ტური იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და მიემართება ფართო ფოთლოვანი ხეების საფარის ქვეშ, მდინარე შრომის ხეობის მიმართულებით. გზად ჯერ რცხილნარის უნიკალური კორომი გვხვდება (ზ. დ. 400-600 მ.), რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათობაა, შემდეგ წიფლნარის შერეულ კორომი (რცხილა, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, თელა, წაბლი და სხვა). ტყის ჯადოსნური სურნელით და იდუმალებით  გარემოცული ვკვეთთ მდ. ,,შრომის ხევს” და მიუყვებით პარალელურად მთა ,,ნინიგორის” მარცხენა ფერდზე, ვიწრო დაკლაკნილი საცალფეხო ბილიკით, საიდანაც მედგრაგ დავყურებთ ხმაურიან მდინარეს, პატარ-პატარა წყალვარდნილებით და უზარმაზარი ლოდებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გაუნძრევლად განისვენებენ ხეობის სიღრმეში. ბოლოს გამაოგნებელი ხმაური, შხეფები, ცისარტყელა და უზარმაზარ მწვანე კლდეებს შორის მოწყვეტით გადმოვარდნილი წყლის მასა, რომელიც 6 მეტრიან წყალვარდნილს როჭოს ჩანჩქერს ქმნის. გზაზე შესაძლებელია შეხვდეთ: შველს, ირემს, გარეულ ღორს.