ბადაანის ცხრაკარა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბადაანთან ახლოს მდებარეობს. იგი გვიან შუა საუკუნეებშია აგებული. კომპლექსი მოიცავს სასახლეს, პატარა დარბაზულ ეკლესიასა და ორ კოშკს. ეკლესია კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში დგას. იგი გეგმით არაწესიერ ოთხკუთხედს წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის კედელს მთელ სიგრძეზე გასდევდა დაბალი საფეხური, რომლისგანაც მცირე ნაწილიღა შემორჩა. მოგვიანებით, აფსიდის მხრების ხაზზე, აგურის კანკელი აუგიათ, რომელშიც სამი ფართო და მაღალი შეისრულთაღოვანი ღიობია. დარბაზის დასავლეთ და ჩრდილო კედლებს მთელ სიგრძეზე საფეხური გასდევს. ტაძრის დარბაზი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. ფასადები სრულიად მოურთველია. კედლები აგურით ნაწყობი სამსაფეხურიანი ლავგარდნით სრულდება. ნაგებობას სამხრეთით თაღოვანი შესასვლელი აქვს. ტაძარი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით. ეკლესია გადახურულია ქვის ფილებით, რომლებიც დუღაბითაა გადალესილი.
სასახლე გეგმით სწორკუთხედს უახლოვდება. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. იგი ტერასულად განლაგებული ორი თითქმის თანაბარი სიდიდის ნაწილისაგან შედგება. ზედა ნაწილში სამი სხვადასხვა ფართობის ოთახია, ქვედაში - ორი. ზედა ნაწილის ჩრდილო ნახევარი ორსართულიანი ყოფილა. თითოეულ სართულზე ორ-ორი, თითქმის თანაბარი ფართობის ოთახია. აღმოსავლეთით მდებარე ოთახები ეკლესიის დასავლეთ კედელზეა მიშენებული. ქვედა ნაწილში დარბაზია და ერთი, თითქმის კვადრატული ოთახი. სასახლის ქვედა ნაწილიც ორსართულიანი ყოფილა. ამჟამად მეორე სართულის კედლებიდან ნაწილიღაა შემორჩენილი. სასახლის მთავარი შესასვლელი დარბაზის დასავლეთ კედლშია გაჭრილი. მოგვიანებით კედლის ამ ნაწილზე გარედან გეგმით ნახევარწრიული კოშკი მიუშენებიათ. სასახლის ოთახებში გვხვდება ბუხარი, ნიშები და სასურსათო ორმო. კოშკის კედლის მთელ სიგრძეზე ხუთ რიგად მცირე ზომის კვადრატული ნიშებია განლაგებული, რომლებსაც, როგორც ჩანს, აფთიაქის დანიშნულება უნდა ჰქონოდა. კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილი შიდა ეზოს უჭირავს, რომელიც ორი მხრიდან გალავნის კედლებითაა შემოზღუდული. ეზოს აღმოსავლეთ კიდეში დგას გეგმით წრიული პატარა კოშკი. სასახლის გარეთა კედელი და ეზოს შემომსაზღვრელი გალავანი, ნახევარწრიული კონტრფორსებითაა გამაგრებული. კომპლექსის ტერიტორიაზე შეინიშნება გალავნისა და სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა