ჰუჯაბი XIII საუკუნის სამონასტრო კომპლექსია, რომელიც ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახქერფის მახლობლად მდებარეობს (ამჟამად სომხეთის კონტროლირებადი ტერიტორია). იგი ქართულ წყაროებში პირველად 1721 წელს იხსენიება. ჰუჯაბის მამათა მონასტერი მტრის ერთ-ერთი შემოსევის დროს დაცარიელდა. 1905 წელს აქ რუსეთის მართლმადიდებლური დედათა მონასტერი ჩამოყალიბდა, რომელმაც 1935 წლამდე იარსება. დედათა მონასტრის წინამძღვრის - იღუმენია პავლას ნაამბობიდან ირკვევა, რომ 1935 წელს ჰუჯაბის მონასტრიდან დედები გაურკვეველი მიზეზით განუდევნიათ. მათ სოფლ ახქერფს შეაფარეს თავი და იქ მოაწყვეს სამლოცველოც ერთ-ერთ საცხოვრებელში. საბჭოთა კავშირის პერიოდში ჰუჯაბის ტაძარი საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული. ძეგლის ქართულობას ადასტურებს, როგორც არქიტექტურული თავისებურებები, ასევე ეკლესიის ქართული წარწერები. ტაძარი მდებარეობს საქართველოსა და სომხეთის საზღვართან ახლოს. ტერიტორიული კუთვნილება მას შემდეგ გახდა საკამათო, რაც 2005 წელს ტელეკომპანია „მზის“ გადამღებ ჯგუფს, რომელიც ჰუჯაბის კადრებს იღებდა, სომეხმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს. მედიაში გავრცელდა სტატიები, რომელთა მიხედვითაც მესაზღვრეებმა უკანონოდ გადმოწიეს საზღვარი, რის შედეგადაც ჰუჯაბი სომხეთის კონტროლის ქვეშ მოექცა.
არქიტექტურა
ჰუჯაბი ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ტაძარია. იგი წყლისკენ დაქანებული ფერდობის ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე დგას, რომლის აღმოსავლეთ ფასადი მკვეთრად დახრილ კლდოვან ზედაპირს ებჯინება. ნაგებობას სამსაფეხუროვანი ცოკოლი აქვს. ცოკოლის ზედა საფეხური ლილვოვანია, ქვედა ორი კი - სწორკუთხა. ფასადები მოპირკეთებულია მუქი მოიისფრო ქვის ფილებით, მხატვრულ აქცენტებად ჩართულია მოყვითალო ქვის ფილები.საკურთხევლის აფსიდი დარბაზის მხარეს გახნსილ სამკვეთლოს გასასვლელით უერთდება, რომელსაც სადიაკვნეს მხარეს იგივე ზომის ნიშა ცვლის. სადიაკვნეს კარის ნახევარწრიული თაღის გარდა, ტაძრის ყველა თაღი შეისრულია. ტაძრის ინტერიერის შელესილობა ნაწილობრივ ჩამოცვენილია და ჩანს აგურის წყობა. სადიაკვენში ნალესობაზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. კამარებზე საუფლო დღესასწაულთა სცენებია დარჩენილი გამოსახული. ჩრდილოეთ კედელზე გვხვდება საქტიტორო გამოსახულება. აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებზე გაირჩევა ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერების კვალი. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე მცირე სიღრმის სამკუთხა ნიშებია, რომელთა თაღები ფესტონებითაა შემკული. ნიშებს შორის სამი სარკმელია გაჭრილი. სარკმლებს მოჩუქურთმებული საპირეები და ლილვები ევლებათ. სამხრეთ ფასადის მკლავის არეში გაჭრილ წყვილ სარკმელს შორის მოყვითალო ქვებისგან ნაწყობი ჯვრის კომპოზიციაა, რომლის ორნამენტით მორთული მკლავები ფასადის მუქ მოიისფრო ფონზე, ცხოველხატულ გამოსახულებას ქმნის. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. დასავლეთისა და სამხრეთის პორტალებს სარკმლების შესატყვისი მორთულობა აქვთ. ჩრდილოეთის შესასვლელი სადაა. დასავლეთ ფასადის წინ, ხელოვნური ბაქანის ვიწრო ზოლზე, თაღებით გახსნილი სამნაწილიანი კარიბჭეა მიშენებული. გუმბათის ყელი თორმეტსარკმლიანია. სარკმლები მოთავსებულია წყვილი ლილვებით შექმნილ თაღედში. გუმბათის ლავგარდანსა და თაღედს შორის რელიეფური გამოსახულებებია ჩასმული. ფასადებიცა და გუმბათიც ორნაწილიანი ლავგარდნით სრულდება. ჰუჯაბის მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია გალავნის, დარბაზული ეკლესიის, სატრაპეზოსა და სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობების კვალი.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა