ეკის მონასტერი სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ეკლესიას, სამრეკლოს, პალატს, გალავანს, საპყრობილეს და სხვა ნაგებობებს. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. ტაძარი ორგანყოფილებიანია - დასავლეთი ნაწილი უფრო დაბალია, ვიდრე აღმოსავლეთი, აბსიდიანი. პირველი ნაწილი მეორისგან გამოყოფილია ორსვეტზე დაყრდნობილი კედლით. დარბაზი გადახურულია კამარით. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ტაძრის დასავლეთის ნაწილს სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში გაჭრილი ორ-ორი და დასავლეთის კედლის ერთი სარკმელი ანათებს. სარკმლებს ორნამენტირებული საპირეები აქვს. შესასვლელი დასავლეთიდანაა, რომელსაც ასევე მოჩუქურთმებული საპირე აქვს. ტაძრის ეს ნაწილი უფრო ადრეულია, აღმოსავლეთ ნაწილთან შდარებით. აღმოსავლეთი ნაწილი განათებულია სამხრეთის, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კედლებში გაჭრილი თითო სარკმლით. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით ორსართულიანი სამრეკლო დგას, რომელიც XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. მისი პირველი სართული გეგმაში კვადრატს მიახლოებული მოცულობაა, მეორე სართული კი რვა თაღით გახსნილ, გეგმაში წრიული მოხაზულობის, ფანჩატურს წარმოადგენს. სამრეკლოს კედლებსა და სვეტებზე ორნამენტული რელიეფებია ჩადგმული. სამრეკლოს ჩრდილოეთიდან მიდგმულია ქვით ნაშენი დილეგი, რომელში მოხვედრაც ზემოდან დატანებული ხვრელით იყო შესაძლებელი. დილეგს ყრუ კედლები აქვს. სამრეკლოს აღმოსავლეთიდან ორსართულიანი ნაგებობა - "პალატი“ დგას. მას წაგრძელებული სწორკუთხედის მოხაზულობა აქვს. ნაგებობის ჩრდილოეთის კედლად გამოყენებულია კომპლექსის გალავანი. პალატი სამრეკლოზე ბევრად ადრეულია, იგი დაახლოებით ეკლესიის თანადროული უნდა იყოს. მონასტერს ქვითკირის მაღალი გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომლისგანაც დღეს ფრაგმენტებია შემორჩენილი.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა