ვაჩნაძიანის პალატები — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ვაჩნაძიანის სამხრეთით გუჯიაურებად წოდებულ ტერიტორიაზე. განეკუთვნება IX საუკუნეს.
სასახლე ორსართულიანი ნაგებობაა. ქვედა სართული სამომსახურო-სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო ზედა საცხოვრებელსა და საზეიმო დარბაზს შეიცავს. ამის შესაბამისადაა გადაწყვეტილი ფასადების პროპორციებიც _ ზედა სართული გაცილებით მაღალია ქვედაზე. სასახლის გრძივი ფასადი მიმართულია მდინარე ბალვენახევისკენ, ხოლო განივი ფასადის ორი სარკმლიდან ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედი იშლება. შენობა ძირითადად ნაგებია რიყის ქვით. ზოგიერთი ნაწილის წყობაში რიყის ქვასთან ერთად გამოყენებულია მოზრდილი ზომის აგური. თითოეულ სართულზე ერთრიგად განლაგებული სამ-სამი ოთახია. ქვედა სამივე ოთახი დამატებით იყო დანაწევრებული. ძირითადი, ფართო შესასვლელები მოწყობილი იყო სასახლის შუა მოგრძო გასასვლელში ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, ჩრდილოეთ შესასვლელი უფრო განიერია, ვიდრე სამხრეთისა; მოგვიანებით სამხრეთ შესასვლელი ამოუშენებიათ, ზედა ნაწილში კი პატარა ღიობი დაუტოვებიათ.
სამხრეთ კედელში ძლიერ გაგანიერებული ორი სარკმელია. ორივე გადახურულია შირიმის ქვაში გამოკვეთილი თაღით, ჩრდილოეთ კედელში კი კედლის პირამდე ამოშენებული სამი განიერი თაღია, რომლებიც აგურით ყოფილა ნაწყობი, ამ ოთახის დასავლეთ კედელში მოწყობილია დიდი გეგმით ნახევარწრიული ბუხარი, რომელსაც ფასადზე, დიდი დარბაზის ბუხრის მსგავსად კონტრფოსისმაგვარი შვერილი ზურგი აქვს.
სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე იყო გამართული. დიდი დარბაზის გრძივ კედლებზე შემორჩენილია რეგულარულად განლაგებული ღრმა საკოჭე ბუდეები სასახლის დასავლეთ ოთახსა და გასასვლელში კოჭების საყრდენი ბუდეები, დიდი დარბაზისგან განსხვავებით, განივ კედლებშია განლაგებული ესე იგი სართულშუა გადახურვის კოჭები მხოლოდ კედლებზე იყო დაყრდნობილი დამხმარე საყრდენების გარეშე. მეორე სართულზე ადიოდნენ ღია კიბით. შემორჩენილი ნაშთებით დგინდება, რომ იგი მოწყობილი ყოფილა სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან ჩრდილოეთ ფასადის მხრიდან. სასახლე გადახურული იყო ორფერდა სახურავით, რასაც მოწმობს აღმოსავლეთ კედლის ფრონტონიანი დასრულება. სასახლის ჩრდილოეთ კედელზე ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხიდან ბუხრამდე მიდგმული ყოფილა. პატარა სათავსი; მისგან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ კედელი, რომელშიც მოწყობილია თაღოვანი შესასვლელი. სათავსი სასახლის დიდ დარბაზთან დაკავშირებული იყო სწორკუთხა კარით, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ.
სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით შვიდიოდე მეტრზე დგას სამ ეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესია რომელიც ისევე როგორც სასახლე IX საუკუნეშია აგებული. XIX საუკუნის ბოლოს იგი განუახლებია თავად ლევან ჯანდიერს პოლკოვნიკ გიორგი იოსების ძე ჯანდიერის მოსახსენებლად, ამ ფაქტის მაუწყებელი წარწერა დაცული ყოფილა ეკლესიის ხის კანკელზე რომელიც XX საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში უკვე აღარ არსებობდა.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა