნაკვალევის ნახვაც.


ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის და კოტეჯის დასაჯავშნად დარეკეთ - 577 10 18 49 ან დაუკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე - nseturidze13@gmail.com (ნინო სეთურიძე, ვიზიტორთა ცენტრის სპეციალისტი)

http://apa.gov.ge/ge/eco-tourism/servisebi-da-tarifebi/VashlovaniProtectedAreas