მარნეულის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც იმირის გორა, შულავერის გორა, რკინის კლდის ენეოლითური სადგომი და სხვა ნამოსახლარები ადასტურებს. ნამოსახლარებზე, გარდა ქვის ხანისა, გამოვლენილია ადრებრინჯაოს ხანისა და შუასაუკუნეების ფენებიც, რაც ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე ფაქტობრივად უწყვეტად არსებობდა დასახლებები. რაიონში შემორჩენილია მეგალითური ციხე-სიმაგრის ნაშთებიც. მარნეული დიდ დასახლებად სოფლების: ლომთაგორა-მარნეულის, ეკლესიის, ჭანდარ-სანდარისა და სარვანის გაერთიანების შედეგად იქცა. იგი ცალკე რაიონი 1947 წელს გახდა. დღესდღეობით მარნეულში ფუნქციონირებს უმაღლესი სასწავლებლები, 2 თეატრი, 2 მუზეუმი, ბიბლიოთეკები. ასევე მარნეულიდან მაუწყებლობს ტელერადიო კომპანია „ალგეთი“. მუნიციპალიტეტში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მარცვლეულის მეურნეობა, მებოსტნეობა, მეთამბაქოეობა, მევენახეობა, ეთერზეთოვანი კულტურების მეურნეობა, მეცხოველეობა. განვითარებულია ასევე მრეწველობაც, რაც ძირითადად მინერალურ ნედლეულსა და სასოფლო-სამერნეო ნედლეულს ემყარება. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის თბილის-ერევნის რკინიგზის ხაზი. მარნეული მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა, რითაც უამრავ ტურისტს იზიდავს. იგი საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო რაიონია მოგზაურობის მოყვარულთათვის.
გეოგრაფია და კლიმატი
მარნეულის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მარნეული. მარნეულს დასავლეთიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, ჩრდილოეთით - თეთრიწყარო, ჩრდილო-აღმოსავლეთით - გარდაბანი, სამხრეთით კი აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები. მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილი მარნეულის აკუმულაციურ ვაკეზეა გადაშლილი. რაიონის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს იაღლუჯის მაღლობი, სამხრეთ ნაწილში კი ბაბაკარის ქედია აღმართული. რაიონის ტერიტორია ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელით ხასიათდება. მარნეულის აღმოსავლეთ საზღვართან მდინარე მტკვარი ჩამოედინება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება აგრეთვე მდინარეები ხრამი და ალგეთი. მარნეულში ფლორა და ფაუნა მრავალფეროვანია. რაიონში გავრცელებულია უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგ-ეკლიანი სტეპური, ჰემიქსელური მეჩხერი, ჭალისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. გავრცელებულია ზღმარტლი, ქაცვი, ნეკერჩხალი, ქართული მუხა, კვრინჩხი და ა.შ. ტყეებში ბინადრობს მაჩვი, გარეული ღორი, თეთრყელა კვერნა და სხვა. მარნეულში თითქმის ყველგან გვხვდება ლელიანის კატა, კურდღელი, მგელი და სხვა. რაიონში უხვადაა წარმოდგენილი ორნითოფაუნაც, აქ ნხავთ ხოხობს, გნოლს, კაკაბს, ტოროლას და მრავალ სხვა ფრინველს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ზომიერად მშრალი სუბტროპიკული თბილი სტეპების ჰავაა, ცხელი ზაფხულიათა და ზომიერად ცივი ზამთრით. საშუალო წლიური ტემპერატურა 12 °C-ა, იანვრისა - 0-0,3 °C, ივლისისა კი - 24 °C.
რა ვნახოთ
მარნეულის მუნიციპალიტეტი ბუნების მრავალფეროვნებითა და სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. რაიონში ნახავთ ნახევრად-უდაბნოს, შერეული ტყეებსა და ალპურ მთებს, რაც საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობის დაგეგმვის საშუალებას გვაძლევს. გარდა ბუნების სილამაზისა მარნეულში მრავალი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლია. აქ ნახავთ ქვის ხანის ნამოსახლარებს, მეგალითური ნაგებობების ნაშთებსა და შუასაუკუნეების ტაძრებსა და ციხე-სიმაგრეებს. კარგად ცნობილი და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტებია იმირის გორა და შულავერის გორა. გამორჩეული ძეგლია ასევე რკინის კლდის ენეოლითური სადგომი, სადაც შემორჩენილია წითელი ფერის საღებავით შესრულებული სიმბოლოების ფრაგმენტები. აღსანიშნავია სამონასტრო კომპლექსი - ხუჯაბი, ხოროჟნის მონასტერი, წოფის ციხე, ოფრეთის ციხე და მრავალი სხვა. მარნეულში მდებარე ბევრი ძეგლი ძალიან დაზიანებულია, თუმცა მათი ჰარმონიული პროპორციები, მაღალმხატვრული მორთულობა და არქიტექტურული თავისებურებები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. მარნეულში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ დიდი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი.
კულტურული ძეგლები
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა