ქვემო ახალშენის ღვთისმშობლის ეკლესია VII ს.-ის დარბაზული ნაგებობაა ჩრდილოეთის და სამხრეთის მინაშენებით. დგას კლდოვან მასივზე. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნახევრად დამუშავებული ბაზალტის ქვებით. კუთხეებში გამოყენებულია კარგად დამუშავებული დიდი ზომის ლოდები და კვადრები, ხოლო შუაში ნახევრად დამუშავებული ქვები. სადა ფასადები დასრულებულია ნალისებურად შეკბილული ლავგარდნით, რომელსაც კრამიტის სახურავი ეყრდნობოდა. ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი შიგნიდან და გარედან არქიტრავულია. წირთხლებს საკარე ღიობი აუყვება. ტაძარი განათებულია აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის თითო სარკმლით, მათგან სამხრეთის და დასავლეთის თითქმის ლავგარდნის დონეზეა აწეული. სამივე სარკმელი ფართო და თაღოვანია. აღმოსავლეთის სარკმელი მოგვიანებით დავიწროვებული და დამოკლებულია ამოშენების გზით, დასავლეთის და სამხრეთის სარკმელი კი გატიხრულია ქვის საბჯენებით. აბსიდა ნახევარწრიულია და დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. მხრები სადად პროფილირებული კაპიტელებით სრულდებოდა, რომელზეც კონქის საბჯენი თაღი იყო გადასული. საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ნიშია გაკეთებული. აბსიდის ღერძზე, სარკმლის ქვეშ მაღალი სწორი ტრაპეზის ქვა დგას. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული და კირხსნარით გადალესილი. ტაძრის გადაკეთების დროს ბემა ქვის ფილებით დაუგრძელებიათ და მის წინ დარბაზის იატაკზე კანკელი აღუმართავთ. დარბაზს ორი კარი აქვს: სამხრეთის და ჩრდილოეთის. სამხრეთის კარი შესასვლელია, ჩრდილოეთის - ჩრდილოეთ მინაშენში გასასვლელი. ეს უკანასკნელი საკურთხევლის წინაა გაჭრილი. კარის ზღურბლი ერთი საფეხურითაა იატაკიდან შემაღლებული. ტაძრის გადაკეთება-განახლებების დროს ჩრდილოეთის კარი ამოუშენებიათ და შესავსებ მასალად სხვა ქვებთან ერთად გამოუყენებიათ სვეტის პროფილირებული ბაზა თუ კაპიტელი. ასევე ორი საფეხურით აუწევიათ სამხრეთის კარის ზღურბლი და მასალად კამარის ქვები უხმარიათ, აწეული კარის ძირში კი ქვის საფეხური მოუწყიათ, რომელიც დასავლეთ კედლამდე გრძელდება და მთელი დასავლეთი კედლის ძირსაც გასდევს. ტაძრის სამხრეთის ამჟამინდელი მინაშენი მოგვიანებითაა აგებული. აღმოსავლეთის კედელი ამოყვანილია ძველ საფუძველზე, რომელიც ტაძრის აღმოსავლეთი კედლის ერთ მთლიან ნაწილს წარმოადგენს. შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილშია მოწყობილი. მინაშენის აღმოსავლეთ და სამხრეთის კედელში თითო მაღალი და თაღოვანი სარკმელია. მინაშენი უაბსიდოა. გადახურული უნდა ყოფილიყო კამარით, რომელიც ტაძრის სამხრეთ კედელზე კრონშტეინებზე გადასულ ორ თაღს ებჯინებოდა (ამჟამად მხოლოდ თაღების ანაბეჭდი იკითხება, თაღის ნაწილები მინაშენის ინტერიერში აღმოჩნდა). კრონშტეინები ჩამოტეხილია, რაც თაღების ვერტიკალურ დარტყმას უნდა გამოეწვია. სამხრეთის მინაშენის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, კარის გასწვრივ ჩადგმულია სადა ლილვიანი სტელის ფრაგმენტი, რომლის ანალოგიური ნატეხი გამოყენებული იყო ტაძრის მთავარი დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მოწყობილ საფეხურად. ტაძრის ჩრდილოეთი მინაშენის აღმოსავლეთის კედლის ქვედა რიგი კარგად დამუშავებული ყვითელი ფერის კვადრებითაა ნაგები და აღმოსავლეთის მხრიდან დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე, რომელიც ტაძრის მთავარი ნაწილისგან დამოუკიდებელია მინაშენი აბსიდიანია. სამხრეთის კარით დაკავშირებულია ტაძართან. დასავლეთის კედელი ყრუა, ხოლო როგორ იყო გადაწყვეტილი ჩრდილოეთის კედელი ეს ამ ეტაპზე გაურკვეველია. დასავლეთის კედლის სამხრეთ კუთხეში დაფიქსირდა თაღის ფეხი, რაც იმას ნიშნავს, რომ მინაშენის კამარა ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე მიდგმულ ორმალიან თაღს უნდა დაყრდნობოდა.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა