ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი — გვიანი შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი კახეთში, ახლანდელ თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ თელავთან ახლოს, ცივგომბორის მთის კალთაზე.
მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ახალი მონასტერი კახეთის მეფის ლევანის მეუღლის, თინათინის მიერ დაარსდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და ახალი შუამთის მონასტერშია დაკრძალული.
ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია. იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.
ისტორია
ახალი შუამთის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარმა სახელწოდება ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული.
ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი დაფუძნდა XVI ს-ის 50-იან წლებში კახეთის მეფის ლევანის (1520-1574) და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად და აქვეა დაკრძალული.
ახალი ქართლის ცხოვრებაში ვკითხულობთ: "ლევან დაიპყრა კახეთი და მოიყვანა ცოლად ასული გურიელისა თინათინ. ამა თინათინისასა იტყვან, სიყრმესა შინა ნახა ჩუანება ესე:` შეგირთავს მთავარი ვინმე და მისვლასა შენსა ადგილსა ერთსა უჩუენა ადგილი ნიშანი და რქუა ესრეთ: `დამ უნ იქმნება შინდი თეთრი ერთი. და უშენე მონასტერი ერთი დედასა ღმრთისასა.~ ხოლო რა ჟამს მოიყვანეს შუამთასა და ჩამოაკდინეს განსასუენებლად, და რაჟამს იხილა თინათინ ადგილი იგი, იყო ყოველივე ნიშნეული ჩუენებისა და შინდი თეთრიცა. რაჟამს იქორწინეს, შემდგომად აღაშენა ეკლესია შუამთასა და დაადგინა მოძღუართ-მოძღაუარი. მიიცვალა თინათინ და დაემარხა ეკლესიასა თვსსა შენებულსა".
შუამთის მონასტერსა და მის მთავარ ტაძარს არც თინათინ დედოფლის შემდგომ მოკლებია ყურადღება: მონასტრის აგებიდან მცირე ხნის შემდეგ, XVI საუკუნის მიწურულს, დედოფლის ასულს თეკლა მონაზონს მონასტრის მთავარი ეკლესიისთვის მთავარანგელოზთა ეკვდერი მიუშენებია და მისთვის შეწირულობებიც უბოძებია; უფრო მოგვიანებით, მეფე თეიმურაზს 1637 წლის სიგელით მონასტრისთვის შეუწირავს ბაჟი იმ სავაჭრო ქარავანთაგან, რომლებიც გომბორის გზას გაივლიდნენ. ერთი საუკუნის შემდგომ, XVII საუკუნის II ნახევარში, ტაძარი მეფე ერეკლე II ღვაწლით იქნა განახლებული.
XIX საუკუნეში ახალი შუამთის მონასტერი, კახეთის სხვა სასულიერო კერათა მსგავსად, ქვეყნის ძნელბედობის თანაზიარი აღმოჩნდა - სამონასტრო ცხოვრება აქ თანდათან მინელდა. მისი ხელახალი აღორძინება ალავერდის ეპისკოპოსის, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის კირიონის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ მისი ღვაწლით განახლდა მონასტერი 1899 წელს. თუმცაღა ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა - საბჭოთა ხელისუფლების დროს მონასტერი დაიხურა და ბავშვთა სახლად გადაკეთდა. ახალ შუამთაში სამონასტრო ცხოვრება 1990 წელს აღდგა.
მონასტრის სწორუპოვარ მნიშვნელობაზე მეტყველბს ის საგანძურიც, რომელიც ასწლეულების მანძილზე საქართველოს მეფე-მთავართა მიერ შეწირულობების სახით მონასტრისთვის იქნა ბოძებული - მათ შორის იყო ბარძიმები, კანდელები, ნაქარგობანი, ჭურჭელი და სხვ. აქვე ყოფილა მდიდარი წიგნსაცავიც.
XIX ს-ში მონასტრის მთავარი ტაძარი ჭავჭავაძეთა განსასვენებელს წარმოადგენდა. აქ დაუკრძალავთ გარსევან ჭავჭავაძის მეუღლე, მარიამ ავალიშვილი (1836), პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე (1846), დავით ჭავჭავაძე (1884). ჭავჭავაძეთა გარდა ტაძარში სხვა საგვარეულო საფლავებიც არის. მათ შორის - ყარალაშვილები, რომელთაც მონასტრისათვის დიდი სავარგულები შეუწირავთ, აგრეთვე მაყაშვილთა და ანდრონიკაშვილთა საგვარეულოების წარმომადგენლები.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა