მარტყოფის ღვთაების მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში,
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფის მახლობლად მდებარეობს, იალნოს ქედზე. მონასტერი
VI საუკუნეში
დაარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, ანტონ მარტყოფელმა. მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი
ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ძეგლია. გარდა კულტურული ღირებულებისა,
ხეებში ჩაფლული მონასტრიდან ვრცელი, ძალიან ლამაზი ხედებიც იშლება, რაც ბუნებისა და
არქიტექტურის მშვენიერ სინთეზს ქმნის.
ისტორია
წერილობითი წყაროების თანახმად VI საუკუნემდე მარყოფს
აკრიანი (ქვიანი ადგილი) რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის გვამცნობს, რომ აქ ტაძარი
ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია. VI საუკუნის I ნახევარში აკრიანის მთებში მამა
ანტონი დამკვიდრდა, რომელსაც განცალკევებით ცხოვრების გამო მარტომყოფელი, მარტყოფელი
უწოდეს. შემდეგ ამ ადგილმაც მარტყოფის სახელწოდება მიიღო. ანტონ მარტყოფელმა მალე გაითქვა
სახელი როგორც სასწაულმოქმედმა და მასთან თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მარტყოფის
სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოჰყვა. 1265 წელს „ოქროს ურდოს“ მბრძანებლის, ბერქა
ყაენის ლაშქრობის შემდეგ, რომელმაც ქალაქი რუსთავი გაანადგურა, საეპისკოპოსო კათედრალი
რუსთავიდან მარტყოფში გადმოვიდა. 1395 წელს, თემურ ლენგის შემოსევის დროს მონასტერი
აოხრდა და დაიკარგა ტაძარში დასვენებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მამა
ანტონმა ედესიდან ჩამოაბრძანა. სწორედ ამ ხატის სახელიდან მოდის მონასტრის სახელწოდება
- ღვთაების მონასტერი. მონასტერი ძველთაგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო.
აქ ფუნქციონირებდა სკოლა, რომელმაც 1752 წელს შეწყვიტა არსებობა ლეკთა თავდასხმის გამო.
საეპისკოპოსო ცენტრის მდგომარეობა მარტყოფმა XIX საუკუნის დასაწყისამდე შეინარჩუნა.
მარტყოფის მონასტერში ცხოვრობდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II, რომელიც
1918 წლის 26 აგვისტოს თავის სენაკში მოკლეს. მონასტერი 1934 წლამდე ფუნქციონირებდა,
შემდეგ ის კომუნისტებმა გააუქმეს და XX საუკუნის 50-60-იან წლებში აქ უპატრონო ბავშვთა
თავშესაფარი გახსნეს, მოგვიანებით კი 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად გადააქციეს.
მარტყოფში სამონასტრო ცხოვრება 1989 წელს აღდგა. ამჟამად აქ აფხაზეთის ეპარქიაა თავშეფარებული.
არქიტექტურა
მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი ღვთაების, ღვთისმშობლის,
წმინდა გიორგისა და მამა ანტონის სახელობის ტაძრებს, სამრეკლოს, საბერეებსა და სხვა
ნაგებობებს მოიცავს. მონასტერს სამხედრო დანიშნულებაც ჰქონია, მას სათოფურებიანი გალავანი
ჰქონია შემოვლებული, რომლის გარშემოწერილობა 1400 მეტრს აღწევდა. გალავანი 1752 წელს
ლეკებს დაუნგრევიათ და დღესდღეობით მხოლოდ ნაშთებიღაა შემორჩენილი. ანსამბლის მთავარი
ნაგებობა ღვთაების გუმბათიანი ტაძარია. იგი თავიდან უფრო დიდი ზომის ყოფილა. ეს ეკლესია
მრავალჯერ დაზიანებულა და ამჟამად მის ნანგრევებზე უფრო მცირე ზომის ტაძარი დგას. ნაგებობის
ძირში შემორჩენილია საძვალე. აქ არის ანტონ მარტყოფელის საფლავიც, ეკლესიის ჩრდილოეთ
ნაწილში.
ტაძრის აღმოსავლეთით სამსართულიანი სამრეკლო დგას. სამრეკლოს ფასადზე არსებული წარწერა
გვამცნობს, რომ იგი 1629 წელს კალატოზ ახვერდას აუგია.
მონასტრის აღმოსავლეთით, მთაზე ანტონ მარტყოფელის სვეტი დგას, სადაც მან სიცოცხლის
ბოლო 15 წელი გაატარა.
1848-1855 წლებში მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, რა დროსაც ღვთაების
ტაძრის ძველი მოხატულობის ნაშთები განადგურდა, მათ შორის სვეტებზე მოთავსებული ვახტანგ
გორგასლისა და დავით აღმაშენებლის პორტრეტები. ამ პერიოდშია შესრულებული რუსი მხატვრის,
ტროშკინის მიერ ტაძრის ამჟამინდელი მხატვრობა.
როგორ მივიდეთ
მარტყოფის ღვთაების მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფის მახლობლად მდებარეობს, თბილისიდან 25 კმ-ის დაშორებით. მონასტერთან მიდის სამანქანო გზა.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა