ოზაანის ამაღლების ტაძარი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში მდებარეობს. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება, მალევეა მიშენებული დასავლეთისა და სამხრეთის მინაშენები. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. იგი გეგმით ჩახაზული ჯვრის ტიპისაა, რომელიც აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდით (საკურთხევლის, სადიაკვნესი და სამკვეთლოსი) სრულდება. ტაძარს დასავლეთითა და სამხრეთით, ფასადების მთელ სიგრძეზე, კამარაჩამოქცეული მინაშენები ეკვრის, რომლებიც, როგორც ჩანს, ნაწილ-ნაწილ შენდებოდა. საკურთხეველი ნახევარწრიული აფსიდისა და ბემისაგან შედგება. გუმბათი საკურთხევლის კედლების მძლავრ შვერილებსა და მასიურ, კვადრატული გეგმის მქონე, ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა ტრომპების ორი მწკრივით ხორციელდება. გუმბათქვეშა თაღებს ოდნავ ნალისებრი ფორმა აქვს, მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც და ჯვრის მკლავების კამარებიც. საკურთხეველში სამი დიდი ზომის სარკმელია გაჭრილი. მათი თაღები, შიგნიდან ოდნავ ნალისებრია, გარედან კი - ნახევარწრიული. სარკმლების ქვემოთ, კედელში, ამოშენებული ნიშების კვალი იკითხება. თითო დიდი სარკმელია ჯვრის მკლავების ღერძებზეც, რომლებშიც მმრგვალი ღიობების მქონე თაბაშირის ჩარჩოები იყო ჩასმული. ბემის წინ თაბაშირის მოჩუქურთმებული კანკელის ნაშთებია შემორჩენილი. აფსიდისა და ბემის იატაკი რვაწახნაგოვანი შორენკეცებით იყო მოგებული, კუთხეების შესასვსებად გამოყენებულია რომბისებრი და სამკუთხა ფორმის შორენკეცები. ფასადები სადაა, საფასადე სიბრტყე აგურის რეგულარული წყობითაა განსაზღვრული. შესასვლელი სამია - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე მათგანი, როგორც ჩანს, ერთნაირად იყო დეკორირებული. სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს აგურით ნაწყობი, ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი არქივოლტი ამკობს. ნაგებობის კორპუსს გუმბათის მრგვალი, ოდნავ დაბალი, რვა თაღოვანი სარკმლის მქონე ყელი აგვირგვინებს. იგი ნახევარკოლონებზე დაყრდნობილი თაღედითაა მორთული. სარკმლები კედლის სწორკუთხა შეღრმავებულ არეებშია ჩასმული და ლეკალური აგურითაა გამოყვანილი. გუმბათის ყელის საფუძველი ხერხულა წყობით გამოყვანილი სარტყელით არის ხაზგასმული. ინტერიერში შემორჩენილია XI-XIII საუკუნეების მოხატულობის ფრაგმენტები. ოზაანის ფრესკები შესრულებითა და მხატვრული გადაწყვეტით იმავე პერიოდის წამყვან ძეგლებს უტოლდება და ქართული მონუმენტური მხატვრობის მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. ეკლესია ნაგებია ქართული აგურით, გუმბათის სახურავი და ფლიგელები ქართული კრამიტით არის გადახურული. გარეთა კუთხეებსა და ფასადებზე, მიწის დონეზე, გამოყენებულია კარგად თლილი ქვები. ნაგებობა თავდაპირველად მოჭიქული, ბრტყელი და ღარიანი კრამიტის კომბინირებული წყობით იყო დახურული.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა