თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. მდებარეობს კახეთის მხარის, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 900 - 4800 მ სიმაღლეზე. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო. თუშეთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
თუშეთი გამორჩეულია ულამაზესი მწვერვალებით, როგორებიცაა: ტებულოს (ზღვის დონიდან 4492 მ.), დიკლოს (ზღვის დონიდან 4285 მ.) და ბორბალოს (ზღვის დონიდან 3294 მ.). თუშეთში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები. აქ გარემომცველ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტებთან ერთად დაცულია ტრადიციები და მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებები.
თუშეთი ოთხ ძირითად თემად იყოფა: პირიქითა, გომეწრის, წოვათას თემი და ჩაღმის თემი. მოიცავს 40-მდე ნასოფლარს და 10 სოფელს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის სოფლები ზღვის დონიდან 1900-დან 2400 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული, ცენტრად კი ითვლება სოფელი ომალო.
თუშეთში მდებარეობს სოფელი ბოჭორნა, რომელიც ევროპის მასშტაბით ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტია.
თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს.
როგორ მოვხვდეთ თუშეთში?
თუშეთში მოხვედრა საქართველოში ყველაზე მაღალი, აბანოს უღელტეხილის გავლითაა შესაძლებელი, რომელიც ზღვის დონიდან 2900 მეტრზე მდებარეობს. თუშეთისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთლია და მასზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი.
თუშეთში სეზონი იხსნება გვიან ზაფხულში და მთავრდება ადრე შემოდგომაზე. დანარჩენ დროს გზა ჩაკეტილია დიდთოვლობის, საზვავე საფრთხისა და მეწყრისგან დაზიანებული გზის გამო.
სამზარეულო
თუშური სამზარეულოსათვის დამახასიათებელია ადგილობრივი კერძები, როგორებიცაა: თუშური ხინკალი, რომელიც დაბეგვილი ხორცისაგან მზადდება, თუშური ცხვრის ყველი, რომელსაც ასევე გუდის ყველს უწოდებენ, თუშური ყველისაგან დამზადებული ხაჭაპური და საოცრად მრავალფეროვანი რძის ფროდუქტები.
ისტორია
თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის მიხედვით, აქ ადამიანი გვიან ბრინჯაოს ხანაში დასახლებულა. ქართულ საისტორიო წყაროებში კი საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება თუშეთის შესახებ.
საქართველოს ეს უნიკალური მხარე უძველესი კულტურის ნაშთებს ინახავს. თუშური კოშკები – ქვის ეს დრეკადი ნაგებობები თუშთა თავშესაფარს და ასევე სათვალთვალოს წარმოადგენდა ჩეჩნებისა და დაღესტნების თავდასხმებისგან თავის დასაღწევად. ამ კოშკებში აღმოჩენილი თუჯის ცხოველების ფიგურები IV-V საუკუნეებით თარიღდება. თუშეთში რომ კულტურა და არქიტექტურა უძველეს დროშივე იყო განვითარებული, ამაზე მეტყველებენ ასევე ფუტკრის სკის სტილის ნაგებობები.
VIII საუკუნეში თუშეთი მოიხსენიება საქართველოს სამეფოსადმი დაქვემდებარებულ ჩრდილო კავკასიელ ტომებთან, კერძოდ, ხუნძახის თემთან საერთო ადმინისტრაციულ საზღვრებში — წუქეთის საერისთაოში. ამ დროს უნდა უკავშირდებოდეს ქრისტიანობის გავრცელება რეგიონში, რაზეც მეტყველებს ინგუშეთისა და დაღესტნის IX საუკუნის ქრისტიანული ძეგლები.
მნიშვნელოვანია XVI საუკუნის ცნობა, რომელიც ეხება კახეთის მეფე ლევანის მიერ თუშთა შემომტკიცებას. ეს არის პირველი ისტორიული ცნობა თუშეთის მეცხვარეობისა და კახეთში ზამთრის საძოვრებით სარგებლობის შესახებ.
XVII საუკუნეში, როგორც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მიკვლეულ ქვაზე დაწერილი გუჯარიდან ირკვევა, თუშებს თავიანთი ცხვარმრავალი ფარებისათვის ათვისებული აქვთ შირაქის ზამთრის საძოვრები, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობა და თუშეთის გეოსოციალური სტრუქტურის ორგანულ კომპონენტს წარმოადგენს.
მეზობელი ტომების თავდასხმებისაგან თუშეთის თავდაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა ადგილობრივი არქიტექტურა. სოფლების განაშენიანებისათვის, უძველესი დროიდან უპირატესობა ენიჭებოდა ბუნებრივ სიმაგრეებსა და შეჯგუფულ დასახლებას. ამგვარ ციხე-სოფლებს განეკუთვნება ძველი დიკლო, ჰეღო, წარო, ინდურთა და ა. შ.
თუშეთის ყოველ სოფელში დღემდეა შემონახული XVII-XVIII საუკუნეების თავდაცვითი და სასიგნალო ციხე-კოშკები, რომლებშიც იხიზნებოდა მოსახლეობა და კოლექტიურად იცავდა თავს მომხვდურთაგან.
საოჯახო თემის საცხოვრებელმა ციხე-სახლებმა XIX საუკუნის II ნახევარში დაკარგეს თავდაცვითი ფუნქცია და დაიწყო მათი გადაკეთება და ახალი ტიპის საცხოვრებლების-აივნიანი სახლების მშენებლობა, რაც პასუხობდა შეცვლილ სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნილებებსა და ესთეტიკურ შეხედულებებს.
სალოცავები
თუშები ღვთისმოსავი ხალხია, თუმცა მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემელია. სოფლებში - დართლოსა და შენაქოში შემორჩენილია უძველესი დროის სალოცავები. შენაქოს სალოცავში შესვლა ეკრძალებათ ქალებს. აქაური ხატი ქვების პატარა შეკვრაა, რომელსაც ცხოველების რქებითა და სანთლებით ამკობენ. თუშეთში წმინდა გიორგის რამდენიმე სალოცავია. "შავი" გიორგის წმინდა სალოცავს ლაშარი ეწოდება. მის სახელთანაა დაკავშირებული თუშების დღესასწაული ლაშარობა, რომელიც აღდგომიდან დაახლოებით ასი დღის შემდეგ იმართება შენაქოსა და ჩიღოში. ხატობის ამგვარი დღესასწაულები აქაური რელიგიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც თან ახლავს შაირობა.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა4 დღიანი ტური თუშეთსი რამდენი დაჯდება?