ბილიკი იწყევა დათიჯვრის უღელტეხილიდან და მთავრდება პანკისის ხეობაში. მარშრუტი მოიცავს უკანაფშავისა და მიღმახევის გამყოფ ქედს, ბორბალოს უღელტეხილს, ალაზნისა და იორის სათავეს და ტბათანას.

დღე პირველი  - მარშრუტი იწყება დათიჯვრის უღელტეხილიდან და მიემართება აღმოსავლეთისკენ მიღმახევისა და უკანაფშავის გამოყოფი ქედის გასწვრივ. ბილიკი გთავაზობთ ულამაზეს პანორამულ ხედებს კავკასიონზე, ფშავსა და კარგ ამინდში მოშორებით მდგომ ჭაუხებსაც კი დაინახავთ. დღის ბოლოს როცა უკვე დაღლილობა თავს შეგახსენებთ (17 კმ მოიტოვეთ უკან) მიადგებით საკარვე ადგილს, რომელსაც არ შეიძლება სამოთხე არ უწოდო. იქ სადაც ქედი წელს იკეთებს ზღვის დონიდან 2700 მეტრზე მდებარეობს პაწია ტბა. უბრალოდ ლამაზი ოღონდ სუნიანი გუბე არ გეგონოთ, ტბა მუდმივად ახლდება პატარა ნაკადულით, რომელიც დასალევადაც გამოდგება. ყველაფერი ეს ერთად საოცარ გარემოს ქმნის დამქანცველი დღის ბოლოს განსატვირთად.

დღე მეორე  - დილა არის მშვენიერი, განსაკუთრებით მაშინ კარვიდან გამოსულს ხედის შემყურე აღფრთოვანებისგანბავშვივით კუნტრუში და ღრიალი რომ გინდება. ამ საბანაკეზე დაძინებაზე უკეთესი გაღვიძება ყოფილა.  გზა კიდე ბევრია და თქვენც დილიდანვე მოგიწევთ შეერკინოთ ბორბალოს უღელტეხილის აღმართებს. მთელი მეორე დღის განმავლობაში წყლის მოპოვება ძალიან რთული იქნება ამიტომ უმჯობესია დღენახევრის საკმარი წყალი თან იქონიოთ. ბილიკი კარგად ეტყობა და 1.5 საათში უკვე უღეტეხილზე ახვალთ. თუ ბედმა კარგი ამინდი გარგუნალ ხეობაში ჩაიხედეთ, დაინახავთ ალაზნის სათავეს. უღელტეხილზე ცოტა შეისვენეთ და გული გაიმაგრეთ საკმად სახიფათო მონაკვეთი იწყება. თუ საკუთარი თავის იმედი არ გაქვთ ან სიმაღლის პანიკურად გეშინიათ სჯობს ალტერნატიული გზა მოძებნოთ. უმჯობესია თუ ბილიკის ამ მონაკვეთს თოკში ჩაბმულები გაივლით. სვლა უნდა გააგრძელოთ მარჯვნივ და ახვიდეთ სახიფათო სერზე  და ამ სახიფათო სერის გასწვრივ იმოძრაოთ. გასავლელი მანძილი ბევრი არ არის, თუმცა მაქსიმალურ კონცენტრაციასა და მობილიზებულობას მოითხოვს. დღის ბოლოსთვის სახიფათო მონაკვეთი უკვე გადალახული გექნებათ. თუ უკვე ნახეთ ადგილი სადა რამდენიმე კარავს თავისუფლად გაშლით სული მოითქვით და დამშვიდდით ყველაზე სახიფათო მონაკვეთი უკვე ზურგს უკანაა. შეგიძლიათ აქვე დაბანაკდეთ და დაისვენოთ, თუ დროს და ენერგია გაქვთ წინ გადაიწიეთ და უფრო ფართო მდელოზე გახვალთ, რომელზეც სექტემბრის თვეში პატარა ყვავილებით იყო მოფენილი.


დღე მესამე - თქვენი ბანაკი ზ.დ. 3000 მეტრზე მაღლა მდებარეობს და ხედიც განსაკუთრებული აქვს. ასეთ მომენტებში ხვდებით თუ რაზომ გიყვართ ასე ძალიან ლაშქრობა. ბილი თავს არ მოგაწყენთ ხან ალაზნის ხეობასა და სპეროზას ქედს გაჰყურებთ ხანაც იორის სათავის ყურებით ტკბებით. ბილიკი ქედს მიუყვება და ულამაზეს ხედებს გთავაზობთ ორივე მხარეს. ორიენტირება მარტივია კარგ ამინდში, თუმცა სჯობს ამ მარშრუტზე შესაბამისი აპლიკაციით აღწურვილი ჭკვიანი ტელეფონი და შესაბამისი GPS Track -ი თან გქონდეთ მეტი უსაფრთხოებისათვის. მესამე დღეს თქვენი მიზანია მიაღწიოთ ტბათანას კურორტს. სავალი გზა შედარებით მარტივია და უკვე რამდენიმე საათის სიარულის მერე დაადგებით ბილიკს, რომელიც ფრიად გაგიადვილებთ გადაადგილებას. მეორე დღესთან შედარებით წყლის მოპოვება მესამე დღეს შედარებით ადვილია. ყურადღებით იყავით ერთ ადგილზე წყალი ბილიკის გვერდითაა. ამ დღეს უკვე შეხვდებით ადგილობრივ მეცხვარეეებს. ფრთხილად იყავით ფარას ძაღლები იცავენ და თუ ძაღლი მოგიახლოვდათ გაჩერდით, არ გაიქცეთ მწყემს დაუძახეთ. ძაღლებს ის დააშოშმინებს. ტბათანაზე მისულებს შეგიძლიათ თავი ქუდში იგულოთ მარშრუტი უკვე დაძლეული გაქვთ. ბოლო დღეს მოგიწევთ ტბათანადან ხეობაში დაშვება ავტომობილის გრუნტიანი გზით.

დღე მეოთხე - ეს დღე ყველაზე მარტივია. ვეშვებით გრუნტიან გზაზე.  გასავლელი მანძილი 10-12 კმ-ია. აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში გზის პირას მწიფე მაყვალი შეგხვდებათ.  პირველ სოფელი არის ბირკიანი. მთავარია აქედან მატანში ან ახმეტაში მოვდეთ საიდანაც მოძრაობა უფრო ინტენსიურია.