ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, მონასტრის მთავარი ტაძარი წარმოადგენდა შავშეთის საერისთავოს მთავარ ჯვარგუმბათოვან ეკლესიას. მდებარეობს თანამედროვე თურქეთში, მდინარე იმერხევის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ქალაქი შავშათიდან 15 კილომეტრში, სოფელ ტბეთის (თურქული სახელწოდება Cevizli, ჯევიზლი, ნიშნავს „კაკლიანს“) შუაგულში.
პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთერისთავი აშოტ კუხის მიერ აიგო. მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი. XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. მას შემდეგ სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც — შავშეთის ერისთავობაც ებოძა. ტბეთის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ, სამწერლობო კერას წარმოადგენდა. შეიქმნა არაერთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები აქ მოღვაწე ბერების მიერ. ტბეთის მონასტერი რამდენიმე სამონასტრო ნაგებობას მოიცავდა, რომელთაგან დღეისათვის მხოლოდ მთავარი ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი. ტბეთის მთავარ ტაძარში გამოიყოფა რამდენიმე ქრონოლოგიური ფენა მშენებლობისა. მონასტერი XVII საუკუნის II ნახევრამდე მოქმედებდა, შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაძარში მუსულმანური სალოცავი გახსნა, რომელიც XIX საუკუნის მიწურულამდე ფუნქციონირებდა. ტაძარი ამჟამად მნიშვნელოვნად დაზიანებულია.
ტბეთი ძველ საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა. ტბეთის ეპარქიაში შედიოდა შავშეთი და აჭარის ნაწილი. პირველ ცნობას ტბეთის ტაძრის აგებისა და ეპისკოპოსის შესახებ იძლევა სუმბატ დავითის ძე:
„ აშოტ ერისთავთა-ერისთავმან, ძემან გურგენ კურაპალატისამან, რომელსა ეწოდა კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი ყოვლითა განგებითა, და დასუა პირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე. “
ამავე შინაარსის ცნობას იძლევა „მატიანე ქართლისაც“ და უფრო მოგვიანებით ვახუშტი ბატონიშვილი.
შუა საუკუნეების შემდეგ ტბეთის მონასტრის შესახებ ცნობები ლიტერატურაში თითქმის არ მოიპოვება. ცნობილია, რომ აქ გაშლილი იყო მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. აქ შეიქმნა სტეფანე მტბევარის ჰაგიოგრაფიული თხზულება „წამება წმიდისა მოწამისა გობრონისი“ (914-918), იოანე მტბევარის ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები (X საუკუნე). აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები დავით ტბელი, არქიპოსი, აკვილა მტბევარი, იოანე ფუკარალის ძე (ორივე XI საუკუნეში), აბუსერისძე, ტბელი და სხვა. მონასტერს ჰქონდა თავისი სკრიპტორიუმი, სადაც 995 წელს გადაიწერა ტბეთის სახარება; დღეს იგი სანქტ-პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება. ასევე მონასტერში იყო წიგნთსაცავიც; XII საუკუნის ერთ-ერთი ოთხთავის ანდერძი იძლევა ცნობას, რომ ტბეთში მრავალი ძველი წიგნი ინახებოდა. 1961 წელს მონასტრის კარგად შემორჩენილი მთავარი ტაძარი ადგილობრივმა მოსახლეობამ ააფეთქა.
ტბეთის ტაძარში წირვა-ლოცვა თურქეთის მიერ შავშეთის დაპყრობის შემდეგაც ტარდებოდა. საეპისკოპოსო კათედრა აქ XVII საუკუნის II ნახევრამდე არსებობდა. 1637 და 1650 წლებში იხსენიება მტბევარი გედეონ საფრიძე. კათედრა მოგვიანებით გაუქმდა და შენობა თურქების ხელში აღმოჩნდა. ტაძარში ფუნქციონირება დაიწყო მუსულმანურმა სალოცავმა — ჯამემ, რომელიც 1880-იან წლებამდე მოქმედებდა. აღსანიშნავია, რომ თურქებს ტაძრის მეჩეთად გადაკეთების დროს არანაირი სარემონტო სამუშაოები არ ჩაუტარებიათ, მათ შენობა ფაქტობრივად უცვლელი დატოვეს, თუმცა ფრესკები და მოხატულობა დაზიანდა; 1860-იან წლებში ტაძარში მოაგროვეს თივა და ცეცხლი დაანთეს, რათა ისინი ქრისტიანულ გამოსახულებებს არ ეცდუნებინათ. 1889 წელს სოფლელებმა ახალი ჯამე ააგეს, რომლის ფასადებიც თითქმის მთლიანად ტბეთის ტაძრიდან ჩამოცვენილი ქვებითაა ამოყვანილი. 1961 წელს სოფლელებმა ტაძარი ააფეთქეს.
მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ტბეთის ტაძრით მხოლოდ XIX საუკუნეში დაინტერესდა. ამ პერიოდის უადრესი ცნობები ეკუთვნით გიორგი ყაზბეგს, დიმიტრი ბაქრაძესა და პრ. უვაროვას. შემდგომში ა. პავლინოვმა მოკლედ აღწერა ტაძარი, შედაგინა მისი გეგმა, ჭრილი, ასევე სამხრეთი ფასადისა და ზოგიერთი არქიტექტურული დეტალის ნახატები. მასვე ეკუთვნის ოთხი ფოტოსურათი 1888 წლიდან. ეს მასალა მას გამოქვეყნებული აქვს ნაშრომში „Экспедиция на Кавказ“.
„სხვათა შორის, აქ მოვიხსენიებ იმასაც, რომ ამ ექსპედიციას ნაღმით დამტვრევა უნდოდა და ვერაფრით დააკლო-რა მარმარილოს ქვასა, რომელიც ედო შავშეთში კუროპალატ აშოტის საფლავს, ამ მეფეს მიერ აშენებულ ცნობილ ტბეთის ეკლესიაში. ტბეთში ტაძრის გარშემო ადგილები, თვით ეკლესიის საძირკვლებიც კი, სულ გადათხრილი იქნა. დიდძალი ნივთები უპოვნიათ, ჩვენი არქეოლოგიისათვის ძვირფასნი, და წააღებინეს. აშოტ კუროპალატის საფლავის ჯერ გათხრა უნდოდათ, მაგრამ საფლავის ქვა ისეთი მძიმე გამოდგა, რომ ორმოცმა მუშამ დაძვრა ვერ უყო. მაშინ, როგორცა ვთქვით, ბერძენ ოსტატებს უბრძანეს, ნაღმით დაამტვრიეთ და ისე ამოვიღოთ საფლავში რაც ნივთები იქნებაო. ოსტატები გაკვირვებულები იყვნენ, რომ მარმარილოს ქვა ისეთი მაგარი გამოდგა, რომ ნაღმითაც ვერა დააკლეს რა.“ - თედო სახოკია
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა