გონიოს ციხე, აფსაროსი — (I საუკუნის) ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ზღვისპირა კურორტ გონიოში. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი მდებარეობს ისტორიული ჭანეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭოროხის შავი ზღვის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე, ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ. დაშორებით.
გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შიდა რეგიონებს აკავშირებდა შავი ზღვის სანაპიროსთან. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შიდა რეგიონებს აკავშირებდა შავი ზღვის სანაპიროსთან. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.
გონიოს ციხეში 2010 წლიდან მოქმედებს მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე დათარიღებული ექსპონატები ინახება.
არქიტექტურა
გონიოს ციხე ფორმით სწორკუთხედია; მისი სიგრძე 228 მეტრი, ხოლო სიგანე 195 მეტრია. ციხის ფართობი 44.460 კვ. მ. უდრის. გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია.
გონიო რთული ნაგებობაა თავისი კოშკებით და მინაშენ-დანაშენებით. ციხემ თავისი არსებობის მანძილზე არაერთი აღდგენა-რესტავრაცია განუცდია. გალავნის კედლებში აშკარად გამოიყოფა მშენებლობის რამდენიმე ფენა. მათგან უძველესია სწორხაზოვანი ნაწყობი დიდი და ფაქიზად გათლილი კვადრები, ხოლო უახლესი — კედლების ზემო ნაწილში რიყის ქვის ფენა (უსწორმასწორო წყობა). ეს უკანასკნელი XVI საუკუნის შუახანით თარიღდება, როდესაც როგორც წყაროები გვამცნობენ, ოსმალებმა „აღაშენეს“ (ე. ი. დააშენეს) ახლად მიტაცებული გონია.
რაც შეეხება ციხის უძველეს ფენას, იგი ბუმბერაზული თლილი ლოდებით არის ნაშენი. ხშირია ერთი მეტრის სისქის ლოდები, რომელთაც საშუალოდ 80 სმ. სიმაღლე აქვთ, სისქე კი 70 სმ. კედლების ეს ქვემო ნაწილი ყველაზე ძველია. მისი სიმაღლე ხუთი მეტრია, ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული, შვიდი მეტრი. ამ კედლის სისქე ზემო ნაწილში მეტრნახევარია. არქეოლოგიური მასალებისა და ბერძნულ-რომაულ მწერლობაში დაცული ცნობების მიხედვით წინაფეოდალური ხანით თარიღდება.
კედლები საერთოდ საკმაოდ კარგად არის დაცული. კედლის ქვები ერთმანეთთან შეკრულია კირის დუღაბით. ადგილობრივი თქმულებით, ქვები ასე მოუზიდავთ: „კვარიათიდან გონიამდე ჩამწკრივებული ხალხი ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემდა ქვებსო“. თქმულება, ალბათ, ეხება გვიანდელი დანაშენის წვრილი ქვების მოზიდვას, თორემ ქვედა კედლების დიდი ლოდების მოზიდვა კამეჩის ურმებითაც კი საძნელო იქნებოდა.
აქვე არის ბიზანტიური ეპოქის (VI-VII სს.) ნაშენობათა ფენა. გარკვეული სარესტავრაციო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო გონიაში გენუელთა ყოფნის ხანაშიც (XIII-XIV სს.). ამ უკანასკნელთ რომ აქ მშენებლობა უწარმოებიათ, ამას ადასტურებს ის გადმოცემაც, რომელიც ამ ციხის „აშენებას“ გენუელებს მიაწერს. ამავე თვალსაზრისით საგულისხმოა ისიც, რომ თვით სახელწოდება გონია სახენაცვალი ფორმაა გენუა-სი.
ასე რომ, ოთხი სამშენებლო ფენა, თუ მეტი არა, გონიაში უდავოთ იჩენს თავს.
ციხის გალავანს გარედან მიშენებული აქვს ერთმანეთისაგან თითქმის თანაბარ მანძილზე დაშორებული 18 კოშკი; მათ შორის ყველაზე დიდია ოთხი კოშკი, რომლებიც აღმართულია გალავნის კუთხეებთან. თიოეულ კოშკთან ციხის შიგნით ქვის კიბეა.
ციხის შიგნით შუა მოედანზე შედარებით გვიანდელი ნაგებობის დიდი ჯამეა, ხოლო მიწაში გვირაბებია დარჩენილი.
გამოწვეული არევ-დარევით და წარწერიანი ქვა წაუღია. ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში ციხის მთავარ შესასვლელში მთლიანად დაცული ყოფილა ძვირფასად მოჩუქურთმებული კარები. ამ კარების შესახებ 1915 წელს შემდეგს წერდა პროფესორი ანდრეი კრასნოვი: „ჯერ კიდევ ახლახან დაცული იყო იშვიათი ნაკეთობის კარები, მაგრამ ეს კარები უცხოელებმა არქეოლოგებმა წაიღეს და თანამედროვე დამთვალიერებლებს დაუტოვეს მხოლოდ ნაკლებად საინტერესო ნანგრევებიო“.
ისტორია
გონიო-აფსაროსის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული არგონავტების მითთან. ცნობილია, რომ სწორედ აქ დაკრძალა მეფე აიეტმა თავისი ვაჟი აფსაროსი, რომელიც გაქცეულმა იასონმა მოკლა. გადმოცემის მიხედვით, აქვეა დაკრძალული ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი, მატათა.
ძველად ციხეს გვერდით ჭოროხის მარცხენა შენაკადი ჩამოდიოდა. ხალხურ თქმულებებში თავისებურად აღბეჭდილია ეს ფაქტი. თქმულებების მიხედვით, ციხეს უწინ თურმე ჭოროხი ჩამოუვლიდა და ციხის მახლობლადიქვე ზღვას ერთვოდაო. გადმოცემის მიხედვით, ამ მდინარეს უწინ სანაოსნო მნიშვნელობა ჰქონია: აქედან ძველად ნავებით ართვინში გადადიოდნენო. დროთა განმავლობაში ჭოროხის ეს ტოტი ჩაკეტილა და ტბად გადაქცეულა. ასე შექმნილა ტბა, რომელიც დღეს გონიოს ტბის სახელითაა ცნობილი.
2015 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა რომაული პერიოდის ყაზარმის ნაშთები, მინის ნაწარმი, მონეტები, აგრეთვე პირველი საუკუნის მეორე ნახევრის აბანოს ნაშთები, სადაც წარმოდგენილია იმ პერიოდის წყლის რეზერვუარები, ციხის ტერიტორიის ქვაფენილები და აბანოს მოზაიკა საკმაოდ დიდი ტერიტორიაზე. მოზაიკა ძირითადად შესრულებულია მოვარდისფრო და მუქი ფერრის ქვების მონაცვლეობთ. წარმოდგენილია სხვადასხვა სახის გეომეტრიული ორნამენტები, უმთავრესად- ჭადრაკისა და რომბისებურივ ფორმის ორნამენტები. ახალსოფლის თავში აღმოჩნდა მონუმენტური ეკლესიის ნაშთები, რომელიც დათარიღებულია ახალი საუკუნის წელთააღრიცხვის მე-6 საუკუნით. მისი ზომები არის - სიგრძე 24 და სიფართე - 18 მეტრამდე და საკმაოდ კარგად არის შემონახული.
გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა. II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების ნაგებობები: აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები, წყლის სისტემები ჭები და ა.შ. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები (გენუა და სხვა) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი.
გვიან შუა საუკუნეებში გონია და რკინის პალოს მთის აქეთური ჭანეთი ხან ჯაყელთა მფლობელობაშია და ხან — ვარდანიძეების. 1547 წელს ჭანეთი გონიითურთ ოსმალებმა დაიპყრეს. ვარდანიძე-გურიელთა ბრძოლას გონია-ჭანეთის გამოხსნისათვის შედეგი არ მოჰყოლია. თურქთა მფლობელობაში დარჩა 1878 წლამდე, როდესაც სან-სტეფანოს ზავით აჭარასთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, შესვლა ფასიანია?
დიახ, ფასიანია