დრანეთის (დიანეთის) წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 9 კმ–ში მდებარე სოფელ ალექსეევკას სამხრეთ–დასავლეთით 1 კმ–ში მდებარე ნასოფლარ დრანეთში, ტორნეს ხევის მარჯვენა ნაპირზე.
მისი პირველი მეცნიერული პუბლიკაცია და ნასოფლარ დრანეთის იდენტიფიკაცია-ლოკალიზაცია ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (XX საუკუნის 40-50-იან წლები. ხელმძღვანელი ნ.ბერძენიშვილი) მოახდინა. 1701-1711 წლების აღწერაში ეს სოფელი მოხსენიებულია, როგორც „დრანეთი“, ხოლო 1721 წლისაში - „დრიანეთი“. ვახუშტის გეოგრაფიაშიც ეს სოფელი „დრანეთის“ სახელს ატარებს. ეკლესიის სახელობა დაკარგული იყო და სამეცნიერო ლიტერატურაში ის იწოდებოდა, როგორც დრანეთის, ან ალექსეევკა-დრანეთის ეკლესია. არქეოლოგიურ სამუშაოებისას გაირკვა, რომ ტაძარი წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობაზეა აგებული. ეკლესიაზე ჩატარდა არქეოლოგიური და სარესტავრაციო - საპროექტო სამუშაოები (ხელმძღვანელი: ნინო ნოზაძე).
დრანეთის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარს გარს უვლიდა კლდის ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. იგი ამჟამად მიწის პირამდეა დანგრეული, თუმცა მისი კონფიგურაცია ნათლად იკითხება. ეკლესიის ეზოში გვხვდება საფლავის ქვები, მათ შორის ბრტყელი და შეკაზმული ცხენის გამომსახველიც.
ტაძარი წარმოადგენს ორსაფეხურიან ცოკოლზე აღმართულ, მოზრდილ დარბაზულ ნაგებობას, მინაშენით სამხრეთი ფასადის მთელ სიგრძეზე. ის ნაგებია კლდის ნატეხი ქვით, დუღაბზე. ფასადები მოპირკეთებულია ყვითელი (ე.წ. "ალგეთის") ტუფით. ალაგ-ალაგ პერანგში ჩართულია შავი ბაზალტის თლილი ქვებიც.
შესასვლელის მეორე მხარეს, ბურჯზე ამოკაწრულია ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. ი. ციციშვილის წაკითხვით იგი ასეთი შინაარსისაა:
ქრისტე შეიწყალე . . . გალატოზი იოანე და მისნი ძენი ამინ.
მკვლევარი ამ წარწერას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და მას XVII-XVIII საუკუნეებს აკუთვნებს. თუმცა პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ გიორგი გაგოშიძეს იგი არაუგვიანეს X-XI საუკუნისად მიაჩნია
განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს კანდელი, რომელიც ჩაქცეული სახურავის ფენასა და კამარის ნანგრევს შუა, მიწის თანამედროვე ზედაპირიდან 0,6 მ. სიღრმეზე იქნა დადასტურებული. იგი დამზადებულია ვერცხლის თხელი, მთლიანი ფირფიტისაგან. მისი ტანი ორნამენტირებულია, ხოლო მხარზე შემოუყვება ასომთავრული წარწერა.
აფსიდის ჩრდილოეთ კუთხესთანაც ძველი ქვაჯვარის სვეტია ჩასმული. წინასთან შედარებით იგი ოდნავ ვიწროა და გრეხილ ღეროზე ასხმული ვაზის ორნამენტი აქ მხოლოდ სამხრეთ სიბრტყეზე იკითხება. სვეტის კუთხეები მომრგვალებულია და ორნამენტს, წინა სვეტის მსგავსად, ვიწრო ხაზი შემოფარგლავს. ორივე ქვაჯვარის სვეტი არაუგვიანეს VI-VII საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს. პარალელისთვის საინტერესოა ქვეშის ეკლესიის კედელში ჩატანებული VI საუკუნის ქვაჯვარის სვეტი, სადაც ერთ მხარეს ვაზის ორნამენტია, ხოლო მეორეზე დრანეთის ეკლესიის ქვაჯვარის მსგავსი გოლგოთის ჯვრებია გამოსახული. ქვეშში ეს ორივე ორნამენტი შედარებით გრაფიკული და მოუხეშავი ხასიათისაა, ხოლო დრანეთის ორნამენტები უფრო პლასტიკურია და შედარებით უკეთესი ხარისხის. ამიტომაც, შესაძლებლად მიგვაჩნია ვივარაუდოთ, რომ ისინი VII საუკუნეს განეკუთვნება.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა