ათეშგა ცეცხლის ტაძარია, რომელიც ქალაქ თბილისში, კლდისუბანში, გომის ქუჩის 3 ნომერში მდებარეობს. იგი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ძეგლია. ტაძარი საგრძნობლად გადაკეთებულია, თუმცა მის ინტერერში იკითხება პირვანდელი წყობა და თავისებურებები. ცეცხლის ტაძარი აქ VI საუკუნეში უნდა იყოს აგებული. ადრინდელ ქრისტიანულ ხანაში თბილისში ზოროატრიზმის გავრცელებაზე ცნობები უხვად შემოგვინახა ქართულმა წერილობითმა წყაროებმა. საქალაქო ცხოვრების დაწყებისთანავე ზოროასტრიზმის გაძლიერებისათვის ხელშემწყობი პირობები შეიქმნა IV–VI საუკუნეებში, როდესაც ქართლი ირანის გავლენის სფეროში მოექცა. ამ პერიოდში მეფის კარზე ქრისტიან ეპისკოპოსთან ერთად მოგვთა მეთაურიც იმყოფებოდა, რომელსაც ქართული საისტორიო წყაროები „სპარსთა ეპისკოპოსს“ უწოდებენ. ათეშგა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებული თურქების მიერ მეჩეთად გადაკეთდა და ნაწილობრივ სახე იცვალა. ნაგებობა მთლიანად აგურითაა ნაშენები და თითქმის კვადრატული ფორმისაა. მას ტრომპებზე დაფუძნებული ნახევარსფერული გუმბათი ჰქონდა, რომელიც ამჟამად ჩანგრეულია. უძველესი ტაძრის აგურის სტრუქტურა მეჩეთად გადაკეთებისას გარე მხრიდან მთლიანად ახალი, აგურისავე მოსასხამით შეიმოსა. ნაგებობის კუთხეები პილასტრებით იყო ფლანკირებული, ფასადები კი, აღმოსავლეთ ფასადის გარდა, ორთაღედით იყო მორთული. მოგვიანებით ეს თაღები ამოაშენეს. თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი სამხრეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ტრომპები, ასევე ტრომპებშორისი განმტვირთავი ღიობი და თაძრის იატაკიც. გადაკეთების შედეგად ინტერიერისა და ექსტერიერის ურთიერთშესატყვისობა სრულიად დარღვეულია. ათეშგა სხვადასხვა დროს მრავალი მოგზაურის ნახატზე ასახულა, ასევე თბილისის გეგმებზე და რამდენიმე ძველ ფოტოსურათზეც. უძველესი ცეცხლის ტაძარი თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა