დოლოჭოპის ბაზილიკა კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქ ყვარლის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე. ნაგებობა 2010 წლის სადაზვრევო არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა. დოლოჭოპის ბაზილიკის შესახებ არანაირი წერილობითი ცნობები არ არის შემონახული. ტაძარი V საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება და როგორც ჩანს ის VIII-IX საუკუნეებში განადგურებულა. შესაძლოა მისი დარბევა აღმოსავლეთ საქართველოში მურვან-ყრუს ლაშქრობას უკავშირდებოდეს. ეკლესიის დანგრევის შემდეგ , განვითარებულ შუა საუკუნეებში, ამ ადგილზე სოფლის მაცხოვრებლებს მჭიდრო სამაროვანი მოუწყიათ, რომელმაც ტაძრის მანამდე შემორჩენილი კონსტრუქციების ნაშთების მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა. სოფელში კი ცხოვრება XIII საუკუნის შუა ხანებში, საქართველოში მონღოლი დამპყრობლების ერთ-ერთი პირველი ლაშქრობის შედეგად შეწყვეტილა. დოლოჭოპის ბაზილიკა აღმოსავლეთ საქართველოში დღემდე აღმოჩენილ ბაზილიკათაგან უდიდესი ნაგებობაა. იგი სამნავიანია და ნავები ერთმანეთისგან ხუთი წყვილი ჯვრისებრი გეგმის მქონე სვეტითაა გამოყოფილი. შუა ნავი ნალისებრი აფსიდით სრულდება. თაღების გამოსაყვანად და სვეტების კაპიტელებად, კარგად ნათალი შირიმის ქვა ყოფილა გამოყენებული. საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ, გვერდითა ნავების გაგრძელებაზე, სწორკუთხა გეგმის პასტოფორიუმებია მოწყობილი. სავარაუდოდ ეკლესია ხის კონსტრუქციებზე დაყრდნობილი კრამიტის საბურველით იყო გადახურული. შუა ნავი გვერდითა ნავებზე მაღალი იყო. ნავების გამყოფ თაღნარზე დაყრდნობილ კედელთა ზედა რეგისტრში დატანებული იქნებოდა ფართო სარკმელები, რაზეც დაახლოებით ამ კედლების გასწვრივ ნაპოვნი შირიმის ძლიერ მორკალული სარკმლის თავები ადასტურებს. შესასვლელი სამია - დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. ტაძარი ნაგებია რიყის ქვით, სვეტებისთვის რიყის ქვასთან ერთად გამოყენებულია მკვრივი კირქვის ფლეთილი ქვა.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა