დმანისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან იწყება. აქ ცხოვრობდნენ პირველი ევროპელები, ზეზვა და მზია, 1.8 მილიონი წლის წინ. დმანისში გამოვლენილია ასევე გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები. სოფელ ყარაბულახთან ახლოს მდებარეობს ზურტაკეთის ყორღანებიც, რომელიც თრიალეთის კულტურას მიეკუთვნება და უნიკალურია თავისი პეტროგლიფებით. ისტორიულ წყაროებში დმანისი პირველად VI საუკუნეში იხსენიება. სახელწოდება „დმანისი“ ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, იგივე „დბანისი“ უნდა იყოს და მისი აზრით, იგი „დაბის“ ან „დაბებისგან“ არის წარმოქმნილი. დმანისის მუნიციპალიტეტი ისტორიული რეგიონების – ზურტაკეტისა და დმანისხევის ტერიტორიებს მოიცავს. განვითარებულ შუასაუკუნეებში იგი სამეფო საკუთრებას წარმოადგენდა. დმანისი მთელ ქვემო ქართლთან ერთად ხანგრძლივი დროით იყო სხვადასხვა დამპყრობლის ბატონობის ქვეშ, თუმცა, მიუხედავად ამისა, სწრაფად ხდებოდა ეკონომიკისა და კულტურის აღორძინება და რაიონის ტერიტორიაზე მრავალი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლია შემორჩენილი. დმანისი ცალკე რაიონი 1933 წელს გახდა. დღესდღეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს თეატრი, 21 ბიბლიოთეკა, გამოდის ადგილობრივი გაზეთი. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა. წამყვანი დარგებია მეკარტოფილეობა და მეცხოველეობა. ასევე მოჰყავთ ხორბალი, სიმინდი და ბოსტნეული. დმანისის რაიონი ბუნებითა და ისტორიული ძეგლების სიმრავლით უამრავ ტურისტს იზიდავს. ულამაზესი გარემო, პატარა ტბები, შუასაუკუნოვანი ტაძრები და რა თქმა უნდა, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.
გეოგრაფია და კლიმატი
დმანისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი დმანისი. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან წალკის რაიონი ესაზღვრება, აღმოსავლეთით - თეთრიწყარო და ბოლნისი, დასავლეთით კი - ნინოწმინდა. დმანისის მუნიციპალიტეტი მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს: ქ. დმანისი, ამამლო, განთიადი, გომარეთი, გუგუთი, დიდი დმანისი, დმანისის თემი, ირგანჩაი, იფნარი, კამარლო, ყარაბულაღი, ყიზილქილისა, მაშავერა, ოროზმანი, საკირე, სარკინეთი. რაიონის დასავლეთ ნაწილში ჯავახეთის ვულკანური ქედი მდებარეობს, სამხრეთით ლოქის ქედია განფენილი, კვირიკეთისა და შინდლარის მთიან მასივებს შორის გომარეთის პლატოა მოქცეული. მდინარე მაშავრის ზემო დინების აუზში კი დმანისის პლატო მდებარეობს, რომელიც შინდლარის მასივით, ლოქის ქედითა და ჯავახეთის ქედის კალთებითაა შემოფარგლული. მუნიციპალიტეტს ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელი ახასიათებს. რაიონის მთავარი მდინარეა მაშავერა. დმანისის ტერიტორიაზე გვხვდება ტბებიც (კაინეგოლის ტბა, კარაგოლის ტბა, ჭოჭიანის ტბა, ჭამლიგოლის ტბა, იალაგოლის ტბა, პანტიანის ტბა და ა.შ). მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. რაიონის ტყეებში გვხვდება: აღმოსავლური წიფელი, მუხა, ფიჭვი, ნეკერჩხალი, ცირცელი, წიფელი, კლდის ქსეროფიტები და მრავალი სხვა. აქ ბინადრობენ: მგელი, მელა, ტყის კატა, კურდღელი, შველი, მურა დათვი, გარეული ღორი, გნოლი, კაკაბი, ტყის ქათამი, ხოხობი და ა.შ.
დმანისის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ხანგრძლივი, ცივი ზამთრითა და თბილი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა დასავლეთ ნაწილში 3°C, აღმოსავლეთ ნაწილში კი - 12°C. იანვრის საშუალო ტემპემპერატურა –10°C-დან –2°Cმდეა, ივლისისა კი - 13°C-დან 23°C-მდე.
რა ვნახოთ
დმანისის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ტბები, ტყეები, გაშლილი სივრცეები და ლამაზი მინდვრები შესანიშნავია პიკნიკისა და ბუნებაში განტვირთვისთვის. გარდა ბუნების მრავალფეროვნებისა დმანისში მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტრული ძეგლის მონახულებაც შეგიძლიათ. განსაკუთრებულად გამორჩეულია დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც ადრეპალეოლითურ, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანისა და შუასაუკუნეების ფენებს მოიცავს. დმანისის მუზეუმში 2345 ექსპონატია წარმოდგენილი. ასევე გახსნილია საველე-არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს უშუალოდ მიადევნოს თვალი არქეოლოგების მუშაობის პროცესს. დმანისში მდებარეობს აგრეთვე: მოდიმნახეს ციხე, XII საუკუნის ამამლოს თამარის ეკლესია, ზემო ყარაბულახის X-XI საუკუნეების ეკლესია და ხიდი, მამულას ღვთისმშობლის ეკლესია, პატარა დმანისის წმინდა ბარბარე და მრავალი სხვა. რაიონში მდებარე მრავალფეროვანი, სხვადასხვა პერიოდის ძეგლები საქართველოს ისტორიული წარსულისა და კულტურული განვითარების ნათელ სურათს გვიშლიან თვალწინ, პირველი ევროპელების, ზეზვასა და მზიას, ყოფა-ცხოვრებით დაწყებული განვითარებულ შუასაუკუნეებამდე.
ბუნება
კულტურული ძეგლები
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა