თუ გიყვართ ველური, ხელშეუხებელი, ადამიანისგან შეურყვნელი ბუნება და სირთულეების არ გეშინიათ, მაშინ ეს მარშრუტი თქვენთვის არის. ყელიწადის ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 3081 მეტრზე, ყელის ტბის ზეგანზე. აქ მოხვედრა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. გზა იმდენად რთულია, რომ ცხენითაც კი არავინ დადის ამ მარშრუტზე. სწორედ ამიტომ არის ყელიწადის ტბა ყველაზე ველური და ხელშეუხებელი.

საწყისი წერტილი გახლავთ თრუსოს ულამაზესი ხეობა. აქედან იწყებთ ფეხით სიარულს, ადიხართ ხორისარის ვულკანურ პლატოზე სადაც გხვდებათ ულამაზესი საბანაკე ადგილი უზარმაზარი სწორი მინდვრითა და მობიბინე ბალახით. წყლის მოპოვებაც არ არის პრობლემა რადგან ამ ადგილას პატარა მდინარე მოედინება. თუმცა მდინარე აგვისტოში შრება მაგრამ წყალს მაინც მიაგნებთ ქედის ძირში, იქ სადაც მეცხვარის ბინაა.

ამის შემდეგ იწყება ასვლა ხორისარის უღელტეხილზე, ეს უღელტეხილი საქართველოში ერთ-ერთი ურთულესი უღელტეხილია. მისი სიმაღლე 3550 მეტრს აღწევს, რაც 150 მეტრით მეტია აწუნთის უღელტეხილზე. უღელტეხილიდან მწვერვალ ხორისარამდე სულ 200 მეტრია ასაწევი სიმაღლეში და თუ კარგი ამინდი დაგემთხვათ აუცილებლად უნდა აირბინოთ მწვერვალ ხორისარზე და გადმოხედოთ სამყაროს 3756 მეტრიდან. აქედან ჩანს თვით ტბა ყელიწადიც, ისევე როგორც გუდაური, დედა ენა, შერხოტა, მყინვარწვერი და მრავალი ლამაზი ადგილი.

უღელტეხილიდან ტბამდე დაახლოებით 2 საათის სავალი გზაა, თუმცა საკმაოდ სახიფათოა, ნისლის შემთხვევაში შესაძლოა გზა აგებნეთ და თეთრი არაგვის ხეობაში აღმოჩნდეთ, ამიტომ რეკომენდებულია გამოიყენოთ GPS მოწყობილობა, რათა ზუსტად აკონტროლებდეთ მდებარეობას.

ტბასთან საკმაოდ კარგი საბანაკე ადგილია, აგვისტო-სექტემბერში წყლის ერთადერთი წყარო თვითონ ყელიწადის ტბა გახლავთ. ეს ადგილი თითქმის 9 თვის განმავლობაში თოვლითაა დაფარული.