დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა დმანისში მდებარეობს. მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი. ის მსოფლიომ გაიცნო, მას შემდეგ რაც არქეოლოგებმა გათხრებისას 1,8 მილიონი წლის ადამიანის ძვლების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სწორედ დმანისელი ადამიანია პირველი ევროპელი. შუა საუკუნეების ნაქალაქარი მოიცავს შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბსა და გარეუბნის ნაგებობებს. აღსანიშნავია VI საუკუნით დათარიღებული დმანისის სიონი, რომელსაც XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭე აქვს. დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო, ის სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. IX საუკუნეში დმანისს არაბები ფლობდნენ, XI საუკუნის 80-იანი წლებიდან კი ის სელჩუკთა ხელშია. 1223 წელს ქალაქი დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა. მომდევნო პერიოდში მცირე ხნით ის კვლავ მტრის ხელში იყო. 1125 წელს დმანისი დემეტრე I-მა აიღო და ამიერიდან იგი უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. ქალაქი განსაკუთრებით XII-XIII საუკუნეებში დაწინაურდა. ამ პერიოდში განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნობა, აქ გადიოდა წინა აზიისკენ მიმავალი საქარავნო გზა. ქალაქში მოქმედებდა ზარაფხანა, ეწეოდნენ მეღვინეობას, ზეთისა და ქსოვილების წარმოებას, ამზადებდნენ კერამიკულ მოჭიქულ ჭურჭელს. XIV საუკუნის ბოლოდან დმანისი სხვადასხვა დამპყრობლის ხელში იყო, XVIII საუკუნეში კი საბოლოოდ ნაქალაქარად იქცა. დმანისის ნაქალაქარი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ძეგლია. მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა და აქ 2345 ექსპონატია დაცული.
არქიტექტურა
დმანისის ნაქალაქარი ორი ნაწილისგან შედგება - კონცხზე მოთავსებული ქალაქი და მდ. ფინეზაურის ორივე ნაპირზე მდებარე გარეუბანი. სამხრეთიდან ქალაქს ძველი გზა ადგება, რომელიც ჭიშკრის გავლით ქუჩის სახით გრძელდება შიგ ქალაქში. ქუჩა დაბალი კედლებითაა შემოზღუდული, დაგებულია ქვაფენილი. სახლები ნაგებია ბაზალტით, შიგნიდან შელესილია, მდიდრულ სახლებში კი მოპირკეთებულია შორენკეცით. იატაკებში ჩაფლულია ქვევრები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია სამეთუნეო, ზეთსახდელი დაწესებულებები, სახელოსნოები, მინარეთიანი მეჩეთისა და მედრესის ნაშთები. ქალაქს სამი მხრიდან გალავანი ერტყმის. გალავნის სრული სიმაღლე არსადაა შემორჩენილი. მისი საძირკველი უშუალოდ კლდეზეა დასმული. რელიეფი ისეა გამოყენებული, რომ ძირის გამოთხრა და ამ გზით ციხეში შეღწევა შეუძლებელი ყოფილიყო. კედლები ნაგებია ქვიშაქვით და ბაზალტით კირის დუღაბზე. შიგნიდან საბრძოლო ბაქნები ყოფილა. გალავნის შიგნით შიდაციხეა. ქალაქიდან ის სპეციალურად აგებული გალავნის კედლითაა გამოყოფილი. კედელში ქალაქში შესასვლელი ერთადერთი კარიბჭეა. ციხეს სამი საბრძოლო კოშკი ჰქონდა. ყველა მათგანი სამხრეთის მხარეზეა განლაგებული. შიდაციხეში რამდენიმე საცხოვრებელი ნაგებობაა, რომელთაგან 3 მაინც მნიშვნელოვანი პიროვნების, წარჩინებულის სასახლე უნდა იყოს. აღსანიშნავია 200 მეტრის სიგრძის წყალსაზიდი საიდუმლო გვირაბი, რომლითაც, ალბათ, ქალაქი ალყის დროს წყლით მარაგდებოდა. ქალაქის სამხრეთით გარეუბანია, რომელიც ფინეზაურის ორივე ნაპირზეა განლაგებული. მარცხენა სანაპიროზე სასაფლაოები და სასაფლაოს ეკლესია ყოფილა. ჩანს წისქვილების კვალი. მარჯვენა სანაპიროზე აბანოები იყო. დმანისის ნაქალაქარი რამდენიმე ეკლესიას მოიცავს, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია დმანისის სიონი.
დმანისის სიონი
დმანისის სიონი (დმანისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი) ნაქალაქარის ცენტრში მდებარეობს. ის სამეკლესიიანი ბაზილიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. სამი წაგრძელებული, კედლებით გამოყოფილი სადგომი ერთმანეთის კარებით უკავშირდება. შუა სადგომი დანარჩენ ორზე რამდენადმე მაღალი და ფართოა. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია, გვერდითი ნაწილები მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული. ეკლესია ნაგებია მცირე ზომის რუხი ფერის ქვით, გამოყენებულია ასევე აგური და რიყის ქვებიც. კონცენტრულად მნიშვნელოვანი ნაწილები ამოყვანილია სუფთად გათლილი კვადრებით. სარკმლები წითელი თირის კვადრებითაა შემოსილი. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩასმულია წითელი ქვა, რომელზეც ბოლნური ჯვარია გამოსახული. ტაძარს სამხრეთიდან კარიბჭე და სანათლავი აქვს მიშენებული, ჩრდილოეთის მხრიდან კი - სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა, საკურთხეველში შემორჩენილია XIII-XIV საუკუნეების მოხატულობა: წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. კარიბჭე სტილითა და მორთულობის ხასიათითძირითადი ნაგებობისგან განსხვავდება. კარიბჭის სამივე ფასადი, ყველა სვეტი და თაღი ღია მწვანე თლილი ქვის ფილებითაა მოპირკეთებული. გადახურულია ოთხ ბოძზე ამოყვანილი, თაღებზე დაყრდნობილი კამარით. კარიბჭეს სამი წარწერა აქვს, ერთ-ერთში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი. დმანისის სიონის აღმოსავლეთ მხარეს აღმართულია გეგმით ოთხკუთხა სამრეკლო, რომელიც მრავალჯერ არის გადაკეთებული.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა