ქვემო წერაქვის სამონასტრო კომპლექსი

ქვემო წერაქვის სამონასტრო კომპლექსი

ქვემო წერაქვის სამონასტრო კომპლექსის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ქვემო წერაქვის სამონასტრო კომპლექსი ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვთან ახლოს მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს XII-XIII საუკუნეების ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას, X საუკუნის მთავარანგელოზთა ეკლესიასა და გვიანი შუასაუკუნეების წმ. გიორგის ეკლესიას, სამრეკლოს, მარანსა და გალავანს. თავად წერაქვი საკმაოდ ძველი და ისტორიული სოფელია. წერაქვის მიდამოებში დგას შუასაუკუნეების ციხე - "დიდი მზის გული” და ციხის დარბაზული ეკლესია. წერაქვიდან იყო წარმოშობით ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე - მიხეილ ჯავახიშვილი, აქვეა მისი სახლ-მუზეუმიც.


არქიტექტურა

ქვემო წერაქვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია XII-XIII საუკუნეების ორნავიანი ნაგებობაა. კლდოვან მასივზე და სამხრეთის მხრიდან ხელოვნურად აგებულ მაღალ სუბსტრუქციაზეა დაფუძნებული. ეკლესიას აქვს პროფილირებული ცოკოლი. ნაგებია ჰორიზონტალური წყობის კარგად გათლილი ქვით. გვერდითა ნავი ჩრდილოეთითაა მოქცეული და პასტოფორიუმით ბოლოვდება. იგი მთავარი სივრცისგან გამოყოფილია კვადრატული განივკვეთის ორი სვეტით. სვეტებზე სამი ნახევარწრიული თაღია გადაყვანილი, რომლებიც სადად პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა. სვეტის ბაზისები და იატაკი კლდეშია გამოკვეთილი. სეკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხველის აფსიდი კონქისკენ მსუბუქად ვიწროვდება. ორივე ნავს შვერილი აფსიდი აქვს, მთავარი ნავის აფსიდი ხუთწახნაგაა, ჩრდილოეთისა კი სამწახნაგა. შესასვლელი ორია, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე შესასვლელს ორმხრივ გახსნილი თაღიანი კარიბჭეები აქვს მიდგმული. სამხრეთ კარიბჭეს შიგნიდან ნახევრადსფერული გუმბათისებრი კამარა აქვს. სამხრეთისა და დასავლეთის სარკმლებს ერთიანი მოჩუქურთმებული საპირეები ევლება. სამხრეთის სარკმლების ორსავ მხარეს კოპები, ზემოთ კი ცხვრის თავის ფრაგმენტია დარჩენილი. აღმოსავლეთის სარკმლებს ჯვრების გამოსახულები და გადანაკეცებიანი სადა თავსართი ამკობს. ფასადებს პროფილირებული ლავგარდანი შემოუყვება.

ქვემო წერაქვის წმ. გიორგის ეკლესია XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. იგი დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ეკლესია ნაგებია წვრილი ფლეთილი ქვით. საკურთხეველსა და დასავლეთ კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია. ტაძარს სამხრეთიდან არქიტრავული შესასვლელი აქვს. ნაგებობის სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში მიდგმულია მცირე მინაშენი - ნატეხი ქვით ნაგები სამლოცველო. სამლოცველოს დასავლეთიდან აქვს არქიტრავული შესასვლელი. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში მცირე სწორკუთხა სარკმლებია გაჭრილი. დარბაზული ეკლესიისა და სამლოცველოს ფასადებს მწვანე ფერის ქვის სადა ლავგარდანი ასრულებს.

ქვემო წერაქვის მთავარანგელოზთა ეკლესია X საუკუნის დარბაზული ნაგებობაა. იგი მთავარი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, შემაღლებულ ადგილზე დგას. გეგმაში სწორკუთხედის ფორმის ეკლესია აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლის მხრიდან ეკლესიას ერთსაფეხუროვანი ფლეთილი ქვით ნაგები სუბსტრუქცია შემოუყვება, დანარჩენი მხარეები კლდის მასივშია მოქცეული. აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის სარკმლის ჩრდილოეთით მოზრდილი თაღოვანი ნიშა, ხოლო სამხრეთით სწორლითხა ფორმის ნიშაა გამოკვეთილი. ინტერიერი მთლიანად შეთეთრებულია. ტაძარს დასავლეთით არქიტრავული შესასვლელი აქვს. ეკლესია ნაგებია ფლეთილი და მოზრდილი ქვის კვადრებით დუღაბზე.

მონასტრის მთავარი ტაძრის სამხრეთით, ხელოვნურ სუბსტრუქციაზე მართკუთხა გეგმარების მქონე, ფლეთილი ქვით ნაგები მარანია მიშენებული. იგი გვიან შუასაუკუნეებს მიეკუთვნება. მარნის სამხრეთ კედელი სამი მრგვალი და ერთიც წახნაგოვანი ბურჯითაა შემტკიცებული. ნაგებობას აღმოსავლეთით მცირე საჰაერო სარკმლები აქვს. ინტერიერის კამაროვანი გადახურვა წყვილი გამბჯენი, ფლეთილი ქვით ნაგები თაღებითაა დანაწევრებული. შემორჩენილია იატაკში ჩადგმული ქვევრის ფრაგმენტები და სამაცივრო ორმო. მარანს ბრტყელი გადახურვა აქვს, რომლის თავზე ამჟამად ღია ტერასაა მოწყობილი. მარანს დასავლეთიდან არქიტრავული შესასვლელი აქვს.

წერაქვის სამონასტრო კომპლექსის ნაგებობებს ირგვლივბ რტყელი ფლეთილი და მოზრდილი ქვების მონაცვლეობით ნაგები გალავანი ერტყმის. იგი XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. გალავანი საშუალო სიმაღლისაა და ალაგ-ალაგ მრგვალი ბურჯებითაა შემტკიცებული. გალავნის სამხრეთი ნაწილი გარღვეულია. მთავარი შესასვლელი დასავლეთიდანაა, სადაც ოთხკუთხა გეგმარების მქონე, ორმხივრ თაღებით გახსნილი და ბრტყლად გადახურული კარიბჭე-სამრეკლოა მოწყობილი. კარიბჭის თაღები სუფთად ნათალი ახალი ქვებითაა გადაყვანილი. კამაროვანი ჭერი ერთი გამბჯენი თაღითაა გამაგრებული. ფასადებს ახალი ქვის სადა ლავგარდანი შემოუყვება. კარიბჭის სამხრეთ კედელი, გალავნის მსგავსად, მრგვალი ბურჯითაა შემაგრებული.

მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, ძველ საბერმონაზვნო საცხოვრებლის ადგილას, სამსართულად დაშენებული ახალი კელიები, სატრაპეზო და დამხმარე შენობებია განლაგებული. ნაგებობები აშენებულია ფლეთილი და მოზრდილი ქვებით. საცხოვრებელი შენობები აღმოსავლეთით გალავანს ებჯინება.


თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი
41.285128 , 44.675388
რეკომენდებული დრო: 1 საათი

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+6

რუკა

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქვემო წერაქვის სამონასტრო კომპლექსი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!