გოგიჩაანთ ღელის ქვის დარბაზები მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭობისხევში.
მტკვრის ხეობის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი, ტყით დაფარული მთის შუაწელზე გრანდიოზული ნამოსახლარის ნანგრევებია დაცული. ნამოსახლარი ტერასულად მიუყვება მთის მორკალურ რელიეფს და სოლისებრად სრულდება მთის წვერზე. ამჟამინდელი სამანქანო გზა თითქოს შემოსაზღვრავს ნამოსახლარის ხილულ ნაწილს. კომპლექსი მშენებლობის ორ ძირითად ეტაპს შეიცავს: წინარექრისტიანულსა და ქრისტიანულს. მის ცენტრალურ მონაკვეთში, წინარექრისტიანული პერიოდის უმნიშვნელოვანესი, შესანიშნავად შემორჩენილი, ქვის კონუსურ-გუმბათიანი დარბაზების ჯგუფია, რომლის გარშემო, უკვე ქრისტიანულ პერიოდში, შუასაუკუნეების ნამოსახლარი განვითარდა. კომპლექსის განსაკუთრებული მნიშვნელობა ძირითადად განისაზღვრება სწორედ ამ არქაულ ნაგებობათა ჯგუფით, რომლის ცენტრალური ნაგებობა წარმოადგენს მშრალი "ციკლოპური" წყობით ნაგებ მრგვალ სადგომს, დაგვირგვინებულს კონუსური გუმბათით და ღიობით (საკვამურით) გუმბათის ცენტრში. მეგალითური კულტურის ეს შესანიშნავი ნიმუში გამოირჩევა თავისი მასშტაბით, განსაკუთრებული მხატვრული გადაწყვეტით, რაც სხვადასხვა ზომისა და კონფიგურაციის ქვებისგან შედგენილი კედლის ცხოველხატულ, დინამიურ ნახატში ვლინდება. მისი კედელი, რომელიც ძირიდანვე იწყებს შევიწროვებას ზესწრაფულ, მოძრავ სვლას ქმნის ცენტრისკენ და ცრუ-გუმბათით სრულდება. აღსანიშნავია მშენებლობის ტექნიკაც. ინტერიერში, ბაზალტის ჯიშის ფორებიანი ქვის მოსწორებული ზედაპირის შიდა პირი შეთხელებულია, რაც სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვების ერთმანეთში მჭიდროდ მორგების საშუალებას იძლევა. ჭობისხევის დარბაზები, თავისი მხატვრული-ისტორილი ღირებულებით მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ მსაგავსი სტრუქტურის ნაგებობები საქართველოს ზოგიერთ კუთხეში, განსაკუთრებით, კი სწორედ ბორჯომის ხეობაში არაერთგზის გვხვდება, ჭობისხევის "დარბაზები" განსაკუთრებული მხატვრულ-კომპოზიციური მნიშვნელობისაა და გამორჩეულია როგორც მშენებლობის თავისებური ტექნიკით, ასევე მასშტაბით. გარდა ამისა, ჭობისხევის კომპლექსი საინტერესო და საყურადღებოა გეგმარებით-კომპოზიციური თვალსაზრისითაც, იმით, რომ აქ, ერთ ორგანიზმად არის გაერთიანებული ორი განსხვავებული ეპოქა: წინარექრისტიანული და ქრისტიანული. ძველის გამოყენება და მისი ორგანული, ლოგიკური ჩართვა ახალ სივრცით-კომპოზიციურ სტრუქტურაში ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ამ შესანიშნავ კომპლექსს. ქრისტიანული პერიოდის ნამოსახლარი გამოირჩევა შედარებით მცირე ზომის ქვების წყობით. საცხოვრებელი უჯრედები შედგება საშუალო ზომის სწორკუთხა კომპარტიმენტებისგან, რომლებიც ერთმანეთის გვერდით არის განთავსებული. ზოგ შემთხვევაში იკითხება ოთახების გამაერთიანებალი ოთხკუთხა წინკარიც. კომპლექსის შუა წელში, ცენტრალურ მონაკვეთში ეკლესია იყო აღმართული, ამჟამად მისგან მხოლოდ საკურთხევლის ფრაგმენტია შემორჩენილი, იქვე ქვაში ამოკვეთილი ჯვარია დაცული. ეკლესია ნაგებია თბილი ტონალობის, მოოხრისფრო ფერის ქვიშაქვის თლილი კვადრებით, კირის ხსნარზე. ინტერესი ჭობისხევის კომპლექსის მიმართ დიდია. არსებობს მრავალი მოსაზრება მისი წარმომავლობის, ფუნქციის და თარიღის შესახებ. ამ კომპლექსის გამოვლენა და საფუძვლიანი შესწავლა შუქს მოფენს ამ არქიტექტურული ტიპის არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ნიმუშების გენეზისის საკითხს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა