კავკასიძეების ციხე, ოთხთა ეკლესიის ციხე, თექქალე (თურქ. Tekkale) მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, მდ. ჭოროხის პირას, ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში
ექვთიმე თაყაიშვილი წიგნში „1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“ ამ ციხეს ოთხთა ეკლესიის ციხედ იხსენიებს და ტაბულებში დართული აქვს ფოტო წარწერით:
„ციხე მდინარე ოთხთა ეკლესიის - წყლის მარცხენა ნაპირზე.“
ამავე წიგნში დამოწმებულია ამ ციხის ერთადერთი წარწერა, სადაც საყდრის აღმშენებელი და ციხის მფლობელი მურვან კავკასიძეა მოხსენიებული. ამ ისტორიული ძეგლზე სხვა თითქმის არაფერია ცნობილი. აი, რას მოგვითხრობს კავკასიძეების ციხის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი:
„ოთხთა ეკლესიის ციხე სოფლიდან 1,5 კილომეტრის მანძილზე დგას, იმავე სახელწოდების მდინარის მარცხენა, კლდოვან ნაპირზე. კარი ჩრდილოეთიდან ჰქონია, მაგრამ იგი სავსებით ჩამორეცხილია და ამის გამო ციხეში ახლა თითქმის არ შეისვლება. ციხე ამჟამად დანგრეულია. შიგ საცხოვრებელი შენობები აღარ შემონახულა, მაგრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ზედ ფლატის თავზე დგას პატარა ეკლესია, ზედმიწევნით წესიერად თლილი ქვით ნაგები. ამ ეკლესიას კარი დასავლეთით აქვს, სარკმლები აღმოსავლეთითა და სამხრეთით. მისი სიგრძე 5, 52 მეტრს, ხოლო სიგანე 3, 7 მეტრს უდრის. თაღები მთელია, მაგრამ სახურავი აღარსად არის. პერანგი აღმოსავლეთსა და ჩრდილო კედლებსღა შერჩენიათ. საძირკველი ორსაფეხურიანია. შიგნით ეკლესია მთლად მოხატული ყოფილა და ფრესკები ნაწილობრივ შენახულია კიდევაც. დასავლეთ მხარეზე, მარჯვნივ გამოხატული ყოფილა ნათლისღება, მარცხნივ – ხარება. სამხრეთ კედელზე შემონახულა ორი ცალკე ფიგურა. საკურთხეველში ორი ზემოთკენ შევიწროვებული უბეა და მათში ანგელოზთა ფიგურები ხატია. ჩრდილო კედელზე, ზედა სართულში, 12 მოციქულია წარმოდგენილი, ხოლო ქვემოთ – კტიტორთა ფიგურები: მარჯვნივ კაცია, რომელსაც წითელი ქართული სამოსი აცვია, მარცხნივ – ქალი, რომელსაც თეთრი, გრძელსახელოებიანი კაბა აცვია, ხოლო შუაში – ყმაწვილი. სამივე აღმოსავლეთით, ეტყობა ქრისტესაკენ, იცქირებიან, მაგრამ თვით ქრისტეს ფიგურა არ შემორჩენილა. მხოლოდ ყმაწვილს შერჩენია მთელი სახე, დანარჩენებისა დაზიანებულია. ფიგურებს ზემოთ ხუთპწკრიანი ასომთავრული წარწერაა. უკანასკნელი პწკრის ერთი სიტყვაღა დარჩენილა. წარწერა ხელითაა გადმოღებული. იგი ასე იკითხება: „სახელითა ღმრთისათა მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა მე, მურვან კავკასიძემან, აღვაშენე ეკლესიაი ესე მე(ო)რედ განსრულებით, სალოცველად სულისა...““
კავკასიძეები პარხლის მფლობელნი იყვნენ და, როგორც ჩანს, ოთხთა ეკლესიაც მათი კუთვნილება იყო. მათგან უძველესი, პეტრიკ კავკასიძე იხსენიება შემოქმედის (გურია) XI საუკუნის წარწერაში, ბაგრატ IV-ის პირველ მეუღლესთან ელენესთან ერთად.
კავკასიძეების ციხე 2023 წელს კაშხლის დაგუბების გამო წყალში მოექცა, ფოტოები მის სრულ ჩაძირვამდეა გადაღებული. 2024 წლის თებერვალში წყლის დონის დაწევის გამო ციხე ისევ გამოჩნდა, შესაძლებელია მომავალში ის ზამთარში და ადრიან გაზაფხულზე ისევ გამოჩნდეს ხოლმე.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა