არჩილის მონასტერი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნადოკრასთან ახლოს მდებარეობს. იგი სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, ესენია: ორი დარბაზული ეკლესია, ხუთსართულიანი კოშკი, მარანი, საცხოვრებელი შენობი და გალავანი. ნაგებობათაგან ყველაზე ძველი VIII საუკუნის დარბაზული ეკლესიაა. ტაძარში სამარხია, რომელიც ქართლის ერისმთავრის არჩილ სტეფანოზის ძის საფლავად მიიჩნევა. აღნიშნული ეკლესიის ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხესთან განვითარებულ შუა საუკუნეებში მეორე ეკლესია აუგიათ, XVII-XVIII საუკუნეებში კი კოშკი და სხვა ნაგებობები აუშენებიათ.
არქიტექტურა
VIII საუკუნის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. იგი ქრონოლოგიურად განსხვავებულ სამ სამშენებლო ფენას შეიცავს: უძველესი ფენა მოზრდილი ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობითაა ნაგები, მომდევნო საუკუნეებში აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადები შირიმის დამუშავებული კვადრებით მოუპირკეთებიათ, მოგვიანებით კი დაზიანებული ტაძარი რიყის წვრილი ქვის წყობით აღუდგენიათ. ნაგებობას ერთი შესასვლელი აქვს - სამხრეთით, იგი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი - თაღოვანი. დარბაზის კამარა ნახევარწრიულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ეკლესია თავდაპირველად ორი სარკმლით ნათდებოდა - აღმოსავლეთისა და დასავლეთის. კოშკის მიშენების შემდეგ აღმოსავლეთის სარკმელი დაბნელდა და ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში და აფსიდის აღმოსავლეთ ნაწილში ახალი სარკმლები გაჭრეს. ფასადები სადაა. აღმოსავლეთის ფასადს მთლიანად კოშკი ფარავს. სამხრეთის სარკმლების სწორკუთხა ღიობები შირმის ორ ფილაშია გამოკვეთილი და სადა ლილვითაა დეკორირებული. შესასვლელს სწორკუთხა, კედლის სიბრტყიდან მცირედით შვერილი, სადა საპირე შემოუყვება. ფასადებს თაროს, წრეთარგისა და ლილვისგან შექმნილი ლავგარდანი ასრულებს.
მეორე ეკლესია VIII საუკუნის ტაძრის ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხეში დგას. ისიც დარბაზული ნაგებობაა, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდით. ტაძრის უმეტესი ნაწილი დანგრეული იყო, ამჟამად მთლიანად აღდგენილია. შესასვლელი ერთია - სამხრეთით. დარბაზი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული, რომელიც ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ინტერიერი შელესილია. დარბაზს ერთი აღმოსავლეთისა და ორი ჩრდილოეთის კედელში გაჭრილი სარკმელი ანათებს. ფასადები სადაა და თაროს, წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია სხვადახვა ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით, გარეთა კუთხეების წყობაში გამოყენებულია შირმის დამუშავებული ქვები, შირიმისაა ლავგარდანიც.
ხუთსართულიანი კოშკი ძველი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადსა და მეორე ეკლესიის სამხრეთ ფასადს ეკვრის. იგი გეგმით კვადრატული ნაგებობაა. კოშკს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, პირველი სართულის დონეზე, იგი თაღოვანია. პირველ სართულზე ბუხარია მოწყობილი, მის ზემოთ კი თაღოვანი ნიშია. სართული გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით. II სართულის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო ღრმა შეისრულთაღოვანი ნიშია. სამხრეთით ორფერდასახურავიან ბაქანზე გამავალი კარია. აღმოსავლეთ კედელში მაღალი სწორკუთხა სარკმელია, სამხრეთ კედელში კი – სათოფური. III სართულის სამხრეთ კედლში ხის პატარა აივანზე გამავალი ფართო სწორკუთხა კარია, აღმოსავლეთით კი - ერთი სწორკუთხა სარკმელი. IV სართულის კედლებში ექვსი სათოფურია. II, III და IV სართულებს ხის კოჭებზე გამართული ბრტყელი გადახურვა ჰქონია. V სართულის სამხრეთ კედელში ხის აივანზე გასასვლელი კარია მოწყობილი - სხვა კედლებში კი - თითო სათოფური. სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით. ფასადები სადაა და შირმის თხელი ფილებისაგან შედგენილი თაროსებრი ლავგარდანი ასრულებს. კოშკი ნაგებია რიყის ქვით.
მარანი ეზოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ნაგებობა ორი სწორკუთხა ოთახისგან შედგება და თითქმის მთლიანად მიწაშია ჩაფლული. ერთი ოთახი საწნახელია, მეორე კი - ღვინის საცავი. ოთახები ერთმანეთს კარით უკავშირდება. ღვინის საცავი გუმბათოვანი კამარითაა გადახურული. ოთახის აღმოსავლეთ კედელში საწნახელიდან გამომავალი თიხის მილია, რომლის წინ ქვევრია. ოთახი კამარის წვერში მოწყობილი მრგვალი ხვრელით ნათდება. ინტერიერი შელესილია.
საცხოვრებელი ნაგებობა პირველი ეკლესიის სამხრეთ–დასავლეთით მდებარეობს. იგი მთლიანად დანგრეულია, შემოჩენილია მხოლოდ საძირკვლის ნაშთი და ბუხრის ნაწილი. კომპლექსს მრუდხაზოვანი მოხაზულობის გალავანი აქვს შემოვლებული, რომლისგანაც მხოლოდ მცირე ნაშთები იყო გადარჩენილი. ამჟამად სამონასტრო კომპლექსი აღდგენილია.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა