შხეფის ციხე სამეგრელოში, სენაკის მახლობლად მდებარეობს. ძეგლზე ოთხი სამშენებლო ფენა გამოიყოფა, ყველაზე ადრეული IV საუკუნის დასაწყისით თარიღდება, ყველაზე გვიანდელი კი - XVI-XVII საუკუნეებით. იგი მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე იყო IV-XIX საუკუნეებში, ასევე გარკვეული დროის განმავლობაში დადიანთა საგვარეულო დინასტიის საცხოვრებელ რეზიდენციასაც წარმოადგენდა. შხეფის ციხის ისტორია ეგრისის სამეფოს დაარსების დროიდან იწყება და ის სამეფოს დაცვის საერთო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი იყო. შხეფის ციხის ადრეულ პერიოდზე წერილობითი ცნობები არ მოიპოვება, არსებობს ორი ცნობა გვიან საუკუნეებზე, როდესაც ციხე სამეგრელოს მფლობელ დადიანებს ეკუთვნოდათ. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1582 წელს, მამია დადიანმა ტახტის მოცილე ახალგაზრდა ლეონი შეიპყრო და შხეფის ციხეში დაამწყვდია, რომელმაც ტყვეობას ვერ გაუძლო, ციხის გალავნიდან გადმოვარდა და დაიღუპა. მეორე ცნობა გვაუწყებს, რომ იმერეთის მეფე ლევანი და მამია დადიანი ოდიშში იბრძოდნენ 1590 წელს. ამ ომში მამია დადიანმა გაიმარჯვა და იმერეთის მეფე ლევანი შხეფის ციხეში დაამწყვდია. მეფე ციხეში გარდაიცვალა.
არქიტექტურა
შხეფის ციხე გეგმაში მოგრძო ფორმისაა. იგი მოიცავს ორ ჭიშკარს, სამ კოშკს, მცირე დარბაზულ ეკლესიას, რეზერვუარსა და გალავანს. სიმაგრის სამხრეთი მხარე ფლატეა, დანარჩენი მხარეები ადვილად მისასვლელია, ამიტომ მას ღრმა და განიერი თხრილი ჰქონდა შემოვლებული. გალავნის კედლის სისქე სხვადასხვა ზომისაა და 180-150-120 სმ-მდე მერყეობს. ზღუდის შიგნით ორი კოშკია შემორჩენილი. ერთი კოშკი ცილინდრულია და გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხესთან არის მიშენებული, მეორე კოშკს ოთხწახნაგოვანი პირამიდის ფორმა აქვს და გალავნის ჩრდილოეთ მხარეს კედელშია ჩაშენებული. ციხეს მხოლოდ ერთი, ვიწრო მისასვლელი გზა აქვს ჩრდილო- დასავლეთიდან და შესასვლელიც აქედან ყოფილა მოწყობილი. შესასვლელის ღიობი თავისი არქიტრავით დღემდე კარგადაა შემონახული. ციხის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი სათავსებადაა დაყოფილი. ერთ-ერთ სათავსში შემორჩენილია ქვის დიდი ბუხარია თავისი საკვამლე არხით. ციხის შიგნით, ჩრდილო-აღმოსავლეთის მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნაშთია. აღმოსავლეთის მონაკვეთის ცენტრში მოზრდილი წყალსაცავია. აუზში წყლის დონე ზამთარ-ზაფხულ თითქმის ერთნაირია. გვიან საუკუნეებში სპეციალური წყალსადენი გამოუყვანიათ, რომელიც კერამიკული მილებითაა ნაგები. ციხის ზედა გრძელ ეზოს დასავლეთით პატარა ეზო ეკვრის. ამ ეზოს სანახევროდ ამოვსების შემდეგ, გვიან შუა საუკუნეებში კარი მაღლა გაუჭრიათ. კარის წინა მცირე ფართობი XVI-XVII საუკუნეებში გალავნით შემოუფარგლავთ. ამ თხელ კედლებში მარტივი სათოფეებია განლაგებული. კარის დასავლეთით კოშკია, რომლის კედელზე ვრცელი წარწერაა, საიდანაც ვიგებთ, რომ ვინმე შედანს აუგია კოშკი “კარის თვალი”.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა