
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ეს მარშრუტი არის მათთვის, ვისაც ნამდვილი თავგადასავალი სწყურია და სურს საკუთარი ძალები გამოსცადოს. თუ საკუთარი თავის იმედი გაქვთ ეს მარშრუტი სწორედ თქვენთვისაა. მარშრუტი გაივლის სოფელ ფერსაში, ხანში, საკრაულასა და ტაბაკინში. აქ შეხვდებით მესხეთისა და იმერეთის ბუნების მშვენიერებებს, ნისლში გახვეულ ალპურ მდელოებს, სტუმართმოყვარე მწყემსებს, რომლებიც სიამოვნებით გაგიმასპინძლდებიან, თვალუწვდენელ ხეობებს, იხილავთ ხედებს დასავლეთ და სამხრეთ საქართველოზე, თუ ამინდში გაგიმართლებთ კავკასიონის მწვერვალიბიც მიიპყრობენ თქვენს ყურადღბას. ეს მარშრუტი ძალიან ცოტამ თუ იცის, აქედან გამომდინარე აქ მოგზაურობა იქნება ახალი გამოცდილება და უცნობი ადგილების მონახულების შესაძლებლობა. გაივლით მესხეთის ქედის უცნობ და ულამაზეს ადგილებს, მათ შორის, მარშრუტის ნაწილი გადის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, თუმცა ამ ადგილებში მწყემსების გარდა არავინ დადის. მარშრუტზე შეგხვდებათ ულამაზესი საბანაკე ადგილები და არც უწყლობა შეგაწუხებთ.
მარშრუტის მთლიანი გასავლელი მანძილი შეადგენს 73 კილომეტრს, რომლის დასაფარადაც დაგჭირდებათ 4 დღე. მარშრუტის განმავლობაში გიწევთ ასწიოთ 1470 მეტრი და დაეშვათ 2170 მეტრი, ხოლო უმაღლესი წერტილი, რომელსაც მიაღწევთ მარშრუტის განმავლობაში მდებარეობს მესხეთის ქედზე, 2470 მეტრზე ზღვის დონიდან. მარშრუტი იწყება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსადან, ადის მესხეთის ქედზე, მოკლე მონაკვეთში მიუყვება ქედს და შემდეგ ეშვება სოფელ ხანში. სოფელ ხანიდან მთა კინკილეთის მიმდებარედ გადადის სოფელ საკრაულაში, ხოლო შემდეგ წვერი-ალხაპირის ქედის გადაკვეთით ჩადის სოფელ ტაბაკინში.
მარშრუტის განმავლობაში გიწევთ 7-8 საათი სიარული დღში, გარდა მეოთხე დღისა, როცა მანძილს 3-4 საათში დაფარავთ. მარშრუტი ძირითადად მიუყვება გრუნტოვან გზას, თუმცა გვხვდება კლდოვანი და მაღალ ბალახიანი მონაკვეთებიც. ბილიკი გაივლის როგორც ტყიან, ისე ალპურ ზონებს.
მარშრუტზე გვხვდება მეტად კარგი საბანაკე ადგილები. პირველ და მეორე ღამეს შეგიძლიათ დაბანაკდეთ მწყემსის ქოხში, ან სასურველ ადგილას გაშალოთ კარავი. პირველ დღეს დასაბანაკებელი მწყემსის ქოხი მდებარეობს მთა ციხისძირის სამხრეთით, მდინარე ბარათხევის სათავესთან. საბანაკის გარშემო არის ტყე და შეშის მოგროვება პრობლემას არ წარმოადგენს. წყალიც შეგიძლიათ იქვე შეავსოთ, მწყემსის ქოხებთან დაგხვდებათ წყარო, ცოტა მოშორებით კი პატარა ხევი. მეორე დღეს დასაბანაკებელი ადგილი ასევე მწყემსის ქოხია, რომელიც მდებარეობს სოფელ ხანიდან სამხრეთით 6 კილომეტრში, ტყიან ზონაში. იქვე არის წყარო, ასევე შეძლებთ შეშის მოგროვებასაც. მესამე დღეს დასაბანაკებელი ადგილი არის სოფელი საკრაულა, სადაც შეავსებთ წყალს, დაანთებთ კოცონს და დაისვენებთ.
მარშრუტზე დაგჭირდებათ კარგი სალაშქრო ფეხსაცმელები, სალაშქრო ჯოხები, ზურგჩანთა, თბილი საძილე ტომარა და თბილი მოსაცმელი, საგებელი, კარავი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, წყალი 1-1.5 ლიტრი, შესაძლებელია გზაზე შევსებაც, მზის სათვალე და მზისგან დამცავი საშუალებები, რადგან მოგიწევთ სიარული ალპურ ზონაში, ასევე ფანარი, პირადი აფთიაქი. თან უნდა იქონიოთ 4 დღის სამყოფი საკვები. ამასთან, სასურველია მწყემსის სადგომებთან მიახლოებისას აცნობოთ მესაქონლეებს თქვენი გამოჩენის შესახებ, რათა თავიდან აირიდოთ ძაღლებთან უსიამოვნება.
მარშრუტი იწყება სოფელ ფერსაში, საიდანაც იწყებთ ფეხით სიარულს. თავდაპირველად ბილიკი მიუყვება სამანქანე გზას სოფლის ჩრდილოეთ ხეობაში. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მიმართულება იცვლება და მიემართება ჩრდილო დასავლეთით, ჯერ ადის ქედზე, ხოლო შემდეგ მიუყვება ქედის ჩრდილოეთ ფერდობს, რომელიც წარმოადგენს გაუკვალავ მონაკვეთს და საკმაოდ რთულია. პირველ დღეს ასაწევი სიმაღლე შეადგენს 1200 მეტრს,ეშვებით 200 მეტრს. ხოლო საბანაკემდე გასავლელი მანძილი 20 კილომეტრს, რომლის გასავლელადაც დაგჭირდებათ 7-8 საათი. წყლის შევსება შესაძლებელია როგორც გზაზე, ისევე საბანაკე ადგილას, რომელიც მდებარეობს მთა ციხისძირის სამხრეთით, მდინარე ბარათხევის სათავესთან. დღის განმავლობაში თქვენს თვალწინ გადაიშლება სამხრეთ საქართველოს თვალწარმტაცი ხედები, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ულამაზესი ტყეები, თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილები და საქართველოს სამხრეთ საზღვარზე არსებული მთიანეთი.
მეორე დღეს მოძრაობას აგრძელებთ ჩრდილოეთით, ქედის მიმართულებით, სადაც ბილიკი მიუყვება ელექტროგადამცემ ანძებს. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ გადიხართ სახელდობრ მესხეთის ქედზე, რომელსაც მიუყვებით აღმოსავლეთით, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთით ეშვებით სოფელ ხანისკენ. საბანაკე მდებარეობს ხანიდან 6 კილომეტრში, სადაც დაგხვდებათ წყარო და მწყემსის ბინები. მეორე დღეს გასავლელი მანძილი შეადგენს 22 კილომეტრს, რომლის გასავლელადაც დაგჭირდებათ 7-8 საათი, ასაწევი სიმაღლე 470 მეტრს, ხოლო ეშვებით 1120 მეტრს. დღის განმავლობაში შეგხვდებათ რამდენიმე მწყემსის სადგომი, სადაც შეძლებთ წყლის შევსებას. ბილიკზე მოძრაობისას იხილავთ მესხეთის ქედის ალპურ მდელოებს, ხოლო კარგი ამინდის შემთხვევაში დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს უმეტეს ნაწილს, მათ შორის კავკასიონის მარად დათოვლილ მწვერვალებს.
მესამე დღეს იწყებთ მოძრაობას სოფელ ხანისკენ. ბილიკი მიუყვება სამანქანე გზას და არის ადვილად გავლადი. სოფელ ხანის შემდეგ ბილიკი შედის ხეობაში ჩრდილოეთის მიმართულებით, გადადის მთა კინკილეთის მიმდებარედ და ჩადის სოფელ საკრაულაში. მესამე დღეს გასავლელი მანილია 23 კილომეტრი. მის გასავლელად დაგჭირდებათ 8-9 საათი. ასაწევი სიმაღლეა 800 მეტრი, ხოლო დასაწევი-900 მეტრი. დაბანაკებას შეძლებთ სოფელ საკრაულას მიმდებარედ. გზაში წყლის მოპოვება არ წარმოადგენს პრობლემას. ამ დღის მთავარი ღირსშესანიშნაობა არის ხანის ჩანჩქერი, რომელიც შეგიძლიათ მოინახულოთ სურვილის შემთხვევაში.
მეოთხე დღეს ბრუნდებით სახლში. სოფელ საკრაულადან ჩრდილოეთით საფეხმავლო ბილიკი შედის ხეობაში, ადის წვერი-ალხაპირის ქედზე მთა შუბაქედის მიმდებარედ, შემდეგ მიმართულებას იცვლის ჩრდილო აღმოსავლეთით და ეშვება სოფელ ტაბაკინში, საიდანაც ჩახვალთ ზესტაფონში და გაემგზვრებით თბილისში. ამ დღეს გასავლელი მანძილი დაახლოებით 8 კილომეტრია, რომელსაც 3 საათში დაფარავთ, ასაწევი სიმაღლე 350 მეტრი, ხოლო გიწევთ 500 მეტრის დაწევა. გზად შეგიძლიათ მოინახულოთ მწვანეში ჩაფლული ტაბაკინის მამათა მონასტერი და დატკბეთ ხედებით იმერეთზე.
საწყის წერტილამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ ნებისმიერი ტიპის ავტომობილით, ასევე შეგიძლიათ გაყვეთ თბილისიდან ახალციხის მიკროავტობუსს დიდუბის ავტოსადგურიდან და ჩამოხვიდეთ სოფელ ფერსასთან. სოფელ ტაბაკინიდან ზესტაფონამდე შეგიძლიათ ისარგებლოთ მიკროავტობუსით, რომლებიც სოფლის ცენტრიდან დადიან ზესტაფონის მიმართულებით, ან გაყვეთ ტაქსს, რომელიც საკმაოდ ხშირად მოძრაობს.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა