წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდლის ულამაზესი ბაღი და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი. მდებაორებს კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალში.
წინანდლის სასახლე ეკუთვნოდა გარსევან ჭავჭავაძეს – მეფე ერეკლე II-ის დროს საქართველოს სრულუფლებიან ელჩს რუსეთში. სასახლე მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს – ალექსანდრე ჭავჭავაძეს გადაეცა, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტს და საზოგადო მოღვაწეს.
წინანდლის ჭავჭავაძეების სასახლის დღემდე შემონახული შენობა 1886 წელს აშენდა და ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წარმოადგენს. იქ დაცულია ჭავჭავაძეების ოჯახის წევრების პირადი ნივთები, მე-19 საუკუნის სხვადასხვა სახის გამოცემები, მე-18 საუკუნის ხელნაწერები, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები, ფერწერული და ლითოგრაფიული ნიმუშები, მე-18-მე-19 საუკუნეების ქართული, რუსული და ფრანგული ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის - ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული და რუსული ჭურჭელი მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად.
წინანდლის დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა, პარკი 18 ჰექტარს იკავებს. ალექსანდრე ჭავჭავაძემ მის გასაშენებლად ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტორები ჩამოიყვანა. ეგზოტიკური ჯიშებისა და დაგეგმარების მხრივ ის უნიკალურია. პარკში ასევე ჩინეთიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, ხმელთაშუა ზღვის და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ ეგზოტიკურ მცენარეებსაც შეხვდებით. წინანდლის ბაღში ნახავთ სიყვარულის ხეივანს. ლეგენდის თანახმად, თუკი წყვილი ამ ხეივანში თვალდახუჭული შეძლებს გავლას, მათი სიყვარული ბედნიერი იქნება.
წინანდლის ღვინის საცავი - რომელიც მდებარეობს წინანდლის პარკის ტერიტორიაზე 1835 წელს აშენებული ერთ-ერთი პირველი მარანია საქართველოში, სადაც ბოთლში პირველად ჩამოისხა ქართული ღვინო. ალექსანდრე ჭავჭავაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ადამიანია, ვინც წინანდალში ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო ბოთლში ჩამოასხა და საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი. წინანდლის მარანში დაცულია სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული ღვინის 16 500-მდე ბოთლი.
ისტორია
წინანდალი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ჭავჭავაძეების სამამულო მიწას. ჭავჭავაძეთა გვარი კახეთში მეთვრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა. აქ თავის სასახლეში ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც მსახურობდა მეფე ერეკლე II–ის კარზე და საქართველოს სრულუფლებიან ელჩს წარმოადგენდა რუსეთში. მისი სასახლის შესახებ დღეისათვის მწირი ინფორმაცია არსებობს. ცნობილია, რომ სასახლე დღევანდელი ბაღის ჩრდილო–დასავლეთით მდებარეობდა.
გარსევან ჭავჭავაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ–საქართველოს ურთერთობებში და 1783 წლის 24 ივლისს ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს იოანე ბაგრატიონთან ერთად. მეფე ერეკლემ მას დიდი მამული უბოძა ცივ გომბორის მთიდან კავკასიონის მთების სამხრეთ კალთამდე. წინანდლის მამული მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ალექსანდრე ჭავჭავაძეს (1786—1846) ერგო.
ალექსანდრე ჭავჭავაძე პეტერბურგში დაიბადა და საიმპერატორო კარზე იზრდებოდა. იგი იყო ეკატერინე II-ისა და ალექსანდრე I-ის ნათლული.
ალ. ჭავჭავაძეს ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ჰყავდა. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე ცნობილი რუსი დიპლომატისა და პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე იყო, მეორე - ეკატერინე ჭავჭავაძე სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე, ვაჟი - დავითი რუსეთის საიმპერატორო სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა. მისი მეუღლე, ანა ბაგრატიონი, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII შვილიშვილი იყო. ალექსანდრეს უმცროსი ქალიშვილი სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსს ბარონ ალექსანდრე ნიკოლაის.
XIX საუკუნეში წინანდალში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები. სასახლეს ასევე სტუმრობდნენ რუსი და უცხოელი დიპლომატები და ხელოვანები. წინანდლის სასახლე XIX საუკუნის კულტურულ კერას წარმოადგენდა.
ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველად საქართველოს ისტორიაში წინანდალში ბოთლში ჩამოასხა ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო. რის შემდეგაც საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაეყარა საფუძველი.
1854 წელს, წინანდლის მამულებს შამილის რაზმი შემოესია. სასახლე დაარბიეს და გადაწვეს. ტყვედ აიყვანეს დავით ჭავჭავაძის ოჯახი და ნათესავები — სულ 24 ადამიანი. შამილმა ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ შვილის ჯემალ-ედ–დინის გათავისუფლება და მილიონი მანეთი მოითხოვა; მოლაპარაკების შედეგად თანხა 40 000–მდე შემცირდა. ოჯახის გამოსასყიდად დავით ჭავჭავაძემ წინანდალი, მუკუზანი და ნაფარეული დააგირავა.
1886 წელს დავით ჭავჭავაძე იძულებული გახდა წინანდლის მამული გაეყიდა და ეს უკანასკნელი საუფლისწულო მამულების დეპარტამენტის მფლობელობაში გადავიდა. ამავე პერიოდიდან წინანდლის მამულების დიდი რეკონსტრუქცია იწყება. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს სათავეში ცნობილი რუსი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი ჩაუდგა. ხოლო 1887 წელს პარკის გადაკეთება შვედ ბოტანიკოსს არნოლდ რეგელს დაუკვეთეს. ამგვარად წინანდლის ჭავჭავაძისეული მამული რომანოვების საზაფხულო რეზიდენციად გადაკეთდა.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რომანოვების საზაფხულო რეზიდენცია გადაკეთდა ღვინის ქარხანასთან არსებულ სასტუმროდ; ხოლო 1946 წლიდან ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის თაოსნობით გაიხსნა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვამაინტერესებს განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები