მეტეხის წმ. აბო თბილელის ტაძარი მდებარეობს ქალაქ თბილისში. მეტეხის ეკლესიის ქვემოთ კლდეზე, მტკვრის პირზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით რამოდენიმე წლის წინ გადაწყდა მეტეხის კლდის ძირში, ახალი ხიდის მიმდებარედ, წმიდა აბო თბილელის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. 1994 წლიდან არქიტექტორ რევაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრში დაიწყო ეკლესიის პროექტზე მუშაობა. პროექტზე მუშაობისას და წმინდა ნიშის მხატვრული იერსახისა და მისი მდებარეობის დადგენის შესახებ ძველი მასალების მოძიებისას (საარქივო მასალები მოიძია საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თანამშრომელმა ია გორგიშელმა), კლდის კიდეზე, მტკვრის პირას კლდეს „შეჭიდებულმა“ მცირე ზომის აგურის წყობამ მიიპყრო ყურადღება. ძველი თბილისის თანამედროვე მკვლევარების აზრით, წმიდა აბო თბილელის ნიში მთლიანად განადგურდა ახალი ხიდის მშენებლობისას. 1951 წელს სამლოცველო მიმდებარე კლდის დიდ ნაწილთან ერთად ააფეთქეს. აქედან გამომდინარე არქეოლოგიური გათხრების ჩატარება აზრს მოკლებული იყო. ამიტომ ადგილი მომავალი ტაძრისათვის მიახლოებით განისაზღვრებოდა. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიკვლეულ იქნა მეტეხის პლატოზე მეფის რუსეთის მიერ აშენებული ციხის ადრეული მაკეტი, რომელზეც საგანგებოდ არის აღნიშნული აბო თბილელის ნიში (პორტიკი). ამას თან დაერთო ერმაკოვის ფოტოზე - „მეტეხის ხიდი“, აბო თბილელის ნიშის მიკვლევა. მაკეტზე და თვით ადგილზეც გადაზომვების შედეგად, ასევე მოძიებული ფოტო-საარქივო ტოპოგრაფიული მასალების შეჯერებით დადგინდა, რომ ის აგურის წყობა, რომელიც მეტეხის კლდის ძირზე იყო შეზრდილი, ძველი, XIX ს-ში აგებული სამლოცველოს ნაწილი შეიძლება ყოფილიყო. მოგვიანებით საისტორიო არქივში მიკვლეულ იქნა წმიდა აბო თბილელის ნიშის გეგმა, რომლის აგებაც სურდათ ამ წმინდა ადგილზე.
1994 წელს, 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს დაიწყო მომავალი ტაძრის მშენებლობისათვის ადგილის გაწმენდის სამუშაოები. ტერიტორია გასუფთავდა 3-4 მეტრის სიმაღლის ნაყარი მიწისაგან. შემდგომმა სამუშაოებმა მთლიანად წარმოაჩინა ნიში-პორტიკი, რომელსაც ზედა ნაწილი მონგრეული ჰქონდა. კერძოდ, ორი სვეტის ნანგრევი ბაზისებითურთ და სვეტებს შორის ჩადგმული წითელი მართკუთხა ზომის ტუფის ქვა. მოგვიანებით, სისხლისფერი ქვის ქვედა დონეზე აღმოჩნდა იმავე ზომის სწორკუთხა ქვა და მის გვერდით მცირე ზომის ქვები. იქვე ახლოს წარმოჩნდა მოწამეთა ხიდის ბურჯი. აქვე მოხდა ერთი მეტად ღირსშესანიშნავი მოვლენა. წმიდა აბოს ნიშის მიწაყრილით დაფარულ ტერიტორიაზე მოჭრეს მომცრო ნაძვის ხე. თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში ნაძვის მორი გადახერხეს და გადანაჭერზე ჯვრის გამოსახულება აღმოჩნდა. ქართულმა ეკლესიამ იგი ჭეშმარიტ ხელთუქმნელ ჯვრად, ღვთის ნებით მოხდენილ სასწაულად აღიარა. ამჟამად ჯვარი კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაშია დაცული.
1995 წლის 21 იანვარს, წმიდა აბო თბილელის ხსენების დღეს, სამარტვილესთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II პარაკლისი გადაიხადა. 1996 წლის 21 იანვარს, წირვის შემდეგ, სიონის ტაძრიდან კათოლიკოს-პატრიარქი თბილისის სამღვდელოებასთან ერთად წმიდა აბოს ნიშისაკენ გაემართა. ამავე დროს კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სამღვდელოებამ და მრევლმა გაიარა 1900 წელს კირიონის მიერ განვლილი გზა აბოს ნიშამდე. მსვლელობას წინ უძღოდა ლაშა კინწურაშვილის მიერ შექმნილი წმიდა აბო თბილელის ხატი. ნიშთან კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.
1996 წელს, 17 მარტს, ჯვრის თაყვანისცემის დიდი დღესასწაულის დღეს იკურთხა წმიდა აბო თბილელის ტაძრის საძირკველი. კურთხევა აღასრულა კრწანისის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ.
არქიტექტურა: წმიდა აბო თბილელის მომავალი ტაძარი წარმოადგენს მცირე ზომის ორნავიანი ტიპის ბაზილიკას (დაახლ. 5x7). ორივე ნავის გადახურვა ცალფერდაა. ტაძარი კლდეს უერთდება და ბუნებრივად გადაიზრდება მასში.
წმიდა აბო თბილელის მშენებლობა მიმდინარეობს. ტაძარი შენდება დიდი კვადრებით, კირის დუღაბით. აშენებენ სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული მოქანდაკეები - ვახტანგ ბოჭორიშვილი, ზაზა ფანცულაია, დავით გომართელი და გიორგი ხელაძე. მშენებლობას აფინანსებს დვალიშვილების ოჯახი და მათთან ერთად მორწმუნე მრევლის წარმომადგენლები.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 6(57), 2000 წ.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა