დოლისყანის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე,
ართვინის პროვინციაში. მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, მაღალი მთის ფერდობზე, თანამედროვე სოფელ ჰამამლიში (თურქ. Hamamlı). ძველად სოფელსაც დოლისყანა ერქვა. სამონასტრო კომპლექსიდან მხოლოდ მთავარი ტაძარია შემორჩენილი, დანარჩენი ნაგებობები კი უკვე XIX საუკუნისათვის მთლიანად იყო განადგურებული. კარგადაა შემონახული ეკლესიის მთავარი, ჯვრული ნაწილი, რადგანაც აქ ბოლო დრომდე მეჩეთი (ჯამე) ფუნქციონირებდა.
როგორც ირკვევა, დოლისყანა, როგორც დასახლებული პუნქტი, მონასტრის აშენებმადეც არსებობდა. სუმბატ დავითის ძის ცნობით, 826 წელს, იანვარში დოლისყანის ტერიტორიაზე იდგა აშოტ კურაპალატის ლაშქარი, როდესაც იგი მოულოდნელად მოკლეს მტრებმა. მონასტერი აქ X საუკუნიდან დგას, თუმცა ზუსტი თარიღი დადგენილი არაა და მისი რამდენიმე ვერსია არსებობს.
დოლისყანის მონასტრის დაარსებისა და აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერს, რომ დოლისყანა კლარჯეთის სხვა მონასტრებთან შედარებით გვიან აშენდა, ე. ი. 830–840–იანი წლების შემდეგ. გარდა ამისა, მონასტერი აგებულია 951 წლამდე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების დაწერამდე. შესაბამისად, დოლისყანა 850–950 წლებს შორისაა დაარსებული. არსებობს თარიღის უფრო ზუსტად დადგენის სხვა მცდელობებიც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ტაძრის წარწერები, რომლებშიც ქტიტორად იხსენიება სუმბატ მეფე. წარწერებში მოხსენიებული სუმბატი დ. ბაქრაძემ და ა. პავლინოვმა ადარნასე კურაპალატის ძედ, სუმბატ I-ად მიიჩნიეს და ამის საფუძველზე მონასტრის მშენებლობაც მისი მოღვაწეობის ხანას – 954-958 წლებს მიაკუთვნეს. ეს დათარიღება ბოლო დრომდე საკამათო არ გამხდარა. ნაწილობრივ განსხვავებული აზრი გამოთქვა ნ. შოშიაშვილმა, რომელიც თვლის, რომ სამხრეთ–დასავლეთი სათავსოს აღმოსავლეთი კედლის წარწერაში დაკარგულ ფილაზე სუმბატთან ერთად მისი უფროსი ძმა – ბაგრატიც (937–945) მოიხსენიებოდა. წარწერის ამგვარი აღდგენის საფუძველზე ნ. შოშიაშვილმა დოლისყანის ტაძარი X საუკუნის I ნახევრით დაათარიღა. ეს მოსაზრება გაიზიარა ვ. ჯობაძემაც. მან მიიჩნია, რომ ეკლესიის ძირითადი აღმშენებელი ბაგრატია, ხოლო სუმბატმა მხოლოდ აღადგინა ან განაახლა ძველი ტაძარი. ამ აზრის დამადასტურებელ არგუმენტად ვ. ჯობაძე მიიჩნევს რელიეფური გამოსახულებების სტილისტურ სხვაობასა და გუმბათის ყელისა და ძირითადი კორპუსის სხვადასხვაგვარ მოპირკეთებას.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა