ბედიის მონასტერი აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბედიაში მდებარეობს. აფხაზეთის ტერიტორია დღესდღეობით ოკუპირებულია რუსეთის მიერ. “დადიანთა ქრონიკის” მიხედვით, დღევანდელი ტაძრის ადგილას, ბაგრატ III-ს X საუკუნის მიწურულს, 999 წელს, ეკლესია აუშენებია: “წელსა შჟთ (999წ) ბაგრატ, ძემან გურგენ მეფისამან კუროპალატმან ბედია აღაშენა”. აქვე არიან დაკრძალული გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და დედამისი - დედოფალი გურანდუხტი. ბეგრატ III-ის აგებულ ტაძარს ჩვენამდე არ მოუღწევია. 1968 წელს ლ. ხიმშიაშვილმა სარესტავრაციო სამუშაოების დროს ამჟამინდელი ეკლესიის ქვეშ მასზე დიდი ნაგებობის, ბაგრატ III-ის დროინდელი ტაძრის საძირკვლისა და იატაკის ნაშთი აღმოაჩინა. ჩვენამდე მოღწეული ტაძარი ძველ ნაშთებზეა დაშენებული XIII საუკუნის მეორე ნახევარში და მის მორთულობაში გამოყენებულია თავდაპირველი ტაძრის რელიეფები. ბედიის მონასტერი გამორჩეული ყოფილა სილამაზითა და სიმდიდრით. ბედიის ტაძრის განძიდან შემორჩენილია ლითონზე ჭედურობის შესანიშნავი ნიმუში, ცნობილი ოქროს ბარძიმი, რომელიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. აღსანიშნავია ბედიის ტაძრის წარწერები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციული თვალსაზრისით და ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ გვაწვდიან ცნობებს. 2000-იან წლებში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარა, რის შედეგადაც დაირღვა ტაძრის პირვანდელი სახე, გადაღებეს მონასტრის კედლები და ფრესკები, მათ შორის ბაგრატ III-ის უნიკალური ფრესკა.
არქიტექტურა
ბედიის მონასტერი მოიცავს რამდენიმე ნაგებობას, ესენია: გალავანი, გუმბათოვანი ტაძარი, ეპისკოპოსის საცხოვრებელი და კარიბჭე-სამრეკლო. კომპლექსის მთავარ ნაგებობას ბედიის გუმბათოვანი ეკლესია წარმოადგენს. სამონასტრო ანსამბლს გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომელიც ნაგები ყოფილა ფლეთილი ქვის წყობით, რთულ ხსნარზე. იგი ამჟამად მიწის დონემდეა დანგრეული. გალავნის კედლის ხაზშია ჩართული საეპისკოპოსო სასახლე და კარიბჭე.
ბედიის ტაძარი ჩაწერილი ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. შესასვლელი სამია - სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით. ჯვრის აღმოსავლეთი მკლავი აფსიდით სრულდება, დანარჩენი მკლავები კი სწორკუთხაა. გუმბათი დასავლეთის ორ ცალკე მდგომ ბურჯსა და აღმოსავლეთის აფსიდის შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს თითო ორსართულიანი პასტოფორიუმია. ტაძრის დასავლეთ ნაწილის ჩრდილოეთითა და სამხრეთით, მეორე სართულზე, პატრონიკეებია მოწყობილი. ეკლესიის დასავლეთით მინაშენის ნაშთებია შემორჩენილი. ინტერიერი შელესილი და მოხატულია. ეკლესიის გუმბათი შემორჩენილი არ არის. შესასვლელები სწორკუთხაა და ორნამენტირებული მოჩარჩოება აქვთ. რელიეფური დეტალები შემორჩენილია ტაძრის ინტერიერშიც და ფასადებზეც. აღმოსავლეთ კედელი ორი საფასადო ნიშითაა დანაწევრებული. როგორც გადარჩენილი ფრაგმენტებიდან ჩანს, ამავე ფასადზე, ცენტრალური სარკმლის ზემოთ, რელიეფური ჯვარი უნდა ყოფილიყო მოთავსებული. ფასადებს წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია სუფთად გათლილი ქვიშაქვით კირის ხსნარზე.
ეპისკოპოსის სასახლე გუმბათოვანი ტაძრის დასავლეთით დგას, რომელიც გალავნის კედლის ხაზშია ჩართული. იგი ორსართულიანი ნაგებობა ყოფილა. დღესდღეობით მეორე სართული თითქმის მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთის კუთხისა და დასავლეთის კედლის ფრაგმენტები. პირველი სართული ერთმანეთთან კარით დაკავშირებული ორი დამოუკიდებელი სათავსისგან შედგება. ორივე სათავსის მარტივი ბაზისა და კაპიტელის მქონე ბოძები დგას, რომლებზეც ნახევარწრიული თაღებია გადაყვანილი. თითოეული დარბაზი გადახურული ორი კამარით. სათავსებს აღმოსავლეთიდან თაღოვანი, ორნამენტებით შემკული, შესასვლელები აქვთ. ერთ-ერთი დარბაზის ტიმპანის წვაზე წარწერაა, რომელშიც იხსენიებიან XVI საუკუნის მოღვაწეები - ბედიელი მთავარეპისკოპოსი ანტონ ჟვანიძე, რესტავრატორი პალატებისა და კირილე ჟვანიძე. პირველი სართული დასავლეთიდან ოთხი ვიწრო სარკმლით, ხოლო სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან თითო-თითო ფართო თაღოვანი სარკმლით ნათდება. სვეტებსა და კედლებში საკმაოდ ღრმა, კვადრატული ფორმის ნიშები გვხვდება. მეორე სართულის გადარჩენილ აღმოსავლეთის კედელში თაღოვანი კარის ღიობია, ჩრდილოეთის კედლის ფრაგმენტზე კი - ღრმა ნიში.
სამრეკლო-კარიბჭე კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი სასახლეზეა მიერთებული. გეგმაში კვადრატული ნაგებობის პირველი სართული ორი თაღითაა გახსნილი და კარიბჭის ფუნქცია აქვს, მეორე სართული კი სამრეკლოს წარმოადგენს. სამრეკლოს ფანჩატურისგან მხოლოდ ფუძის მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. კარიბჭის ფასადების ზედა ნაწილს ლილვების ორი პარალელური ზოლი გასდევს. ნაგებობის დასავლეთ მხარეს შემორჩენილია წარწერა, სადაც XIV საუკუნის მოღვაწეები იხსენიებიან - გიორგი დადიანი და კონსტანტინე მეფე. სამრეკლო-კარიბჭე მოპირკეთებულია თლილი ქვის ფილებით.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა